11:10 21-04-2016
დინამო (თბ)-ჩიხურა 3:0 - დარჩა მხოლოდ ფორმალობა... [VIDEO]
AutoSharing Option
ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება იმაში, რომ თბილისის "დინამო" "ცალი ფეხითაც" ფინალშია და დუბლის შესასრულებლადაც შემზადებულია. არადა, შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის წინათ ამავე გუნდების საჩემპიონატო მატჩში "ჩიხურამ" შეძლო და თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს 1:0 მოუგო.
თუმცა, დროის ასეთ მოკლე ინტერვალში, ერთსა და იმავე მეტოქესთან "დინამო" რომ ზედიზედ ორჯერ არ დამარცხდებოდა, გუშინდელმა მატჩმაც დაადასტურა: დამაჯერებელი (უფრო ზუსტად, კომფორტული), სამბურთიანი სხვაობით მოგების მერე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპასუხო შეხვედრა ფორმალობად იქცა...
ოთხი დღის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით, ორივე გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად იყო შეცვლილი: "დინამოს" ძირითადში დაბრუნდნენ ალექსანდრე იაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა პარუნაშვილი და გიორგი თევზაძე, ხოლო კარში ადგილი გიორგი ბეგაშვილმა დაიკავა.
რაც შეეხება "ჩიხურას", სტუმართა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ამჯერადაც ვერ დაიხმარა დავით ვოლკოვი და თორნიკე კირკიტაძე (ორივე ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი საჩხერელთა გუნდში სწორედ "დინამოდან" არის განათხოვრებული), თუმცა ბევრად უფრო სოლიდური დანაკლისი იყო საყრდენი ნახევარმცველის, დენის დობროვოლსკისა და ამ სეზონში "ჩიხურას" საუკეთესო ბომბარდირის, მიხეილ სარდალიშვილის არყოფნა.
ისე, როგორც "ჩიხურასთან" ჩემპიონატის მატჩში, დინამოელთა სლოვაკმა თავკაცმა იურაი იარაბეკმა ამჯერადაც სამმცველიანი ტაქტიკით დაიწყო თამაში, თუმცა შესვენების მერე ოთხ მცველზე გადავიდა.
"ჩიხურას" შემადგენლობა კი აშკარად დაცვაზე იყო ორიენტირებული და წინა ხაზზე ეულად მოქმედ ათლეტურ ლაშა კუჭუხიძეს ხშირად უწევდა ბურთის მისაღებად სიღრმეში ჩამოსვლა.
კუჭუხიძე და მისი პარტნიორები მატჩის საწყის წუთებში საკმაოდ აქტიურად გამოიყურებოდნენ და ერთმანეთზე უკეთესი ორი მომენტიც შექმნეს: ჯერ მარკო ვუკასოვიჩმა დაარტყა ძლიერად საჯარიმოს მისადგომებიდან და მასპინძლები უსიამოვნებას გიორგი ბეგაშვილის რეაქციამ გადაარჩინა.
მეორე ცდა კი ეფექტურ კომბინაციას მოჰყვა, რომელშიც ჭიაბერ ჭეჭელაშვილი და ზეაქტიური ლაშა კუჭუხიძე მონაწილეობდნენ, თუმცა ახალგაზრდა გარემარბის, ნიკოლოზ გაბაძის ახლო მანძილიდან დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
და აი, ამ ყველაფერს მოჰყვა დინამოელთა პირველი დარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით, თუმცა დარტყმასაც ხომ გააჩნია: ვახტანგ ჭანტურიშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან შორეულ "ცხრიანში" ჩასვა ბურთი!
მასპინძლებს ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი ჩინებული შანსი ჰქონდათ, მაგრამ ორივე ეპიზოდში დამაჯერებელი გახლდათ "ჩიხურას" ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი, რომელმაც ჯაბა ჯიღაურსა და ვახტანგ ჭანტურიშვილს არ დაანება გოლ(ებ)ის გატანა. ვიდრე მეორე ტაიმის პერიპეტიებზე გადავიდოდეთ, იმასაც ვიტყვით, რომ პირველ ტაიმში "ჩიხურას" შემადგენლობაში ... ადრეული ცვლილება არ განხორციელებულა. ასეთი რამ კი (რაც ძირითად შემადგენლობაში 21 წლამდე 2 ახალგაზრდა ფეხბურთელის სავალდებულო თამაში დაკანონდა), სეზონის დაწყებიდან, ალბათ, მესამედ თუ მეოთხედ მოხდა...
მეორე ტაიმის დასაწყისიც პირველის მსგავსად წარიმართა: სტუმართა პირველივე შეტევა, ცოტაც და, გოლით დამთავრდებოდა, მაგრამ სახიფათო სტანდარტულის ზუსტი დარტყმით დასაბოლოებლად ლაშა ჩიკვაიძეს სულ მცირედი დააკლდა. თანაც, ამ ეპიზოდში "ჩიხურას" უნივერსალმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მალე შესაცვლელიც გახდა.
სამაგიეროდ, გუშინდელ მატჩში "დინამო" მაქსიმალურად იყენებდა თავის შანსებს და პირველი გოლი თუ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიდა, დანარჩენი ორი გოლი გუნდური თამაშის შედეგი იყო.
თუმცა, არც გოლებს დაეწუნებოდათ: მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე გადასულმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა (პირველ ტაიმში მთლიანად რომ აკონტროლებდა მარჯვენა ფლანგს) საპირისპირო ფლანგზე შორეული პასით ჯაბა ჯიღაური მოძებნა, ამ უკანასკნელმა (კარიერაში, უდავოდ, საუკეთესო სეზონს რომ ატარებს) კი ერთი შეხებით ჩინებული გოლი გაიტანა.
გავიდა ხუთი წუთი და ალექსანდრე იაშვილისა და ოთარ კიტეიშვილის წამოწყებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით გიორგი ქვილითაიამ (თასის ყველა ეტაპზე რომ გაიტანა გოლი) დააგვირგვინა და გუშინდელი თამაშიც, ფაქტობრივად, აი, ამ ეპიზოდის მერე დამთავრდა.
მატჩის ბოლომდე თითქმის ნახევარი საათი რჩებოდა და სტუმრებს აქტიურობას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ გიორგი რეხვიაშვილისა და ანეჟ ლოვრეჩიჩის შორეული დარტყმები არაზუსტი გამოდგა, უკვე კომპენსირებულ დროში კი დავით მეგრელიშვილმა ძალიან მახვილი კუთხიდან კინაღამ კურიოზული გოლი გაიტანა.
თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა და "დინამოს" ბოლო ოთხ სეზონში ზედიზედ მეოთხე ფინალისათვის დამშვიდებული მზადება ელოდება, "ჩიხურა" კი ჩემპიონატიდან შეეცდება ევროტურნირებზე დაბრუნებას.
20.04. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ჩიხურა 3:0
1:0 ჭანტურიშვილი (15), 2:0 ჯიღაური (57. ჭანტურიშვილის პასით), 3:0 ქვილითაია (62. კიტეიშვილის პასით)
დინამო (3-5-2): ბეგაშვილი - რენე ფერეირა, ამისულაშვილი, გველესიანი (46. უ. ლობჟანიძე) - ჭანტურიშვილი, პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი, გ. თევზაძე - ა. იაშვილი (77. ალვარო), გ. ქვილითაია (73. ნ. გელაშვილი).
სათადარიგოები: არაბული, კაკაბაძე, ზ. ჭელიძე, ჰრდლიჩკა
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
ჩიხურა (4-1-4-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, შ. კაშია, რეხვიაშვილი, მეგრელიშვილი - ვუკასოვიჩი - ნ. გაბაძე (46. დეკანოიძე), ჭეჭელაშვილი (46. ლოვრეჩიჩი), განუგრავა, ჩიკვაიძე (56. დ. კირკიტაძე) - კუჭუხიძე.
სათადარიგოები: მუმლაძე, ჭანკოტაძე, კაკაშვილი, კუპატაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: გველესიანი (7), ქვილითაია (52), იაშვილი (54), მეგრელიშვილი (90)
არბიტრი: ლ. სილაგავა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
თვალის ოპერაცია გაიკეთე სასწრაფოთ
0
0
ჰამზიჩი არსად დაგეკარგოთ,მაგარი პიარშიკები ხართ რა.
0
0
2 ულამაზესი გოლი და თამაშის სამარცხვინოდ დაბალი ტემპი. ასე გულშემატკივარს ვერ მოიზიდავთ!
0
0
ეს ბიჭები წინა წრეში რომ ყოლოდა.ჩიხურას დარწმუნებული ვარ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ
0
0
ცხინვალმა მოუგო დინამოს ზედიზედ ორჯერ რომ იცოდეთ
0
0
აი მაგალითი იმის თუ რა ბინძური ჩემპიონატიც გვაქ, ეს შედეგი 1 კვირით ადრე დაანონსდა
0
0
ეს ბიჭები (ჯიღაური და ჭანტურიშვილი) ნამდვილ ლიდერებად ჩამოყალიბდნენ, და რაც ყველაზე აუცილებელია ფეხბურთელისთვის, სტაბილურები არიან; სერიოზულად არცერთი თამაში არ ჩაუგდიათ. ჯიღაური ისეთ ფორმაშია, რომ ყველა ადგილზე შეძლებს თამაშს, და უკვე დროა იგი ჭანტურიშვილთან ერთად ნაკრებში გამოიძახონ.
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული