საქართველოს თასი. 1/8 ფინალის წინ: ახალი ფორმატის ხიბლი

AutoSharing Option
ფოტოზე: თბილისის "დინამო" "ბორჯომთან" სათამაშოდ ემზადება
დღეს, 21 სექტემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური შეხვედრებია და ისე როგორც წინა ეტაპზე, ამჯერადაც ერთმატჩიანი დაპირისპირებებით გაირკვევა მეოთხედფინალისტთა ვინაობა.

ვიდრე მერვედფინალურ წყვილებზე გადავიდოდეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ თასის გათამაშების ახალმა ფორმატმა აშკარად მეტი ინტრიგა შესძინა ტურნირს. თასის ყველა ეტაპზე (ცხადია, ფინალის გარდა) მასპინძლის სტატუსით დაბალი ლიგის გუნდები სარგებლობენ.
ალბათ, სწორედ ამ პრივილეგიას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ წინა (ანუ, პირველ) ეტაპზე საქართველოს თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა უმაღლესი ლიგის 5 გუნდი: ბათუმის "დინამო", "საბურთალო",
"ცხინვალი", "შუქურა" და "ზუგდიდი".

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამ ხუთი გუნდიდან ზოგმა ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა პირველლიგელ მეტოქესთან, ზოგმაც - მთლიანად სარეზერვო, მაგრამ ორი ისეთი შეხვედრაც იყო, უმაღლესი ლიგის გუნდი, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით რომ გავიდა მოედანზე, მაგრამ მაინც გამოეთიშა თასისთვის ბრძოლას.

დაბოლოს, იმასაც ვიტყვით, რომ 2016 წლის ევროტურნირებზე მონაწილე ოთხივე ქართული გუნდი (თბილისის "დინამო", "სამტრედია", "დილა", "ჩიხურა") საქართველოს თასის გათამაშებაში სწორედ ახლა, მერვედფინალიდან ჩაერთვება.

21.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 16:00
ლიახვი-ლოკომოტივი
დისკვალიფიკაცია: ფირუზ მარაქველიძე (ლიახვი)

"ლიახვმა" თასის ამ გათამაშებაში ერთი სიურპრიზი უკვე შემოგვთავაზა, როცა წინა ეტაპზე უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი "შუქურა" დაამარცხა (2:0).

თუმცა, დღეს ბევრად უფრო სერიოზული მეტოქე ეყოლება: ამ სეზონში "ლოკომოტივი" ისეა დაკომპლექტებული, რომ თავისუფლად შეუძლია ორივე "ფრონტზე" წარმატებით ასპარეზობა. შეგახსენებთ, რომ ჟერარდ სარაგოსას გუნდს ჩემპიონატშიც მაღალი მიზნები აქვს და თასზეც, რაც შეიძლება, დიდხანს აპირებს შემორჩენას.

აქვე, ისიც ვთქვათ, რომ "ლოკომოტივი" საქართველოს თასის სამგზის მფლობელია, "ლიახვი" კი, მოგეხსენებათ, არცთუ დიდი ხნის წინათ აღდგა და წინა სეზონში პირველი ლიგის გამარჯვებულიც გახდა, თუმცა, ლიცენზირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უმაღლეს ლიგაში არ დაუშვეს.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ლიახვიდან" ბევრი წამყვანი ფეხბურთელიც წავიდა და, რაც მთავარია, მთავარმა მწვრთნელმა, მალხაზ ჟვანიამაც დატოვა გუნდი. თუმცა, ამჟამინდელი თავკაცის, ახალგაზრდა სპეციალისტის, ლევან ჯოხაძის განკარგულებაში კვლავაც არიან ისეთი ფეხბურთელები, სხვადასხვა დროს რომ უთამაშიათ უმაღლეს ლიგაში: ალექსანდრე ინწკირველი, ლევან შარიქაძე, გიორგი ცხადაია, ნიკა მაისურაძე, რევაზ ბარაბაძე, საბა ლომია, გიორგი ჯოხაძე და სხვები.

21.09. ზედა ეწერი. 16:00
ოდიში 1919-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: ვახტანგ კვარაცხელია (ტორპედო)

ზუგდიდის ეს გუნდი მხოლოდ წინა სეზონში გამოჩნდა პირველ ლიგაში და ურიგოდ ნამდვილად არ უასპარეზია; უკრაინელი სპეციალისტის, სერგეი ჟიცკიის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი ახლაც ლიდერთა შორის არის პირველ ლიგაში თავის ჯგუფში.

"ოდიშში" მრავლად არიან ისეთი ფეხბურთელები, სხვადასხვა დროს "ზუგდიდში" რომ გამოდიოდნენ; გუნდის უკრაინელი ლეგიონერებიც უნდა აღვნიშნოთ და რაღა თქმა უნდა, ორი ვეტერანი მცველიც: 35 წლის ლევან აკობია და 32 წლის გელა ხუბუა.

"ტორპედომ" წინა ტურში ნავსი გატეხა და ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა; თუმცა, ძნელი სათქმელია, თუ რამდენად პრიორიტეტული იქნება ამ სეზონში თასის გათამაშება "ტორპედოსთვის", მით უფრო, რომ კახა ჩხეტიანის გუნდს რამდენიმე დღეში "ქართული კლასიკო" ელოდება...

21.09. ხობი. ცენტრალური. 16:00
კოლხეთი (ხ)-ჩიხურა

წინა ეტაპზე ხობის "კოლხეთმა" ექსპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე "ცხინვალს" კი აჯობა, მაგრამ გია გურულის გუნდს მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება, ალბათ, ძალიან გაუჭირდება: "ჩიხურას" ხომ ამ სეზონში, ფაქტობრივად, ორი თანაბარი შემადგენლობა ჰყავს და საჩხერელთა გუნდის გამოცდილ თავკაცს სოსო ფრუიძეს თამამად შეუძლია როტაციის საშუალება მოახდინოს.

თუმცა, ასეთმა როტაციამ სულ ახლახან შედეგი ვერ მოიტანა ("გურიასთან" საშინაო მარცხს ვგულისხმობთ), მაგრამ მაინც გვგონია, რომ საქართველოს თასის ორგზის ფინალისტი "ჩიხურა" ამ გათამაშებაშიც ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.

დაბოლოს, ამ წყვილზე: "კოლხეთის" შემადგენლობაში კვლავაც აგრძელებენ თავის კარიერას 35 წლის ლევან ვართაგავა და 41 წლის როინ ონიანი!..

21.09. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 16:00
სიონი-კოლხეთი (ფ)

მერვედფინალების, უდავოდ, ყველაზე საინტერესო წყვილი: თასის ამ ეტაპზე ხომ მხოლოდ ერთადერთი ეს წყვილია, სადაც უმაღლესი ლიგის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს! ჰოდა, ამ წყვილში როგორ შეიძლება ფავორიტის სტატუსი რომელიმე გუნდს მიენიჭოს.

ბოლო დროს აშკარად ფორმაში შესულ "სიონსა" თუ "კოლხეთს", რომლის ასპარეზობაც თამამად შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთ სასიამოვნო სიურპრიზი...

არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის დუეტის მიერ დამოძღვრილი "სიონი" უკვე ორი მატჩია, არ აგებს და ბოლნისელებს რევანშის წყურვილიც ექნებათ: გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "კოლხეთმა" ერთი თვის წინ ჩემპიონატის მატჩში გასვლაზე მოუგო (2:0) "სიონს"...

21.09. ივანწმინდა. 16:00
ბორჯომი-დინამო (თბ)

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების აბსოლუტური რეკორდსმენი (13 ტიტული) თბილისის "დინამო", ალბათ, ყველაფერს გააკეთებს, ზედიზედ მეხუთედ რომ დაეუფლოს ამ საპატიო პრიზს.

თუმცა, იურაი იარაბეკის გუნდს მცირე ჩავარდნაც აქვს: ბოლო სამი ოფიციალური მატჩიდან ორი ფრედ ითამაშა და ერთი წააგო; თუმცა, "დინამოს" ის უპირატესობაც აქვს "ბორჯომთან", რომ კობა თედიაშვილის გუნდთან ნეიტრალურ მოედანზე (ივანწმინდაში) უნდა ითამაშოს.

...2005-09 წლებში "ბორჯომი" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა და ბოლო სეზონს თუ არ ჩავთვლით, მუდამ ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნეოდა. ეგ კი არა, სადებიუტო სეზონში (2005/06 წლების სეზონი) "ბორჯომმა" ორივე მატჩი მოუგო "დინამოს".

თუმცა, ამის მერე, ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო "დინამომ" და განსაკუთრებით ის მატჩია აღსანიშნავი, კახა კაჭარავას დამოძღვრილმა გუნდმა 2008/09 წლების სეზონის ბოლო ტურში 12:0 რომ მოუგო უკვე, ფაქტობრივად, დაშლილ "ბორჯომს".

დღესდღეობით "ბორჯომი" პირველ ლიგაშია და თავისი ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტადაც შეიძლება მოვიხსენიოთ. ამის თქმის უფლებას კი ის გვაძლევს, რომ "ბორჯომის" შემადგენლობაში ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელები გამოდიან, უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი რომ გაუტარებიათ: ბექა შეყრილაძე, ვლადიმერ ჯოჯუა, დავით ციცხვაია, ლევან თედიაშვილი, უჩა ბურძენაძე, ილია პავლიაშვილი, ალექსანდრე შენგელია და სხვები.

21.09. ვანი. გრიგოლ ნიკოლეიშვილი. 16:00
სულორი-გურია
დისკვალიფიკაცია: ამირან როხვაძე (სულორი)

"სულორმა" უკვე "მოასწრო" და ორი სენსაცია შემოგვთავაზა თასის ადრეულ ეტაპზე: ჯერ ამბიციურ "რუსთავს" მოუგო, მერე კი უმაღლესი ლიგის გუნდს "ზუგდიდს", თანაც, "ზუგდიდის" ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ლიუტიმ იმ მატჩში, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშა (6 ლეგიონერი ჰყავდა ძირითადში!).

ვნახოთ, შეძლებს თუ არა გიგა ნიკოლეიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სულორი" ბოლო დროს მართლაც ჩინებულად ათამაშებული "გურიას" დამარცხებას.

"სულორში" ორი ფეხბურთელია, ადრე არაერთი სეზონი რომ გაუტარებია უმაღლეს ლიგაში: 33 წლის ფორვარდი გაგა ჩხეტიანი და 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ნიკა კვასხვაძე.

21.09. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 16:00
მერანი-დილა

"მერანის" ირგვლივ ამ ბოლო დღეებში იმდენი ჭორ-მართალი ითქვა, რომ მართლაც ძნელია მარტვილელთა გუნდს რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი მოსთხოვოს ვინმემ; არადა, გიორგი მიქაძის გუნდში ისეთი ფეხბურთელები არიან შეკრებილნი, ამ შემადგენლობით უმაღლეს ლიგაშიც რომ ექნებოდათ ამბიციები.

ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ თასის წინა ეტაპზე "მერანმა" 2:0 მოუგო ბათუმის "დინამოს" და ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ ეს იყო (და არის) ბათუმელთა გუნდის პირველი და ერთადერთი მარცხი ამ სეზონში გამართულ ოფიციალურ მატჩებში.

აი, რაც შეეხება "დილას", უჩა სოსიაშვილის გუნდს ოფიციალურ მატჩებში სტუმრად 30 აპრილის მერე არ მოუგია...

21.09. ხარაგაული. სოსო აბაშიძე. 16:00
ჩხერიმელა-სამტრედია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ამ გათამაშების ყველაზე ხმაურიანი სენსაცია წინა ეტაპზე მოხდა, როცა "ჩხერიმელამ" შეძლო და ესპანელი სპეციალისტის, პაბლო ფრანკო მარტინის დამოძღვრილი "საბურთალო" დაამარცსა (2:1).

იმ შეხვედრაში "საბურთალოს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი კი აკლდა, მაგრამ ხარაგაულელთა გუნდის ამ წარმატებას ეს ფაქტი სულაც არ აკნინებს; მით უფრო, რომ "ჩხერიმელამ" ის მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, სამტრედიაში გამართა.

და აი, დღეს უკვე "სამტრედიას" უნდა უმასპინძლოს "ჩხერიმელამ" საკუთარ სტადიონზე და პაატა ლურსმანაშვილის გუნდიც თავის გულშემატკივრის წინაშე უბრძოლველად არაფერს დათმობს. არადა, მეტოქე მეტად და მეტად სერიოზული და ძლიერი ჰყავს: გია ცეცაძეს ამ სეზონში ისეთი გუნდი ჰყავს, მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალური მიზნებისათვის რომ უნდა იბრძოლოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩხერიმელას მიაქციოს ყურადღება ვინმემ დიდი განუკითხაობაა მათ ფინანსებში ,ნიანგები არიან დაპატრონებული ბიუჟეტს
nene
13:36 21-09-2016
0
გახსოვდეტ გურია საქარტველოს გულია და ის ყველაზე მაგარი. გურია მა მატჩს კი არა იცოდეტ ფინალსაც მოიგებს .... გველოდება თამასები სენსაციური გურიას და ბავარიას სუპერ ფინალი. . .
seseto
13:17 21-09-2016
0

სიახლეები პოპულარული