- დინამო (თბ)-ტორპედო 2:3 - გროზნის ჩამწარებული დებიუტი [VIDEO]
ორმაგი შანსი
ზურაბ ჩაკვეტაძე, ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორი: - ეს იყო ფანტასტიკური ფეხბურთი და შედეგი - ჩვენ ისევ ფინალში ვართ! კახა ჩხეტიანის მოსვლის შემდეგ გარდატეხა მოხდა და ატმოსფერო აშკარად შეიცვალა. გუნდი შეიკრა და მეტი მონდომებითა და ემოციით თამაშობს. ფინალში
- ფინალის მოგება ყოველთვის რთულია, მაგრამ ევროპალიგაზე თამაშის რეალური შანსი გაგიჩნდათ...
- ცხადია, ევროპაში თამაშის შანსი საგრძნობლად გაგვეზარდა, მაგრამ არ მინდა, ემოციებს ავყვე, რადგან ფინალში პირველი ლიგის გუნდი რომ გადის, ის ხელწამოსაკრავი ვერ და არ იქნება. გადახედეთ "მერანის" შემადგენლობას - ბევრი ფეხბურთელი უმაღლესი ლიგის გუნდებში წამყვან როლებში იყო.
მაგრამ, რომ იცოდეთ, ჩემპიონატშიც არ ვართ უიმედო მდგომარეობაში - მესამე ადგილზე მყოფი თბილისის "ლოკომოტივი" მხოლოდ 2 ქულით გვისწრებს, ფინიშამდე კი 3 ტურია დარჩენილი. სამეულში მოხვედრა კი ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლის კიდევ ერთი შანსი იქნება. ფინალში გასვლა ორმაგი შანსია და სხვა კუთხითაც წაგვადგება.
- რას გულისხმობთ?
- ეს ჩვენს შემთხვევაში ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან მხოლოდ ერთიანი ფონდიდან გვაფინანსებდნენ. მაგრამ თასის მოგების შემთხვევაში, დამატებითი პრემიები დაირიცხება, რაც გუნდის გაძლიერების წინაპირობა გახდება.
"დინამოსადმი" ასეთი დამოკიდებულება არ გამაჩნია
კახა ჩხეტიანი, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი: - ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი მშობლიური გუნდის სახელით ფინალში თავადაც მითამაშია, ახლა კი "ტორპედოს" მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგში გავიყვან. ამხელა ემოცია დიდი ხანია აღარ განმიცდია.
მხოლოდ ის კი არ მიხარია, რომ ფინალში გავედით, არამედ ისიც, რომ მეტოქეს არაფერი დავუთმეთ, ღირსეულად ვეთამაშეთ და, რაც მთავარია, სანახაობრივი და ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ. იმავეს ვიტყვი ჩვენს მეტოქეზე - თბილისის "დინამომაც" გახსნილი ფეხბურთი ითამაშა და ვფიქრობ, მაყურებელმა საკმაოდ მაღალი დონის მატჩი იხილა. საბედნიეროდ, მეტი გოლის გატანა ჩვენ მოვახერხეთ და მოვიგეთ.
- აშკარა იყო, რომ "დინამო" კარგად შეისწავლეთ...
- თამაშამდე "დინამოს" თამაში რამდენჯერმე ვნახეთ და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც შევისწავლეთ, მაგრამ რაც არ უნდა კარგად შეისწავლო მეტოქე, მთავარია, მოთამაშეები დავალებებს როგორ შეასრულებენ. ჩემმა ფეხბურთელებმა კი თამაშში სული და გული ჩადეს, დავალებებსაც ჩინებულად გაართვეს თავი.
- ქუთაისის "ტორპედომ" საშინლად დაწყებული სეზონი სულ რაღაც ერთი მატჩით გაილამაზა, ჩემპიონატში მისი თამაშით განრისხებული გულშემატკივრები კი უზომოდ გაახარა...
- რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა დიდი წარმატებაა, მაგრამ არ დაგავიწდეთ, რომ ჩვენი მეტოქე მარტვილის "მერანია"...
- გასაგებია, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეტოქე პირველი ლიგის გუნდია და "ტორპედოს" ფავორიტის სტატუსს ანიჭებს...
- მერწმუნეთ, ზრდილობისთვის ნამდვილად არ ვამბობ - ფინალში შანსები ყოველთვის 50/50-ზეა. "მერანმა" ფინალამდე ურთულესი გზა ღირსეულად და დამაჯერებლად გაიარა - უმაღლესი ლიგის ოთხი გუნდი დაამარცხა - ბათუმის "დინამო", "დილა", "კოლხეთი" და ბოლოს ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი - "ჩიხურა". მოკლედ რომ ვთქვათ, ეს უდავოდ ანგარიშგასაწევი გუნდია და მან თავისი სიძლიერე დაამტკიცა.
შემთხვევით გუნდი ფინალში ვერ გავა, გინდა პირველ ლიგაში თამაშობდეს და გინდა - მესამეში. ასე რომ, ჩვენ მოდუნების უფლება არ გვექნება. ამ გუნდში 3 წლის წინ ვმუშაობდი და მარტვილელებს ფინალში გასვლას ვულოცავ. იმედი მაქვს, გულშემატკივარს ფინალშიც ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებთ.
- ძნელი მისახვედრი არ არის, რა განცდა უნდა ჰქონდეს მწვრთნელს, როცა თასის ფინალში გუნდი თბილისში, უპრინციპულესი მეტოქის, თბილისის "დინამოს" დამარცხებით გაჰყავს...
- მე "დინამოს" მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს. ამ გუნდში თითქმის ყველას ვიცნობ, ფეხბურთელებსაც, მწვრთნელებსაც და ბევრთან ვმეგობრობ კიდეც. ეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ და არა - მტრები. ნახევარფინალის მოგება ნებისმიერ გუნდთან ასევე გამახარებდა.
- მოულოდნელი ის იყო, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა გუნდმა საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთი რომ აჩვენა. სად იყავით აქამდე?
- "ტორპედოს" საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და მჯერა, ჩვენს ფეხბურთელებს გაცილებით მეტი შეუძლიათ. მათ ეს ნახევარფინალში დაამტკიცეს. მაგრამ ფეხბურთი ისეთი რამ არის, საკუთარი შესაძლებლობები ყოველდღე უნდა გამოავლინო. იმედია, კიდევ უფრო გავძლიერდებით და გულშემატკივარს უფრო მეტად გავახარებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"