- მერანი VS ტორპედო - "მერანი" პირველად, "ტორპედო" მეშვიდედ!
ქუთაისელები მეშვიდედ გავიდნენ ფინალში. საერთო-გუნდურ მონაცემს "ტორპედოს" შემტევი ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე მხოლოდ ერთი პუნქტით ჩამორჩება
- თუ არ მეშლება, თასის ფინალში თამაშების რაოდენობით ერთ-ერთი რეკორდსმენი ხართ...
- ზესტაფონში მე-6 ფინალი მელის. ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, ფინალში ყველაზე მეტჯერ ვინ ითამაშა. როგორც მახსოვს, რეკორდსმენი მეკარე ირაკლი ზოიძეა. მგონი, ასეთივე მაჩვენებელი აქვს თენგო ჩიკვილაძეს, რომელიც ჩემთან ერთად "ამერში" თამაშობდა. ამ გუნდის ფორმით 3 ფინალი ვითამაშე, ერთიც - ქუთაისის "ტორპედოში", ბოლოს კი - "სამტრედიაში". ამ ხუთი ფინალიდან 2 მოვიგე და ორივე - "ამერში", სამში კი დავმარცხდი. იმედია, ხვალ წონასწორობა აღდგება და თასს ჩემი გუნდი ასწევს.
- "ტორპედოში" ფინალი ცუდად გემახსოვრება - მაშინ "გაგრასთან" წააგეთ...
- იმედია, ხვალინდელ ფინალს კარგად გავიხსენებ.
- შანსებს როგორ შეაფასებდი?
- თანაბრად, ამას გულწრფელად ვამბობ. საერთოდ, თასის ფინალი ყოველთვის დაძაბულია. "მერანი" პირველი ლიგის გუნდია, მაგრამ ეს არავის არ გვაძლევს უფლებას, მოვდუნდეთ და მეტოქისადმი პატივისცემა დავკარგოთ. ამ გუნდის გამოსვლას რომ გადახედოთ, თასიდან უმაღლესი ლიგის ძლიერი გუნდები ჩამოიშორა, მათ შორის - "ჩიხურა", რომელიც საჩემპიონო პლეი ოფში ითამაშებს.
გამოდის, რომ ძლიერი გუნდია და სრული მობილიზება გვჭირდება. თუმცა, ფინალში გუნდი ისედაც მობილიზებულია.
- ყველა ელის, რომ სტადიონი ბოლომდე შეივსება...
- ამას, უპირველესად, ფეხბურთელები ვიმედოვნებთ. სავსე სტადიონზე თამაში დიდი სიამოვნება და სტიმულია. ფეხბურთი ქუთაისში ხომ ძალიან უყვართ და ნაკლები ინტერესი არც მარტვილშია. თანაც, ორივე ქალაქი ზესტაფონთან ახლოსაა და, წესით, ხალხი უნდა მოვიდეს. ზესტაფონის სტადიონი, თუ არ მეშლება, 5 ათასამდე მაყურებელს იტევს და ეჭვიც არ მეპარება, ტრიბუნების შევსება პრობლემა არ იქნება.
საბედნიეროდ, ყველა ჩვენი მოთამაშე ჯანმრთელადაა და ფინალს განსაკუთრებული იმედით ელოდება. ხომ გახსოვთ, სეზონი რა ცუდად დავიწყეთ. ერთი ხანობა, ბოლო ადგილზე ვიყავით და ბევრმა ჩათვალა, რომ "ტორპედო" გავარდნის კანდიდატი იყო. მაგრამ ძალიან გვინდა, რომ ქუთაისელ გულშემატკივარს ხასიათი ახლა მაინც გამოვუკეთოთ და გავახაროთ.
კახა ჩხეტიანის მოსვლით გუნდში ყველაფერი შეიცვალა და ახლა ევროპალიგის პლეი ოფში მოხვედრის შანსიც გვაქვს და ევროსაგზურის მოპოვება თასის აღებითაც შეგვიძლია.
საერთოდ, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც ტიტულზე არ უფიქრია. ჩვენთან კი ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც თავის გამოჩენა სურს. იმედია, ჩვენი მცდელობა წარმატებით დასრულდება.
დაძაბულ და ფრთხილ თამაშს ველოდები, მაგრამ მაყურებელს გახსნილი ფეხბურთი უყვარს და მეც ამის მომხრე ვარ!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"