"სევილია": გუნდი, სადაც ფეხბურთი ყოველთვის სანახაობაა

AutoSharing Option
"სევილია" არგენტინელი ხორხე სამპაოლის მეთაურობით კარგად თამაშობს. წლევანდელ სეზონში სწორედ ის უწევს კონკურენციას "ბარსელონას" და "რეალს", ესპანური ფეხბურთის გოლიათებს. რა თქმა უნდა, უმიზეზოდ არაფერი ხდება და ამასაც აქვს თავისი მიზეზი.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ წრეში "სევილიამ" მისთვის სარეკორდო ქულების რაოდენობა მოაგროვა. გუნდი მატჩის ბოლოს რომ არ იყოს გოლების გატანას დაჩვეული და ძალიან გვიან არ "ფხიზლდებოდეს", ამ დროისათვის "სევილიას" 10-12 ქულით მეტი ექნებოდა. ასეთი თამაში სულ რვაა.

ამ დროისათვის "სევილია" ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. ამ გუნდის თავისებური, ყველასაგან განსხვავებული სათამაშო სტილი იმსახურებს
იმას, რომ მის თაობაზე გამორჩეულად ვილაპარაკოთ.
ნებისმიერი გუნდის სათამაშო ხელწერას მნიშვნელოვნად განაპირობებს მწვრთნელი. "სევილიას" სათავეში დგას სპეციალისტი, რომელიც თანამედროვე სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია.

რა არის სამპაოლის მთავარი მახასიათებელი სამწვრთნელო ნიშნები? მისი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია ინტენსივობა თამაშის დროს და პრესინგი. მას ძალიან უყვარს ბურთის კონტროლი. არასოდეს ერიდება გუნდის გადაწყობას. იმავე "სევილიაში" მან მშვიდად გადაჭრა ტრავმებით გამოწვეული პრობლემა დაცვის ცენტრალურ ზონაში. გუნდური მოძრაობა - სამპაოლის გუნდი ყოველთვის სინქრონულად მოძრაობს და ეს სინქრონი ძალიან იშვიათად თუ ირღვევა.

არგენტინელი რომ შემტევ ფეხბურთს აღმერთებს, ამაზე ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც მეტყველებს. თუ დავაკვირდებით "სევილიას" თამაშს, ვნახავთ, რომ დაცვის ხაზი ძალიან "ზემოთ" თამაშობს. არგენტინელ მწვრთნელს შეუძლია, ბევრი რამ შესწიროს მინდორზე შეტევას.

სამპაოლის საყვარელი სქემა 3-4-3-ია. თვით სამმცველიან განლაგებაშიც კი არგენტინელი სპეციალისტი ფეხბურთელებს არასოდეს უზღუდავს შეტევაში ჩართვის უფლებას. მისი წარმოდგენა ფეხბურთზე ასეთია:

"ფეხბურთი ყოველთვის იყო სანახაობა და არსებობის ბოლომდე ასეთად უნდა დარჩეს. ეს თამაში ისეთი დიდებულია, რომ მან პირვანდელი სილამაზე ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, ფეხბურთში ბალანსი აუცილებელია, მაგრამ ჩემთვის მისაღებია მხოლოდ შემტევი ფეხბურთი", - ამბობს სამპაოლი.

სხვათა შორის, "სევილიას" სატურნირო მდგომარეობა ახლა უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა შედარებით ცუდი ასპარეზობა ესპანური პრიმერას უტსაიდერ და საშუალო გუნდებთან გამართულ შეხვედრებში.

...ყველამ კარგად ვიცით, როგორ იქცევა სამპაოლი თამაშის დროს. ამ სპეციალისტის განსაკუთრებული თვისება ემოციურობაა. ასე იყო ჩილეს ნაკრებში და ასეა "სევილიაში". მსოფლიოში ბევრი ემოციური მწვრთნელია, მაგრამ ამ საქმეში არგენტინელს ბევრი ვერავინ დაეტოლება.

"ეს ჩემი საქმეა და მე მასში მთელ სულსა და გულს ვდებ, არავითარი ხელოვნურობა. თავად ვარ ბოლომდე მოტივირებული. ფეხბურთელებისგანაც ამავეს მოვითხოვ. მე მინდა, რომ მათ წამითაც არ დაკარგონ კონცენტრაცია" - ამბობს სამპაოლი.

იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად პრიმერაში "სევილიას" ფრანგი ნახევარმცველი სტივენ ნ'ზოზი დაასახელეს. სწორედ სამპაოლის ხელში გაიხსნა ბოლომდე ეს ფეხბურთელი. საყრდენ ზონაში დღეს ის შეუცვლელია. არადა, სულ ცოტა ხნის წინათ, ბევრი მიიჩნევდა, რომ ანდალუსიურ კლუბს სწორედ ამ ზონაში ექნებოდა პრობლემები.

ჩვენს მკითხველს კარგად ემახსოვრება, რომ "სევილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, საყრდენმა ნახევარმცველმა გრჟეგოჟ კრიხოვიაკმა "პარი სენ-ჟერმენში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. არანაირი პრობლემა - კრიხოვიაკი შეიცვალა.

ასევე შეიცვალა კევინ გამეირო. შესაძლოა, ფრანგი ფეხბურთელი ნანობს კიდეც, "ატლეტიკოში" რომ გადავიდა. დიეგო სიმეონეს გაწვრთნილ გუნდში გამეირომ ვერ იპოვა მისთვის დამახასიათებელი თამაში და მას ძველებურად ხშირად ვეღარ გააქვს გოლები.

სევილიადან წასულები
"სევილია" არ ერიდება წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას. ახლა რომ ის მოქმედი ფეხბურთელები შევკრიბოთ, სხვადასხვა დროს რომ გაყიდა "სევილიამ", ძალიან მაგარი შემადგენლობა გამოვა:

კაპიტნის ვაკანსია ამ ვირტუალურ გუნდში ალბათ მალევე შეივსებოდა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორ მოუხდებოდნენ ერთმანეთს სამპაოლი და სერხიო რამოსი. რამოსი ახლაც ძალიან კარგ ადგილზეა, მაგრამ წარმოდგენას წინ რა უდგას?

სამპაოლი მის მიერ გაწვრთნილი გუნდების წარმატების საიდუმლოს ასე ხსნის:

"ჩემთვის ყოველთვის მთავარია, მინდორზე ვნახო გუნდური მოქმედება. ჩემთვის მთავარი პრინციპი ესაა: ყველა უტევს და თავს ყველა იცავს. ამის გარეშე ჩემი გუნდების წარმოდგენა, უბრალოდ, შეუძლებელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული