სალამანკაში 61 წლის წინ დაბადებული სპეციალისტი 2012 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია.
"ფურია როხამ" ბოლო სამი დიდი ტურნირი (ევრო 2008, 2010 წლის მუნდიალი და ევრო 2012) კი მოიგო, მაგრამ ესპანელებს წინ ახალი მწვერვალები ელით - 2013 წლის კონფედერაციის თასი და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. ამ და სხვა საკითხებზე დელ ბოსკე ფიფას ოფიციალურ საიტს გაესაუბრა.
- დონ ვისენტე, თქვენი პრიორიტეტების სიაში რომელ ადგილს იკავებს მომავალ წელს გასამართი კონფედერაციის თასი?
ამის შემდეგ კი უკვე კონფედერაციის თასზე გადავერთვებით. 2009 წელს ჩვენ მესამე ადგილი დავიკავეთ და ახლა გვსურს, რომ ამ ტურნირისთვის უკეთ მოვემზადოთ და ჩვენს კოლექციას კიდევ ერთი თასი შევმატოთ.
- ბევრი მწვრთნელი ამ ტურნირს ექსპერიმენტებისთვის, გუნდის უკეთ გაცნობისა და შეთამაშებისთვის იყენებს. იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთის ნაკრების ბირთვი უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია, რისი მიცემა შეუძლია თქვენი გუნდისთვის 2013 წლის კონფედერაციის თასს?
- ჩვენ ნამდვილად სტაბილური შემადგენლობა გვყავს, მაგრამ ნაკრებში ახალი ფეხბურთელები ყოველთვის ჩნდებიან.
ესპანეთის ნაკრებში ზოგიერთ პოზიციაზე არანორმალური კონკურენციაა და ამის გამო სელექციის პროცესი ნამდვილი თავის ტკივილია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქმე სასიამოვნო სახის პრობლემასთან გვაქვს.
ბევრი ფეხბურთელი უკვე წლებია, საკუთარ კლუბში უმაღლეს დონეზე თამაშობს, მაგრამ სცენაზე ახალი ფეხბურთელებიც გამოდიან და ისინი ნაკრებში ნელ-ნელა უნდა გავაშინაუროთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შევარჩიოთ ის ფეხბურთელები, ვისთან ერთადაც ტიტულის მოგების საუკეთესო შანსი გვექნება.
- 2009 წელს ესპანეთმა ნახევარფინალში აშშ-სთან წააგო. როგორ ფიქრობთ, დაეხმარა თუ არა ეს მწარე გამოცდილება ესპანეთის ნაკრებს მომავალი წლის მუნდიალის მოგებაში?
- ორი აზრი არ არის. განსაკუთრებული დახმარება გაგვიწია იმან, რომ ჩვენ უკვე ვიცნობდით სიტუაციას. ვიცოდით, სად მივდიოდით, რომელ სასტუმროში, მიჩვეულნი ვიყავით სავარჯიშო მოედნებსა და კლიმატს. ჩვენთვის ეს გამოცდილება მართლაც ფასდაუდებელი იყო.
- რას ელით მასპინძელი ქვეყნისგან?
- ჩვენ მივემგზავრებით ქვეყანაში, რომელსაც ფეხბურთის მიმართ ყველაზე დიდი ვნება გააჩნია. ესპანეთის ნაკრები გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონს აკისრია და ჩვენთვის კონფედერაციის თასი უმნიშვნელო ტურნირი ნამდვილად არ არის.
2013 წლის ზაფხულში ბრაზილიაში სხვადასხვა კონტინენტის ჩემპიონები შეიკრიბებიან. შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცით, თუ რა სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული ამ ტურნირზე გამარჯვება.
ესპანეთის ნაკრებისთვის არ არსებობს ამხანაგური მატჩი, ჩვენთვის ყველა შეხვედრა საერთაშორისო დაპირისპირებაა. ამიტომ თითოეულ ტურნირს თუ შეხვედრას "ფურია როხასთვის" უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
- ფიქრობთ თუ არა, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა?
- შესაძლოა ჩვენ ძალიან ბევრს გვაქებენ, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან როცა გუნდი ჩემპიონი ხდება, მასზე ყოველთვის დადებითად საუბრობენ.
ესპანეთის ნაკრები კი არა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონია, არამედ ბოლო სამი დიდი სანაკრებო ტურნირის გამარჯვებული გახლავთ. ასეთი წარმატებული ასპარეზობა ჩვენი ფეხბურთელების ფასს ზრდის, მაგრამ ამავდროულად, იზრდება ზეწოლაც.
"ფურია როხას" გულშემატკივარი გამარჯვებებს მიეჩვია და ამის გამო ჩვენი მარცხის შემთხვევაში ქომაგი ორმაგად გულდაწყვეტილი იქნება. წაგებას კი ფეხბურთში ვერასდროს გამორიცხავ, რადგან სპორტის ამ სახეობაში ძალიან ბევრი კარგი ნაკრებია.
- როგორ ფიქრობთ, ესპანეთის ნაკრები სხვებისთვის სამაგალითოა?
- ჩვენს ფეხბურთელებს ის კონკრეტული მახასიათებლები გააჩნიათ, რაც ესპანეთის ნაკრების სტილს საუკეთესოდ ესადაგება. ესპანელებმა სხვანაირად თამაში არ უნდა ვცადოთ, თუმცა წარმატების მიღწევა სხვადასხვა გზით შეიძლება.
ჩვენს შემთხვევაში, "ფურია როხას" სათამაშო სტილმა პოპულარობა დადებითი შედეგების გამო მოიპოვა. არ მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ ხალხი ჩვენ მიბაძვას ცდილობს, რაც საკმაოდ სასიამოვნოა.
- 2010 წლის ჩემპიონატის ფინალში არიენ რობენს ის გოლი რომ გაეტანა და თამაში ჰოლანდიას მოეგო, ესპანეთის ნაკრების სტილი მაინც პოპულარული იქნებოდა?
- ჩვენ გვიმართლებდა კიდევაც და ამას არც უარვყოფ. ევრო 2012-ის ნახევარფინალში, პორტუგალიასთან პენალტების სერიაში, ბრუნო ალვეშის დარტყმული ძელს მოხვდა და კარს აცდა, სესკის (ფაბრეგასი) დარტყმა კი ძელს მოხვდა და კარში შევარდა.
ასეთია ფეხბურთი. მთავარია, არასდროს შეგეპაროს ეჭვი იმაში, რასაც აკეთებ. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, პირველი მატჩი შვეიცარიასთან წავაგეთ, მაგრამ არჩეული გზის სისწორეში ეჭვი არასდროს შეგვიტანია და მეორე მატჩშიც ზუსტად იგივე შემადგენლობა დავაყენეთ; მხოლოდ ფერნანდო ტორესი გამოჩნდა ძირითადში დავიდ სილვას ნაცვლად და ანდრეს ინიესტა ტრავმის გამო დაგვაკლდა, თორემ დანარჩენი ცხრა ფეხბურთელი იგივე იყო.
- ამ კონკრეტული ფეხბურთელების გარეშე ესპანეთის ნაკრები იმავე სტილში ითამაშებდა?
- მე საკუთარი საფეხბურთო გემოვნება გამაჩნია, რომელსაც ესპანეთის ნაკრების სათამაშო სტილთან ბევრი საერთო აქვს. მადრიდის "რეალშიც" ბევრი საოცარი ფეხბურთელი მყავდა და მაშინდელი გუნდიც დაახლოებით ასე თამაშობდა.
მიყვარს, როცა ჩემი გუნდი უპირატესობას ფლობს, ბურთი უჭირავს, მეტოქეს მის ნახევარზე ავიწროვებს, მოკლე და გრძელ პასებს შორის ბალანსს იცავს...
მთავარია, გუნდი ორგანიზებული იყოს, თორემ მოთამაშეების შეზღუდვა არ მჩვევია. ფეხბურთელს შეუძლია საკუთარი ნიჭი ბოლომდე გამოავლინოს, თუ ეს გუნდს არ დააზარალებს.
- ყველამ იცის, რომ ესპანეთისთვის ბურთის ფლობა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. იმ შემთხვევაში, თუ მეტოქემ დაგჯაბნათ, გაქვთ თუ არა სათადარიგო გეგმა?
- ესპანეთის ნაკრებს, მწვრთნელის გარდა, ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც მოედანზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.
ჩვენ მეტოქის შესწავლას არა გასახდელში, არამედ მინდორზე ვიწყებთ. ფეხბურთელები პირველი 10-15 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგეს აკვირდებიან და შემდეგ იმის მიხედვით, თუ როგორ თამაშობს მეტოქე, შესაბამის ზომებსაც იღებენ.
"ფურია როხაში" ძალიან ჭკვიანი და ტაქტიკურად განათლებული ფეხბურთელები თამაშობენ და მათ თვითონვე შეუძლიათ პრობლემის გადაწყვეტა.
- მოედანზე თქვენი მარჯვენა ხელი ვინ არის?
- მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვერ გამოვყოფ. ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ლიდერის თვისებები და ანალიტიკური აზროვნების უნარი გააჩნიათ.
ნახევარდაცვაში ორი-სამი ტაქტიკურად სრულყოფილი ფეხბურთელი გვყავს - მათ იციან, როგორ დაეხმარონ დაცვას, როგორ, როდის და სად გათავისუფლდნენ და მომდევნო პასი ვის და სად გადააწოდონ. ისინი ნამდვილი საფეხბურთო ინტელექტუალები არიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მალე ქართველ ფეხბურთელებზეც იგივე გვეთქვას!!!!