თუმცა მას აქტუალურობა არ დაუკარგავს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის რონალდომ ოქროს ბურთი 2008 წელს მოიგო, 2007 წლიდან მოყოლებული კი სამეულში მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს ვერ მოხვდა.
- კრიშტიანო, ბოლო წლებში ოქროს ბურთის სამ კანდიდატს შორის, პრაქტიკულად, მუდამ ხვდებით. როგორი შეგრძნებაა, როდესაც მსოფლიოს საფეხბურთო ელიტის ნაწილი ხარ?
- შესანიშნავი. ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ კიდევ
რა შეიცვალა პირველი დაჯილდოების შემდეგ? ბევრი არაფერი, რადგან ისევ იგივე პიროვნება ვარ. ახლა უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ზუსტად ისევე ამბიციური ვარ.
- მაშინ თქვენ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდით, ახლა კი "რეალის" მოთამაშე ხართ. რა განსხვავებაა ამ ორ კლუბს შორის?
- "იუნაიტედი" და "რეალი" მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდია და ამიტომ ამ კლუბებში თამაში გაცილებით რთულია. ვფიქრობ, ფეხბურთელი "რეალში" გაცილებით დიდ წნეხს გრძნობს, ვიდრე "იუნაიტედში". აქ ყველა მხოლოდ მეათე ჩემპიონთა თასის მოგებაზე ფიქრობს, რამაც შეუძლებელია, მოთამაშეებზე არ იმოქმედოს.
- ფიქრობთ თუ არა, რომ არსებული დიდი მოლოდინი მოთამაშეთა გამოსვლაზე აისახება?
- რა თქმა უნდა. ხანდახან ზეწოლა იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია, ადამიანზე არ აისახოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ და ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციოთ. განსაკუთრებით იმას, რასაც პრესა წერს, რადგან არ მგონია, რომ იმას, რასაც გაზეთებში წერენ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომ არ ღირს სიტუაციის ზედმეტად დრამატიზება.
- როგორ ფიქრობთ, "რეალმა" ლა ლიგაში ასეთი ცუდი სტარტი დიდი ზეწოლის გამო აიღო?
- ჩვენ სეზონი ცუდად დავიწყეთ და ვიცით, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ამასაც თავი რომ გავანებოთ, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში და ესპანეთის თასზე ვთამაშობთ. ასე რომ, ტიტულების მოგების საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს.
- სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის მოგება თქვენი მთავარი მიზანია?
- ასეა. მეათე ჩემპიონთა თასის მოგება ყველა "მადრიდისტას" ოცნება და მიზანია. შარშან ძალიან ცოტა დაგვაკლდა, მაგრამ წელს მშვენიერი შანსი გვაქვს. წინ ურთულესი მატჩები გველის. ჩემი აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ურთულესი დაპირისპირება გველის და შანსები 50/50-ზეა, მაგრამ მე ჩვენი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ.
- თუ "რეალი" საუკეთესო ფორმაში შევიდა, "იუნაიტედთან" ფავორიტები იქნებით?
- დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს. "რეალი" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ისევე, როგორც "იუნაიტედი". ფერგიუსონის გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო და კონკურენტებს დიდი უპირატესობით გაუსწრო, მაგრამ მიუხედავად მათი კარგი ასპარეზობისა, თუ ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენთ, მაშინ მომდევნო ეტაპზე აუცილებლად გავალთ.
- ბოლო პერიოდში "რეალის" გულშემატკივრები ჟოზე მოურინიოს აკრიტიკებენ. ამის შესახებ რას ფიქრობთ?
- ხალხს პროტესტის გამოთქმის უფლება აქვს და ჩვენ მათ აზრს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ გულშემატკივარმა მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოს. მოურინიოს კლუბისთვის საუკეთესო სურს და სისხლის ბოლო წვეთამდე "რეალის" კეთილდღეობისთვის იბრძოლებს.
ჩემი აზრით, ჟოზე საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. მას უდიდესი გამოცდილება აქვს და მოგებული აქვს ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლება.
- გულშემატკივართა მხრიდან კრიტიკა არც თქვენთვის არის უცხო. როგორ ფიქრობთ, რატომ ხვდებით ხოლმე ასეთი სიტუაციაში?
- ვერ გეტყვით. ასეთი რამ საკუთარი თავისთვის მეც მიკითხავს და პასუხი აქამდე ვერ მიპოვია. იმ ადამიანებმა, რომლებიც მიცნობენ და ვისთან ერთადაც მითამაშია, კარგად იციან, როგორი პიროვნება ვარ, ხოლო მათ, ვინც არ მიცნობს, შეუძლიათ იფიქრონ ის, რაც სურთ.
მე პატივს ვცემ იმათ, ვინც მე მაკრიტიკებს, რადგან ვიცი, რომ მათ ჩემზე მცდარი წარმოდგენა აქვთ. ზოგადად, ამ ყველაფერს დიდი ყურადღება არ უნდა დაუთმო, რადგან კრიტიკა არამარტო ფეხბურთელის, არამედ აბსოლუტურად ყველა ადამიანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
- ბოლო დროს პრესაში თქვენ შესაძლო ტრანსფერზე საუბრობდნენ. აპირებთ კლუბის გამოცვლას?
- მე "რეალში" დარჩენა კონტრაქტის ვადის ბოლომდე მსურს და ეს არაერთხელ მითქვამს. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება.
- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ასეთი წარმატებული კარიერის მთავარი მიზეზი?
- ჩემი აზრით, ნიჭი და შრომისმოყვარეობა. დასახული მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრს ვშრომობ და უკან არასდროს ვიხევ. ყოველთვის ვცდილობ, რომ ვისწავლო და უკეთესი გავხდე. მე ძალიან ამბიციური ვარ, ყოველთვის გამარჯვება მსურს და ასე იქნება იქამდე, სანამ ბუცებს ლურსმანზე არ ჩამოვკიდებ.
- გსურთ თუ არა, რომ თქვენი ვაჟი ფეხბურთელი გამოვიდეს?
- რა თქმა უნდა, მსურს, მაგრამ მას არაფერს დავაძალებ. ფეხბურთისკენ ხელს კი წავკრავ, მაგრამ რაც უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერში მხარს დავუჭერ და გვერდში დავუდგები.
- ფეხბურთის გარდა, რა განიჭებთ სიამოვნებას?
- მიყვარს თავისუფალი დროის ოჯახთან ერთად გატარება, მოგზაურობა, სეირნობა, კალათბურთის და ჩოგბურთის ყურება და რა თქმა უნდა, ჩემს შვილთან ერთად ყოფნა.
- პოპულარობა ხომ არ მოგბეზრდათ? ხომ არ გირჩევნიათ, რომ ისევ უცნობი ადამიანი იყოთ?
- ფეხბურთელობას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, როდესაც გსურს, რომ ცნობილი არ იყო, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ჩემი პროფესია, რომელიც მე ავირჩიე და ეს ყველაფერი მისი შემადგენელი ნაწილია.
- დაბოლოს, საკუთარი კარიერით კმაყოფილი ხართ?
- დიახ. მე ვაკეთებ იმას, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ვიცი, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა. საკუთარ თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო: მადრიდის "რეალში" კონტრაქტს ამოვწურავ და მერე ვნახოთ