ჩავი ერნანდესი: "ბარსას" თითოეული თამაშის მოგება სურს

AutoSharing Option
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩავი ერნანდესი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების 32 წლის ფეხბურთელი უკვე წლებია, ყველას აღაფრთოვანებს. იშვიათია ფეხბურთელი, რომელსაც ჩავის მსგავსად შეუძლია თამაშის რიტმის და ბურთის კონტროლი. მოედნის ხედვის და საოცარი გადაცემების შესრულების უნარის გამო ერნანდესი უკვე წლებია, "ბარსელონას" და "ფურია როხას" ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა.

ცოტა ხნის წინ, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე, ჩავი 2012 წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ფიფას ოფიციალურმა საიტმა ამ ფაქტით ისარგებლა და "ბარსელონას" ვიცე-კაპიტანს ინტერვიუ ჩამოართვა.

- ჩავი, ფიფას "ოქროს ბურთის"
დაჯილდოების ცერემონიაზე კიდევ ერთხელ იმყოფებით. რას გრძნობთ ამჯერად?
- ძალიან სასიამოვნოა, რომ "ბარსელონაში" და ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული საკმაოდ კარგი სეზონის შემდეგ, რომლის გვირგვინიც ევროპის ჩემპიონატის მოგება იყო, აქ მოხვედრის საშუალება მომეცა. მართალია, წელს სამ კანდიდატს შორის არ ვარ, მაგრამ აქ ყოფნით მაინც ბედნიერი ვარ.

- თქვენ FIFA/FIFPro-ს გამოკითხვაში თქვენმა კოლეგებმა, ფეხბურთელებმა, წლის სიმბოლურ ნაკრებში დაგასახელეს...
- ეს ძალიან დიდი პატივია. მსოფლიოში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა კოლეგებმა თერთმეტ საუკეთესოს შორის დამასახელეს.

- ესპანეთმა 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ტიტული შეინარჩუნა, მანამდე კი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. რა არის ასეთი წარმატების მიზეზი?
- ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელშიც ბევრი ნიჭიერი და მოტივირებული ფეხბურთელი თამაშობს. როდესაც გუნდი მოგებას დაეჩვევა, მნიშვნელოვანია, რომ მოტივაცია არ დაკარგო და საკუთარი თავი წნეხში მოაქციო. რა თქმა უნდა, გვიმართლებდა კიდევაც, თუნდაც პორტუგალიასთან ნახევარფინალი გავიხსენოთ, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ გავედით ფინალში და იტალიასთან საოცარი მატჩი ჩავატარეთ. ჩემი აზრით, ფეხბურთელთა ეს თაობა საუკეთესოა ესპანეთის ისტორიაში.

- თქვენ გამართლება ახსენეთ. მიგაჩნიათ, რომ იღბალი ფეხბურთში ასეთი მნიშვნელოვანია?
- კი, მნიშვნელოვანია. იყო მომენტები, როდესაც იღბალი ჩვენ მხარეს იყო. როგორც ასეთ დროს ამბობენ, ისე გვიმართლებდა, როგორც ჩემპიონებს უმართლებთ. რთულ სიტუაციებში ფორტუნა აშკარად გვიღიმოდა, მაგალითად, იგივე პორტუგალიასთან უკანასკნელ ევროზე, იტალიასთან ევრო 2008-ზე, ხორვატიასთან... რა თქმა უნდა, ჩვენ გვიმართლებდა, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ ყველა სიტუაციაში ბოლომდე ვიბრძოდით და წარმატების მიღწევაში ესეც გვეხმარებოდა.

- როგორ მოახერხეთ, რომ საკლუბო დაპირისპირება "ბარსელონასა" და "რეალის" ფეხბურთელებს შორის ეროვნულ ნაკრებზე არ აისახა?
- ეს დაპირისპირება გვერდზე გადავდეთ. როდესაც ნაკრებში ვართ, ჩვენ ყველა ერთი საერთო მიზნისთვის ვიბრძვით. იკერ კასილიასი ჩემი მეგობარია და ცოტა ხნის წინ ერთად ჯილდოც მივიღეთ (ასტურიის პრინცის ჯილდო). ნაკრებში თამაშის დროს კლუბებს შორის არსებულ დაპირისპირებას ვივიწყებთ, ისევე, როგორც, როდესაც კლუბებში ვართ, მეგობრობას დროებით გვერდზე ვდებთ; მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთმანეთის მიმართ პატივისცემას არასდროს ვკარგავთ.

- ფიქრობთ თუ არა, რომ ბოლო პერიოდში "ბარსა"-"რეალის" დარისპირება კიდევ უფრო გამწვავდა?
- ეს ყოველთვის ასე იყო. მე მთელი ცხოვრება "ბარსელონაში" გავატარე და ვიცი, რომ ეს ნამდვილი საფეხბურთო ომია. ზოგიერთი ადამიანი ამ მტრობის მეშვეობით ფულის შოვნას ცდილობს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს კარგია ფეხბურთისთვის და ქვეყნისთვის. სიმართლე რომ გითხრათ, მე ვამაყობ იმით, რომ ესპანეთში ორი ასეთი დიდი გუნდი გვყავს.

- ესპანური პრესა ორივე კლუბთან დაახლოებულია. კითხულობთ იმას, რაც გაზეთებში იწერება?
- კი, მე გაზეთებს ვკითხულობ, რადგან ფეხბურთი ჩემი სამსახურია და მაინტერესებს, რას წერენ ჩვენზე. რა თქმა უნდა, პრესაში ბევრ განსხვავებულ მოსაზრებას ვაწყდებით, მაგრამ ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და სხვის აზრს პატივი უნდა ვცეთ, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა.

- "ბარსელონაზე" გადავიდეთ. შარშანდელ სეზონში წარუმატებლობის მიზეზი რა იყო?
- გარკვეულწილად არ გაგვიმართლა. განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგაში "ჩელსისთან". ორივე შეხვედრაში ძალიან დიდ უპირატესობას ვფლობდით და წესით, დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო. "კამპ ნოუზე" მეტოქე 10 კაცით იყო და ჩვენ 2:0-ს ვიგებდით, მაგრამ ამხელა უპირატესობა ხელიდან გავუშვით. დაახლოებით იგივე დაგვემართა ესპანეთის ჩემპიონატშიც. წელს ყველა შეხვედრას ძალიან სერიოზულად ვუდგებით და ამიტომაც გვაქვს ასეთი შედეგი. წინა სეზონში, ჩემი აზრით, საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ვაჩვენებდით, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც.

- წინა სეზონის დასრულების შემდეგ პეპ გვარდიოლა გუნდიდან წავიდა და ამით მთელი ეპოქა დასრულდა. ამ ყველაფრის გამო მოტივაცია ხომ არ დაკარგეთ?
- არა. დააკვირდით ჩვენს ვარჯიშებს და ნახავთ, რომ ფეხბურთელები ორმაგად მონდომებულნი არიან. ჩვენთან უდიდესი კონკურენციაა და ამის გარდა, "ბარსას" თითოეული თამაშის მოგება სურს, თუნდაც ეს ამხანაგური მატჩი იყოს. ჩვენ თითქმის იგივე გუნდი გვყავს და პრაქტიკულად, იდეალური შედეგი გვაქვს.

- შარშანდელი ჩავარდნის გამო გულშემატკივართა ვალი გაქვთ?
- არა მგონია, რადგან წინა წლებში ჩვენ საკმაოდ ბევრი ტიტული მოვიგეთ. ჩვენ გვსურს, რომ "ბარსელონას" ქომაგი ამაყი და ბედნიერი იყოს. არ ვფიქრობ, რომ ერთი ჩაგდებული სეზონის გამო ვინმეს ვალი გვაქვს, მაგრამ შარშანდელი წარუმატებლობა ჩვენ მოტივაციას გვმატებს და ახალი ტიტულების მოგების სურვილს გვიორმაგებს.

- რა განსხვავებაა ტიტო ვილანოვას გუნდსა და გვარდიოლას გუნდს შორის?
- სხვაობა დიდი არ არის. წელს უფრო მეტად გვიმართლებდა, მაგრამ ჩვენი მუშაობის სტილი არ შეცვლილა. ტიტო პეპის ასისტენტი გახლდათ და ისინი ერთად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. ტიტო და პეპი განსხვავებული ტიპაჟის ადამიანები არიან, მაგრამ სავარჯიშო პროცესი და ტაქტიკა დაახლოებით იგივეა.

- გუნდი ახლა შესანიშნავად თამაშობს, თუმცა სეზონის სტარტზე თითქოს ოდნავ გიჭირდათ...
- სეზონის დასაწყისში ფიზიკური მომზადების მხრივ მოვიკოჭლებდით და გვიჭირდა იმ გუნდებთან თამაში, რომლებიც ისედაც საკმაოდ კარგად გვიცნობენ. უბრალოდ, დროის საკითხი იყო – მთავარი გახლდათ, ფორმაში შევსულიყავით. ბოლო ორი თუ სამი თვეა, მართლაც შესანიშნავად ვთამაშობთ და იმ დონეზე ვართ, რა დონეზეც ბოლო წლებში ვიყავით.

- როგორი შეგრძნებაა, როდესაც "რეალთან" ამხელა უპირატესობა გაქვთ?
- შესანიშნავი. ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა სეზონი საკმაოდ გრძელია და წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის. ფაქტია, საკმაოდ დიდი ფორა გვაქვს და ნელ-ნელა ჩემპიონის ტიტულს ვუახლოვდებით.

- ჩემპიონთა ლიგასაც შევეხოთ. რას იტყვით "მილანის" შესახებ?
- "მილანი" ძალიან ძლიერი გუნდია. მათთან თამაში ყოველთვის გვიჭირდა. "სან სიროზე" თამაში იოლი არ არის, განსაკუთრებით, მათი საოცარი გულშემატკივრების გამო. "მილანს" ჩემპიონთა თასი ჩვენზე მეტჯერ აქვს მოგებული და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. მართალია, ახლა საუკეთესო დროება არ უდგას, მაგრამ ამ გუნდს ამჯერადაც ჰყავს ფეხბურთელები, ვისაც ჩვენთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია.

- და ბოლო კითხვა: შესაძლებელია, რომ ეს წელი "ბარსელონასთვის" ისტორიული იყოს?
- ჩვენ ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევა გვსურს. გუნდი ძალიან ძლიერია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ არ გაგვიმართლა, ისე ტიტულების მოგება გაგვიჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩავი: "რეალთან" რვაქულიანი უპირატესობა ანეკდოტი სულაც არაა
ჩავი - 36 წლამდე ბარსელონაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული