ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტურის შეჯამება და სიმბოლური: ცოტა გოლი და სტუმრების კარგი თამაში

AutoSharing Option
ლა ლიგის მეშვიდე ტურში ორი საკლუბო რეკორდი დამყარდა - "ატლეტიკომ" და "ბარსელონამ" სეზონის სტარტზე 7-7 მატჩი მოიგეს.

მადრიდული დერბის და კატალონიელთა გამარჯვების შესახებ ტურის მიმოხილვაშიც ვისაუბრეთ, ამჯერად კი სხვა საინტერესო ფაქტებზეც ვთქვათ...

ბასკები სტუმრად ვერ თამაშობენ
ტური ორშაბათს, "გრანადას" და ბილბაოს "ატლეტიკის" მატჩით დასრულდა. ანდალუსიელებს შინ სამი მატჩი ჰქონდათ გამართული და სამივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 0:1 ჰქონდათ წაგებული.

"გრანადას" პირველი საშინაო გოლი იუსუფ ელ-არაბიმ პენალტით გაიტანა. რ
ამდენიმე წუთში მაროკოელმა დუბლიც გაიფორმა და მასპინძლებს "ნუევო ლოს კარმენესზე" სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა. ამ მოგებით ლუკას ალკარასის შეგირდებმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.

ერნესტო ვალვერდეს გუნდს კი გასვლაზე თამაში აშკარად უჭირს - ბასკებმა სტუმრად ზედიზედ მესამე მარცხი განიცადეს.

"ვილიარეალის" პირველი მარცხი
ზოგადად, ტური საკმაოდ მწირგოლიანი გამოდგა - 10 შეხვედრაში 17 გოლი გავიდა, თანაც მასპინძლებმა მეტოქეთა კარის აღება მხოლოდ 7-ჯერ შეძლეს. 7-დან ერთი გოლი "ბეტისმა" შეაგდო, რომელსაც ეს ბურთი გამარჯვებისთვის ეყო.

სევილიელთა მხრიდან თავი ნოსა იგიებორმა გამოიჩინა, ვისთვისაც ეს ბურთი ამ სეზონში პირველი იყო.

"ვილიარეალმა" ლა ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველი მარცხი განიცადა. მიუხედავად ამისა, მარსელინიოს გუნდი კვლავ მეოთხე ადგილზეა.

სტუმრების წარმატება
ტურმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა - მატჩების ნახევარში გამარჯვება გასვლაზე მოთამაშე გუნდებს დარჩათ. კვირა დღის პირველი სამი მატჩი მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

"ოსასუნამ" "ლევანტეს" უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლის წყალობით წააგო. არადა, ნავარელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა საგოლე მომენტების გამოყენება პამპლონელებმა ვერ შეძლეს, რის გამოც 88-ე წუთზე დაისაჯნენ - ჩუმეტრამ "ბაყაყებს" სამი ქულა მოუტანა და საკუთარი გუნდის დაუმარცხებელი სერია 6 მატჩამდე გაზარდა.

დიახ, პირველ ტურში "ბარსელონასთან" განცდილი ისტორიული და კატასტროფული მარცხის შემდეგ (0:7) "ლევანტეს" თამაში აღარ წაუგია.

სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა "ელჩემ", რომელიც წინა ტურში არბიტრებისგან აშკარად დაიჩაგრა. თუ "ლევანტემ" ცუდი სტარტი აიღო და შემდეგ კარგად გააგრძელა, "სელტა" საპირისპირო მდგომარეობაშია - ლუის ენრიკეს შეგირდებმა პირველ ორ ტურში 4 ქულა მოაგროვეს, მაგრამ მას შემდეგ უკვე 5 მატჩია, აღარ უმარჯვიათ.

მესამე მოულოდნელი შედეგი კი კატალონიაში დაფიქსირდა, სადაც "ესპანიოლმა" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო - ამჯერად მისი მძლეველი "ხეტაფე" იყო, რომელსაც ადრიან კოლუნგას დუბლმა მოაგებინა.

შავი ღრუბლები "ელვების" თავს
აუცილებლად უნდა ვთქვათ "რაიო ვალეკანოზეც". მადრიდელებმა მიჯრით მე-6 თამაში წააგეს.

მართალია, ამჯერად მათი მეტოქე "ვალენსია" იყო, თანაც "ელვებმა" მხოლოდ მინიმალური სხვაობით დათმეს, მაგრამ პაკო ხემესის გუნდის მდგომარეობა მაინც ძალიან სავალალოა - ბოლო 6 ტურში: 6 წაგება, ბურთების სხვაობა: 2-21!

ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი ჟონასმა გაიტანა, რაც მოულოდნელი სულაც არ ყოფილა - "რაიო" ბრაზილიელის საყვარელი მეტოქეა. ჟონასმა მადრიდულ კლუბს კარიერაში მე-4 გოლი გაუტანა.

კალას უიღბლობა
ხუან კალამ ისეთი რეკორდი დაამყარა, რომელსაც მხოლოდ თუ გაიმეორებენ. "სევილიას" ფეხბურთელმა "სოსიედადთან" შეხვედრამდე ყვითელი ბარათი ზედიზედ ოთხ მატჩში მიიღო.

"ანოეტაზე" გამართული დაპირისპირების 69-ე წუთზე კი ანდალუსიელთა მცველმა მორიგი გაფრთხილება დაიმსახურა და ერთმატჩიან დისკვალიფიკაციასაც გამოჰკრა ხელი, თუმცა კალა ამაზე არ გაჩერებულა და შეხვედრის დამთავრებამდე არბიტრს კიდევ ერთი ყვითელი ბარათი გამოსტყუა. შედეგად, ბოლო 5 ტურში კალას ანგარიშზე 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათია.

ბომბარდირები:
8 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა)
6 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
5 - პედრო (ბარსელონა)
4 - ისკო (რეალი), ჟონასი (ვალენსია), როდრი (ალმერია)

ასისტენტები:
6 - კოკე (ატლეტიკო), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
4 - ნეიმარი (ბარსელონა)
3 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ევერ ბანეგა (ვალენსია), პატრიკ ებერტი (ვალიადოლიდი), ივან რაკიტიჩი (სევილია)

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები:
1. ხუან კალა (სევილია) - 4 ყვითელი, 1 წითელი
2. ალვარო ბოტია (ელჩე) - 5 ყვითელი, 0 წითელი
3. მიჩელი (ხეტაფე) - 2 ყვითელი, 1 წითელი
4. ალეხანდრო გალვესი (რაიო ვალეკანო) - 2 ყვითელი, 1 წითელი
5. სერხიო სანჩესი (მალაგა) - 4 ყვითელი

გუნდური სტატისტიკა 7 ტურის შემდეგ
ბურთის ფლობა
1. ბარსელონა - 67,1%
2. რაიო ვალეკანო - 62,9%
3. რეალი - 61%
4. ოსასუნა - 54,1%
5. სოსიედადი - 53,7%

ზუსტი პასები
1. ბარსელონა - 89,5%
2. რეალი - 86,7%
3. რაიო ვალეკანო - 84%
4. სოსიედადი - 83,7%
5. ვალენსია - 81,3%

კარში დარტყმა (საშუალოდ)
1. რეალი - 20,3
2. ბარსელონა - 18,3
3. ატლეტიკო - 15,3
4. ბეტისი - 14,1
5. მალაგა - 12,9

მოგებული საჰაერო ორთაბრძოლები (საშუალოდ)
1. რეალი - 61,9%
2. სევილია - 58,9%
3. სოსიედადი - 57,2%
4. ესპანიოლი - 55%
5. ბილბაო - 54,2%

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური: დერბის წყევლა მოხსნილია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული