"ბარსელონას" შესაძლო ახალწვეულები: მანგალა, ტერ-შტეგენი და ლევანდოვსკი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა უკვე მომავალ სეზონზე და ტრანსფერებზე ფიქრობს. მოგეხსენებათ, ვიქტორ ვალდესი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს და კლუბს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

გავრცელებული ხმების თანახმად, კატალონიელები მის შემცვლელად მიონხენგლადბახის "ბორუსიას" წევრ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს განიხილავენ, რომელიც "ბარსამ" შესაძლოა უკვე იანვარში გაიფორმოს. კლუბის ინტერესის სფეროში პეპე რეინა და ტიბო კურტუაც არიან, მაგრამ მათი გადაბირება რთული იქნება, თუნდაც იმის გამო, რომ ანდონი სუბისარეტას განცხადებით, "ბარსელონა" ახალი მეკარეზე 25 მილიონ ევროზე მეტს არ დახარჯავს, ტერ შტეგენის შეძენა კი ესპანეთის ჩემპიონს 10-15 მილიონი დაუჯდება.

არის შანსი,
რომ 21 წლის გერმანელს მეორე მეკარეც მიჰყვეს, რადგან ხოსე პინტოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

მეკარის გარდა, "ბარსელონას" ერთი ცენტრალური მცველი და ერთი ფორვარდიც სჭირდება. მცველის პოზიციაზე მთავარი კანდიდატი "პორტუს" ფრანგი ლეგიონერი ელიაკიმ მანგალა გახლავთ, რომელიც სეზონის ბოლოს პორტუგალიის დატოვებას აპირებს, თუმცა აქ პრობლემა გამოსასყიდი თანხაა - "პორტუ" 22 წლის მცველში 50 მილიონ ევროს ითხოვს. მანგალას გარდა, "ბარსელონა" მატს ჰუმელსს ("ბორუსია") და 20 წლის ედერ ალვარეს ბალანტას ("რივერ პლეიტი") აკვირდება.

კიდევ ერთი მოთამაშე, ვის სახელსაც "ბარსელონას" უკავშირებენ რობერტ ლევანდოვსკი გახლავთ. პოლონელს "ბორუსიასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტში დარჩენას არ აპირებს. არის შანსი, რომ "დორტმუნდმა" 25 წლის თავდამსხმელი იანვარში ტრანსფერზე დააყენოს და ამ შემთხვევაში კატალონიელები მის შეძენას ეცდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული