პრიმერას გუნდებს შეტევის გაძლიერება სურთ

AutoSharing Option
პრიმერა დივიზიონის რამდენიმე გუნდი წინა ხაზის გაძლიერებას ეშურება, რის შედეგადაც, შესაძლოა, ლა ლიგაში საინტერესო ახალწვეულები გამოჩნდნენ.

მაგალითად, მილანის "ინტერის" ახალგაზრდა ფორვარდი სამუელ ლონგო, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი "ვერონაში" გაატარა, კარიერას "ლევანტეში" გააგრძელებს და ვალენსიურ კლუბში ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩება. 22 წლის ლონგომ "ვერონაში" სულ ორი მატჩი ითამაშა, მაგრამ ერთი გოლის გატანა მაინც მოასწრო. შეგახსენებთ, რომ ფორვარდი შარშან "ესპანიოლში" ირიცხებოდა, სადაც თავი 3-ჯერ (18 შეხვედრაში) გამოიჩინა. თუ დოკუმენტები დროულად გაფორმდა, ლონგოს უკვე მომდევნო ტურში, "ბარსელონასთან" თამაშის შანსი ექნება.

შეტევის გაძლიერება სურს "ელჩესაც",
რომელიც მარკო ბორიელოს გადაბირებას აპირებს. ვალენსიელებს ლეო ბაპტიშტაოს იჯარით აყვანა სურდათ, მაგრამ ბრაზილიელი "ბეტისში" აღმოჩნდა, რის შემდეგაც "ელჩეს" ხელმძღვანელებმა მთელი ყურადღება იტალიელზე გადაიტანეს, რომელსაც "რომაში" სათამაშო პრაქტიკა აკლია (11 თამაში, 1 გოლი). 31 წლის ფორვარდით "ვესტ ჰემიც" არის დაინტერესებული, მაგრამ თავად იტალიელს პირინეებზე ურჩევნია თამაში.

ერთბაშად ორ მოთამაშეს აკვირდება "ხეტაფე". მადრიდელებს ჩიპრიან მარიკას და ადრიან კოლუნგას სახით ორად-ორი ფორვარდი ჰყავთ, თანაც ესპანელს თვალი გუნდიდან წასვლაზე უჭირავს. ჟურნალისტების ცნობით, "ხეტაფეს" ხელმძღვანელები ტიევის და ობაფემი მარტინსის ტრანსფერებზე ფიქრობენ.

ახალგაზრდა ფრანგს "ესპანიოლში" თამაშის შანსი იშვიათად ეძლევა და მას "მალაგაც" აკვირდება, მუდამ ახალგაზრდა (ჯერ კიდევ 29 წლისაა!) მარტინსი კი "სიეტლ საუნდერსის" ფეხბურთელია, რომლის რიგებშიც შარშან 8 გოლი (21 თამაშში) გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული