ესპანეთმა ლეგენდა დაკარგა

AutoSharing Option
შაბათს, მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში, 75 ასაკში გარდაიცვალა ლუის არაგონესი - ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს სცენაზე ესპანეთის ნაკრების დომინაციას ჩაუყარა საფუძველი. ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის გარდაცვალების მიზეზი ლეიკემია გახდა. დაავადება განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში გამწვავდა.

ამ სამწუხარო ფაქტს უამრავი ფეხბურთელი თუ ფეხბურთში მოღვაწე ხელმძღვანელი გამოეხმაურა. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებიდან დაწყებული, ფიფას პრეზიდენტით დამთავრებული, თავისი პატივისცემა არაგონესის მიმართ ყველამ გამოხატა. განცხადება გააკეთეს მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ და გუნდის კაპიტანმა გაბიმ:

დიეგო სიმეონე: "ატლეტიკოს" ოჯახის ყველა წევრი დამწუხრებულია. კლუბმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა".


გაბი: "ის "ატლეტიკოს" ნებისმიერი ფეხბურთელისთვის თუ მწვრთნელისთვის სამაგალითო პიროვნება იყო - კლუბის ნამდვილი ლეგენდა".

დიახ, არაგონესი "როხიბლანკოს" ლეგენდა გახლავთ. ფეხბურთელობისას, მადრიდში დაბადებული ფორვარდი "ატლეტიკოში" 26 წლის ასაკში, 1964 წელს მივიდა და კარიერის ბოლომდე (1974) ამ კლუბს ემსახურა. ლა ლიგის 372 შეხვედრაში არაგონესმა 172 გოლი გაიტანა და "ატლეტიკოს" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეს წოდება მას დღემდე ეკუთვნის; აი, ჩატარებული მატჩების მიხედვით კი, ის მე-7 ადგილზეა.

კარიერის დასრულების შემდეგ არაგონესი გუნდის მწვრთნელი გახდა და 1980 წლამდე ამ პოსტს იკავებდა. ამ პერიოდის გარდა, ის მადრიდულ კლუბს კიდევ სამჯერ (1982-87, 1991-93, 2001-03) ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, არაგონესი "ბეტისის", "ბარსელონას", "ესპანიოლის", "სევილიას", "ვალენსიას", "ოვიედოს" და "მალიორკას" თავკაცი გახლდათ. 2004-08 წლებში ლუისი ესპანეთის ნაკრების დამრიგებელი იყო, რომელსაც 2008 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა, კარიერა კი მან "ფენერბაჰჩეში" დაასრულა.

ფეხბურთელის კარიერის დროს არაგონესმა "ატლეტიკოსთან" ერთად სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. მწვრთნელობისას კი მშობლიურ კლუბს საკონტინენტთაშორისო თასი (1974) მოაგებინა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე იყო ლა ლიგის ერთი (1977 წელს) და ესპანეთის თასის სამი (1976, 1985, 1992) ტიტული, თანაც, "როხიბლანკომ" მისი ხელმძღვანელობით თასი სამ სხვადასხვა ათწლეულში მოიგო, რაც უნიკალური შემთხვევაა.

შედარებით ახალგაზრდა ქომაგები მას "მალიორკასა" და ესპანეთის ნაკრებში გაწეული სამუშაოთი იცნობენ. "ფურია როხას" დომინაციას საფუძველი სწორედ არაგონესმა ჩაუყარა, როდესაც ამ ქვეყნის მუდმივი პრობლემა მოაგვარა, ნაკრების ფეხბურთელები გააერთიანა და 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. ლეგენდარული ფეხბურთელის და მწვრთნელის გარდაცვალების ფაქტს, სხვებთან ერთად, ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი, ვისენტე დელ ბოსკეც გამოეხმაურა:

"ყველაფერი დილის 7 საათზე გავიგე. ვიცოდი, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ საქმე აქამდე მივიდოდა. ესპანურმა ფეხბურთმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დაკარგა"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრად დამენანა არ იყო ჯერ ისეთ ასაკში რომ გარდაცვლილიყო 75 წელი არაფერია ნათელში ამყოფოს ღმერთმა ბევრმა ლანძღა რაულის თემაზე მაგრამ დაუმტკიცა რომ სწორი ნაბიჯი გადადგა ((
ნებულა
17:45 03-02-2014
0

სიახლეები პოპულარული