"ბარსელონა"-"რეალი". გამოხმაურება: კლასიკოდან დანახული ტიტული [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: "ბარსელონას" შემტევი ტრიო გამარჯვებას გასახდელში აღნიშნავს

* ზედიზედ მეოთხე კლასიკოში ანგარიში "ბარსამ" გახსნა.
* ჟერემი მატიომ სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ეს არ იყო მისი პირველი გოლი "რეალის" კარში, შარშან მან "ვალენსიას" მაისურით ორჯერ აიღო "სამეფო კლუბის" კარი.
* ლუის სუარესი გახდა "ბარსას" 113-ე ფეხბურთელი, ვინც "რეალს" ლა ლიგაში გოლი გაუტანა.
* კრიშტიანო რონალდომ "კამპ ნოუზე" მე-9 გოლი გაიტანა.
* ჩავიმ 42-ედ ითამაშა კლასიკოში (და ალბათ, უკანასკნელად), ის გაუტოლდა რეკორდსმენებს - მანუელ სანჩისსა და ფრანსისკო ხენტოს.
* "ბარსელონას" რიგებში ოფიციალური
მატჩებით ანდრეს ინიესტა მე-4 ადგილზე გადავიდა - 536. მის წინ მხოლოდ ჩავი, კარლეს პუიოლი და მიგელი არიან.
* რონალდო კლასიკოში გოლებით რაულს დაეწია - 15. მეტი მხოლოდ მესის (21) და ალფრედო დი სტეფანოს (18) აქვთ.


კრიშტიანო რონალდომ ლეო მესის ბრძოლა მოუგო, თუმცა ომში გამარჯვებული არგენტინელი გამოვიდა; ჟერარდ პიკემ საოცრად ითამაშა; გარეთ ბეილს ისევ უჭირს; ლუის სუარესი ბრწყინვალედ მოერგო "ბარსას" - ის ფანებს უყვართ; კარლო ანჩელოტის მადრიდული კარიერის დასასრული ახლოვდება...

ნერვები დაწყვეტამდე
კლასიკომდე ნერვები ბოლომდე მოიჭიმა, სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ წინასამატჩო შეხვედრამდე "ბარსელონასა" და "რეალის" პრეზიდენტებმა - ჟოზე მარია ბარტომეუმ და ფლორენტინო პერესმა კინაღამ იჩხუბეს (მართალია, სულ სხვა - თასის ფინალის თემაზე, მაგრამ მაინც).

პოლიციელებმა კი "კამპ ნოუს" წინ კრიშტიანო რონალდოს ფორმაში გამოწყობილ პატარა ბიჭს მოსთხოვეს, ჟაკეტი შემოეხვია, რომ პრობლემებისგან თავი აერიდებინა.

სეზონის რეკორდი
"კამპ ნოუზე" სეზონის რეკორდული რაოდენობის ხალხი შეიკრიბა - 98 760, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა "ბარსას" გულშემატკივრობდა და აი, შედეგიც - 2:1 და ახლა ბევრი რამ, თუ ყველაფერი არა, ლუის ენრიკეს გუნდის ხელშია.

ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე "ბარსა" უშუალო კონკურენტს 4 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ თუ გუნდები თანაბარი ქულებით დაასრულებენ პირველობას, ჩემპიონი "რეალი" გახდება, თუმცა 4 ქულის აღმოფხვრა "სამეფო კლუბს" ძალიან გაუჭირდება.

ჟერემი მატიოსა და ლუის სუარესის გოლებს შორის იყო კრიშტიანო რონალდოს 31-ე გასროლა ამ სეზონის ლა ლიგაში, რომელიც არც იმისთვის გამოდგა საკმარისი, რომ ბომბარდირთა დავაში ლეო მესის დაწეოდა და ვერც "რეალს" მოუტანა თუნდაც ქულა.

ლუის სუარესის მე-8 გოლი სეზონში პირველი იყო მის კარიერაში "რეალის" კარში. ურუგვაელმა კარგად მიიღო დანი ალვეშის შორეული პასი, მისმა დარტყმულმა იკერ კასილიასი მშრალზე დატოვა, რომელიც მანამდე გადახტა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სუარესი "ბარსას" 113-ე ფეხბურთელია, რომელმაც "რეალის" კარში გოლი ლა ლიგის მატჩში გაიტანა.

დიდი დავა გამოიწვია პირველ ტაიმში გარეთ ბეილის გაუქმებულმა გოლმა. გამეორებაზე ჩანს, რომ პასის მომენტში ბეილი არა, მაგრამ კრიშტიანო რონალდო მართლაც თამაშგარე მდგომარეობაშია. როგორც ჩანს, ლაინსმენი არ შემცდარა.

ჩვენი აზრით, "ბარსელონას" სამი საუკეთესო ფეხბურთელი: ჟერარდ პიკე, ლუის სუარესი, ჟერემი მატიო.

"რეალის" სამი საუკეთესო ფეხბურთელი: ქარიმ ბენზემა, მარსელო, ლუკა მოდრიჩი.

whoscored.com-ის სტატისტიკურად საუკეთესო ფეხბურთელი - ლიონელ მესი, 8,6 ბალი.

მატჩის შემდგომ
ლუის ენრიკე (ბარსელონა):
"რეალი" ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი გამარჯვებულია. ის იმავე დონის გუნდია, როგორიც ჩვენ ვართ და ორივეს ერთნაირი მიზნები გვაქვს დასახული. ჩემმა ფეხბურთელებმა დღეს ბევრი სიძნელე გადაიტანეს, მაგრამ, როცა ბურთი მათ ჰქონდათ, ბრწყინვალედ თამაშობდნენ.

საფეხბურთო მატჩში სხვადასხვა ფაზა და ეტაპია. პირველ ტაიმში მათ ბურთი ჰქონდათ და ძალიან საშიშები იყვნენ. მეორეში გოლმა ჩვენ შვება მოგვგვარა და მერე კიდევ შეგვეძლო გატანა. დღეს ჩვენ ვნახეთ ძალიან ინტენსიური მატჩი მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდის შესრულებით. ძალიან ტკბილი გამარჯვებაა, მოვუგეთ უშუალო კონკურენტს და ლა ლიგაში საქმეები კარგად მიგვდის. ყოველთვის გვსურს, რომ ბურთზე კონტროლი მოვიპოვოთ, მაგრამ ფეხბურთის თამაში მარტო ჩვენ არ ვიცით.

მთავარია, კარგად წაიკითხო თამაში. მესის სრული თავისუფლება აქვს ჩემს სქემებში. ამიტომ ხშირად მისი გადაადგილებებიდან გამომდინარე, ვაბალანსებთ თამაშს. ლა ლიგაში 10 ტური რჩება და ყველაფერი შეიძლება ჯერ მოხდეს. ჩვენ გვიხარია, რომ იქ ვართ, სადაც გვსურდა ყოფნა - ცხრილის სათავეში. ძალიან მოხარული ვარ ლუის სუარესის გამარჯვების გოლის გამო. ის ბევრს ნიშნავს გუნდისთვის თავისი შემართებით, გოლებით და თამაშით. სწორედ ამიტომ არის იგი "ბარსელონაში".

კარლო ანჩელოტი (რეალი):
"დაჭრილები ვართ და გულნატკენები, მაგრამ სჯობს, იმაზე ვიფიქროთ, რა კარგად ვითამაშეთ და ასეთი განწყობით შევხვდეთ მომდევნო მატჩს. შედეგი, რა თქმა უნდა, დასანანია, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა.

დღეს ორი უმაღლესი კლასის გუნდის ჯახი იყო. მეტოქის მეორე გოლამდე კარგად ვთამაშობდით, შემდეგ კი წარმოუდგენლად გაგვიჭირდა. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და დაცვაში ბრწყინვალედ ვირჯებოდით, მერე კი თამაშის გათანაბრება ვეღარ შევძელით.

ასე უნდა ვითამაშოთ შემდგომშიც. ლა ლიგა ახლა უფრო რთულად მოსაგებია, მაგრამ არ ვნებდებით. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ძნელია, მაგრამ ჩვენი მიზანი არ შეცვლილა - ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. პირველი 60 წუთი ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს, მერე "ბარსამ" იყოჩაღა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აბსოლიტურად პირად აზროვნებაზე დაფუძნებული ნაბოდვარია, აშკარად ბარსას ფანი.
კოტე
12:33 24-03-2015
0
კოტე შენ ვისი ფანი ხარ?
guga
14:52 24-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული