ფრთხილად, თქვენ გელით "რეალი"! - ათი ვარსკვლავის ათი ფიასკო

AutoSharing Option
ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ისეთ სუპერკლუბში გადასვლაზე, როგორიც მადრიდის "რეალია", მაგრამ მოვლენები ყოველთვის კარგად როდი ვითარდება "სამეფო კლუბში" აღმოჩენილი მოთამაშეებისათვის. დღეს იმ 10 ფეხბურთელზე ვისაუბრებთ, "რეალში" გადასვლის შემდეგ კარიერა რომ დაენგრათ.

ჯონათან ვუდგეიტი
2004 წლის აგვისტოში "ნიუკასლის" მცველის გადაბირება "რეალს" 13,4 მილიონი გირვანქა დაუჯდა. ბევრი ამ ტრანსფერმა გააკვირვა, რადგან ვუდგეიტს იმთავითვე მიიჩნევდნენ ძალიან უიღბლო და წინააღმდეგობებით აღსავსე ფეხბურთელად.

ის მიდრეკილი იყო ტრავმებისადმი და ხშირად დილამდე სტუმრობდა ღამის ბარებს.
მისი დებიუტი "რეალში" ტრანსფერიდან კარგა ხნის შემდეგ, 2005 წლის სექტემბერში შედგა. პრემიერა ტრაგიკულად
დასრულდა. "ატლეტიკოსთან" მატჩში მან საკუთარ კარში გაიტანა გოლი და წითელი ბარათი მიიღო. სულ "სამეფო კლუბში" 9 მატჩი ითამაშა.

ტომას გრავესენი
დანიელმა საყრდენმა "რეალთან" კონტრაქტი 2005 წლის იანვარში გააფორმა. მანამდე მან რამდენიმე წარმატებული სეზონი გაატარა "ევერტონში". ის კლუბის გულშემატკივრების ნამდვილი კერპი იყო. "რეალმა" სკანდინავიელი სასაცილო თანხად, 2,5 მილიონ გირვანქად იყიდა.

ისე ჩანდა, რომ მადრიდელებმა ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო მიიჩნევდა, რომ გრავესენი შუა ხაზის წამყვანი ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ტომასს ტოპ-კლუბში სათამაშოდ კლასი არ ეყო. ის მალე გაუშვეს გუნდიდან. დანიელი ახლა ცხოვრებით ტკბება ლას-ვეგასში და პირად ანგარიშზე 100 მილიონამდე ევრო აქვს.

როისტონ დრენტე
2007 წლის ზაფხულში 20 წლის ჰოლანდიელი "რეალში" როტერდამის "ფეიენოორდიდან" გადავიდა. იქ ის თანამემამულე ვესლი სნეიდერს შეუერთდა. დებიუტი დიდებული გამოვიდა - დრენტემ 40 მეტრიდან ბრწყინვალე გოლი გაუტანა "სევილიას".

მთლიანობაში, მისთვის პირველი მადრიდული სეზონი ცუდი არ ყოფილა. მერე კი ჰოლანდიელმა თავისი ადგილი ძირითადში მარსელოს დაუთმო. სულ როისტონმა "რეალში" 65 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, დრენტე დიდი ტალანტი იყო, მაგრამ წნეხს ვერ გაუძლო. ის ორჯერ გაანათხოვრეს. ბოლოს კი "ალანიაში" აღმოჩნდა. სულ ახლახან არაბულ "ბანი იასს" მიაშურა.

ჟულიენ ფობერი
ვერავინ გაიგო, რატომ აიყვანა იჯარით "რეალმა" ეს ფეხბურთელი 2009 წლის ზამთარში. მაშინ "რეალს" ძალიან რთული სეზონის ენდშპილი ელოდა. ამ დროს გუნდს უმაღლესი კლასის ნახევარმცველი სჭირდებოდა და არა ფობერი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფობერმა დრო დაკარგა მადრიდში. მას მხოლოდ რამდენჯერმე ერგო ბედნიერება, მოერგო "სამეფო კლუბის" მაისურა. "რეალში" სწრაფად მიხვდნენ მათ მიერ დაშვებულ შეცდომას და ფეხბურთელი ოდინდელ კლუბს, "ვესტ ჰემს" დაუბრუნეს.

ელვირ ბალიჩი
დღეს ბოსნიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თურქული "ქარაბუქის" მთავარი მწვრთნელია. 90-იანი წლების შუაში კი ის მეორე თურქულ კლუბში, "ბურსასპორში" ბრწყინავდა. ამ გუნდში მან 87 მატჩში 42 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ის "ფენერბაჰჩეში" გადავიდა.

1999 წლის აგვისტოში ბალიჩი "რეალმა" 26 მილიონ ევროდ იყიდა. მაშინ ეს ძალიან სოლიდური თანხა იყო. 11 მატჩი და 1 გოლი - ასეთი იყო ბოსნიელის მადრიდული მონაგარი. მას ხელი ხშირმა ტრავმებმა შეუშალა. ბალიჩი "რეალმა" ჯერ "ფენერბაჰჩეში" გაანათხოვრა, მერე კი "რაიო ვალეკანოში". ბოსნიელი ძველ დონეზე ვეღარ დაბრუნდა.

ანტონიო კასანო
დიდი ალბათობით, ანტონიო კასანოს ისტორია ყველაზე უცნაურია. 2000-იანების დასაწყისში ის ნამდვილი ბრილიანტი იყო. კასანოს ზურგსუკან ჰქონდა რამდენიმე დიდებული სეზონი "რომაში". 2006 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ის "რეალმა" აიყვანა.

მადრიდში ანტონიოს ყველაფერი კარგად აეწყობოდა, რომ არა მისი ფეთქებადი ხასიათი. სადებიუტო შეხვედრაში კასანომ გოლი გაიტანა, მაგრამ ასევე კარგად ვეღარ განაგრძო. მას ურთიერთობა გაუფუჭდა ფაბიო კაპელოსთან. მადრიდში მყოფ ანტონიოს მუდმივად აკრიტიკებდნენ ზედმეტი წონის გამო.

ეჟი დუდეკი
2007-08 წლების სეზონში დუდეკი "რეალში" მივიდა. "სამეფო კლუბი" მის კარიერაში ბოლო გუნდი აღმოჩნდა. მის მადრიდულ კარიერას წინ უძღვოდა 6 დასამახსოვრებელი სეზონი "ლივერპულში". 2005 წელს პოლონელმა მერსისაიდელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"რეალში" მისვლისას დუდეკი უკვე 34 წლის იყო. ის შეგნებულად დათანხმდა სათადარიგო გოლკიპერის როლს, რადგან იცოდა, რომ ვერაფრით მოუგებდა კონკურენციას იკერ კასილიასს. 4 მადრიდული სეზონის განმავლობაში ის მხოლოდ 12 მატჩში გავიდა მინდორზე.

ემერსონი
ბრაზილიელი საყრდენი "რეალის" ფეხბურთელი 2006 წელს გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისი ყოფილი კლუბი "იუვენტუსი" სერია A-დან "კალჩოპოლის" სკანდალთან დაკავშირებით გააძევეს. ფაბიო კაპელომ აქცენტი სამხრეთამერიკელ საყრდენზე გააკეთა.

"რეალს" ემერსონი 16 მილიონი ევრო დაუჯდა. "რეალში" საფეხბურთო მსოფლიომ სულ სხვანაირი ემერსონი დაინახა. ესპანური გრანდის რიგებში ბრაზილიელი დაიკარგა. ემერსონი დაბრუნდა იტალიაში, სადაც 6 მილიონ ევროდ ჩაირიცხა "მილანში".

გაბრიელ ჰაინცე
2007 წლის ზაფხულში არგენტინელი მცველი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მივიდა "რეალში". "იუნაიტედმა" მის ტრანსფერში 8 მილიონი გირვანქა იშოვა. არგენტინელი შეცდა, როცა ინგლისი ესპანეთზე გაცვალა. ის "ოლდ ტრაფორდის" რჩეული იყო.

ჰაინცემ "რეალთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ გუნდში მხოლოდ ორი წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 58 მატჩი ითამაშა. გაიტანა 3 გოლი. ბოლოს "სამეფო კლუბის" ძირითადში დაკარგა ადგილი და "მარსელს" შეეხიზნა.

კაკა
2009 წლის ივნისში "რეალმა" ვარსკვლავში "მილანს" 70 მილიონ ევრომდე გადაუხადა. კაკასთან ექვსწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. "მილანმა" უარი ვერ თქვა ამხელა ფულზე. ბრაზილიელს კი ახალი ასპარეზი სჭირდებოდა, რადგან იტალიურ გრანდთან ერთად თითქმის ყველაფერი მოეგო.

კაკას ჰქონდა "რეალში" კარგი მატჩები, მაგრამ მთლიანობაში მან მაინც ვერ გაამართლა უდიდესი მოლოდინი. ჟოზე მოურინიოს მადრიდულ კლუბში მისვლამ კიდევ უფრო დააჩქარა სამხრეთამერიკელის "რეალიდან" წასვლა.

2013 წლის სექტემბერში კაკა "მილანს" დაუბრუნდა, ახლა კი "ორლანდო სიტის" ღირსებას იცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ოუენს ოქროს ბურთი აქვს მოგებული და კაკას...ესენი არიან ვარსკვლავები და დანარჩენები არ არიან
kakadu
12:34 19-11-2015
0
რობენმა ითამაშა დიდი ფეხბურთი რეალის მერე ვან დერ ვაარტიც მაღა დონეზე იყო. ოუენში ბაზარი არაა
bingo
12:23 19-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული