ვინ არის ლუანი - "ბარსას" მთავარი ამოცანა და გათვლა პერსპექტივაზე

AutoSharing Option
"ბარსელონას" სატრანსფერო კამპანია ამ ზაფხულს განსაკუთრებით თვალისმომჭრელი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ კატალონიური კლუბი "წერტილოვნად" გაძლიერდა იმ პოზიციებზე, რომლებიც გასულ სეზონში აშკარად ჩავარდა.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, "ბარსელონა" წარმატებით გადაჭრის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. მოკლედ, რა ხდება ახლა კატალონიურ სუპერკლუბში? ჩვენი წერილი სწორედ ამ საინტერესო თემას ეხება.

პირველი რიგის ამოცანა
"ბარსელონასათვის" სეზონთაშორის პერიოდში მთავარი ამოცანა იმ ვარსკვლავების შენარჩუნებაა, რომელთა გამოისობითაც ბოლო წლების განმავლობაში კატალონიური კლუბის თაყვანისმცემელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სატრანსფერო ციებ-ცხელებამ ეკვატორი უკვე გადაკვეთა. როგორც ჩანს, "ბარსელონა" მოახერხებს თავისი
მთავარი ვარსკვლავების შენარჩუნებას. არსად წავლენ ლიონელ მესი, ლუის სუარესი და ნეიმარი. ანდრეს ინიესტა, თავისთავად, არსად წავა.

არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ბევრი იწერებოდა გუნდიდან მესის შესაძლო წასვლაზე. ნეიმარსა და სუარესსაც არ აკლდათ მსურველები. როგორც ჩანს, "ჯადოსნური ტრიოს" გარშემო სპეკულაციები საბოლოოდ დასრულდა.

ასევე შენარჩუნებულია ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ასე თუ ისე, რაღაც როლს თამაშობდა "ბარსელონაში". გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დანი ალვეში, ვისი გუნდიდან წასვლაც ჯერ კიდევ წინა სეზონის მსვლელობისას გადაწყვეტილ ამბად მოჩანდა.

ახლები
"ბარსელონამ" მთავარი აქცენტი პერსპექტივასა და დაცვის გამაგრებაზე გააკეთა. დაცვა იყო წინა სეზონში ერთადერთი სათამაშო რგოლი, სადაც კატალონიურ სუპერკლუბს პრობლემები ჰქონდა.

სამუელ უმტიტი
საფრანგეთის ნაკრების 22 წლის მცველი, რომელიც "ბარსელონას" "ლიონიდან" შეუერთდა. სპეციალისტები ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ევროპის ჩემპიონატზე თავიდან სათადარიგო იყო, მაგრამ პლეი ოფის სტადიაზე ჩაერთო საქმეში და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია.

უმტიტი გამოადგება "ბარსელონას" ცენტრალური მცველის პოზიციაზე, სადაც პრობლემები აშკარაა. რაც მთავარია, აქვს მომატების პერსპექტივა და შეუძლია, ახლო მომავალში დაცვის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.

ლუკას დინი
23 წლის უნიჭიერესი მარცხენა მცველი. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე მოასწრო თამაში "ლილში", "პარი სენ-ჟერმენსა" და "რომაში". ძალიან აქტიურია შეტევაში და დიდწილად, სწორედ ამიტომ შეაჩერა "ბარსელონამ" მასზე არჩევანი. უკვე კარგა ხანია, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში იწვევენ.

მარტინ მონტოია
25 წლის მარჯვენა მცველი ჯერ "ინტერში" იყო განათხოვრებული, მერე "ბეტისში". თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან ფეხი ვერსად მოიკიდა. მონტოია კონტრაქტით "ბარსელონას" კუთვნილებაა, ახლა კი "ვალენსიაში" ითამაშებს იჯარით.

ანდრე გომეში
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი "ბარსელონას" ძვირი დაუჯდა. კატალონიურმა კლუბმა ანდრე გომეშში მთლიანობაში 50 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. ვნახოთ, როგორ შეძლებს "ვალენსიის" ყოფილი ფეხბურთელი "ბარსაში" ადაპტაციას. ფაქტია - ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად გომეშს მართლაც რომ ჯოჯოხეთური კონკურენციის დაძლევა მოუწევს. გომეში 23 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.

დენის სუარესი
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც კატალონიურ კლუბს "ვილიარეალიდან" დაუბრუნდა. იმთავითვე შეიძლება თქმა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება. დიდი ალბათობით, 22 წლის შემტევ ნახევარმცველს სათადარიგოობით მოუწევს დაკმაყოფილება.

კრისტიან ტელიო
ერთ დროს ყველა მიიჩნევდა, რომ "ბარსელონასათვის" სარგებლობის მოტანას შეძლებდა. ახლა ტელიო მხოლოდ სხვადასხვა გუნდში გატარებული იჯარებით თუ გვამახსოვრებს თავს. სავარაუდოდ, მას კიდევ გაანათხოვრებენ.

რას უნდა ველოდოთ?
"ბარსელონას" მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გახლავთ "გრემიოს" 23 წლის ფორვარდი, ლუან გილერმე დე ჟეზუს ვიეირა, იგივე ლუანი. მას სისტემატურად იწვევენ ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრებში.

როგორც ირკვევა, ფეხბურთელი კარგად დაახასიათა "ბარსას" ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნეიმარმა. ბოლო დროს "გრემიოს" წარმოდგენა ლუანის გარეშე შეუძლებელია. ეს თავდამსხმელი კარგი შედეგიანობით გამოირჩევა.

ცოტა ხნის წინათ ლუანი ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა კოპა ამერიკის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, თუმცა საბოლოოდ დუნგამ სხვა ფეხბურთელებზე შეაჩერა არჩევანი.

ყველა დაგვეთანხმება, ბრაზილია კოპაზე სამარცხვინოდ გამოვიდა, ჩვენი გმირი კი ამ სირცხვილს ასცდა. ამბობენ, რომ მას უახლოეს მომავალში მიიწვევენ "სელესაოში". ეს ალბათ მართლაც ასე იქნება, რადგან ბრაზილია კვალიფიციური ფორვარდების არნახულ დეფიციტს განიცდის.

ლუანი, რა თქმა უნდა, ვარსკვლავური სამეულიდან ვერც ერთს ამოაგდებს შემადგენლობიდან, მაგრამ სუარესს, ნეიმარსა და მესის შემცვლელი სჭირდებათ, ამჟამად კი ასეთი მხოლოდ მუნირ ელ ჰადადია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული