არ დანებდე - რა სჭირს მადრიდის "ატლეტიკოს"

AutoSharing Option
ორი მატჩი, ორი ფრე. მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელები და ქომაგები ამას ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ. არადა, პრიმერას სტარტი "ათლეტებს" ცუდს არაფერს უქადდა.

დიეგო სიმეონეს გუნდს ხომ ორივე შეხვედრა ახლადაღზევებულ გუნდებთან ჰქონდა. ცუდი თამაში და ცუდი შედეგი - ასე დაიწყო სეზონი გუნდისათვის, რომელიც ბოლო სეზონების განმავლობაში ევროპული ფეხბურთის ნამდვილ აღმოჩენად იქცა.

რა თქმა უნდა, უმიზეზოდ არაფერი ხდება და "ატლეტიკოს" ამ ჩავარდნასაც აქვს თავისი მიზეზები და რადგან ამ ცხოვრებაში მუდმივი არაფერია, დასასრულიც უნდა ჰქონდეს. ჩვენი წერილი სწორედ "ატლეტიკოს დღევანდელ მდგომარეობას ეხება.

მიზეზი პირველი
"ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. თუ არაფერი შეიცვალა და ჩვენი თამაში უკეთესი არ გახდა, სეგუნდა დივიზიონში გავვარდებით. აუცილებლად უნდა მოვიგოთ შემდეგი თამაში და უნდა დაიწყოს ჩვენი გუნდის აღმასვლა." - თქვა "ლეგანესთან" გასვლაზე ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ გუნდის ფრანგმა ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა.

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ცუდ ფორმაშია. თითქოს, მას ფეხებზე სიმძიმეები კიდია და ისე თამაშობს. გრიზმანი ამ ამბავში მარტო არ არის. სხვებიც სცოდავენ.

რატომ არის "ატლეტიკო" ასეთი მძიმე? ამის ახსნა მარტივად შეიძლება. ამ გუნდის ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. საფრანგეთიდან ბევრს ჩამოჰყვა უარყოფითი ემოციები. მაგალითად, გრიზმანი ავიღოთ, რომელმაც მშობლიურ ქვეყანაში ოქრო ვერ მოიგო.

ავიღოთ "ატლეტიკოს" დესანტი ესპანეთის ნაკრებში. "ფურია როხა" ტურნირზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის რანგში ჩავიდა და ვერაფერს მიაღწია. ფეხბურთელებს გაუჭირდათ ახალ სეზონზე, ახალ მიზნებზე კონცენტრირება.

მიზეზი მეორე
სეზონთა შორის პერიოდი "ატლეტიკოსათვის" ძალიან გადატვირთული აღმოჩნდა. არ დარჩენილა მადრიდელთა არც ერთი წამყვანი ფეხბურთელი, რომელსაც განსაკუთრებით მიმზიდველი წინადადება არ ჰქონოდეს ევროპული გრანდებისგან.

დიეგო სიმეონესა და "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობის ძალისხმევით გუნდმა მთლიანად შეინარჩუნა შემადგენლობა. მეტიც, ფეხბურთელებს რომ უკეთესი მომავლის განცდა ჰქონოდათ, მადრიდელები გაძლიერდნენ კიდეც. ვგულისხმობთ ნიკოლას გაიტანის დამატებას "ბენფიკადან".

და მაინც, ქვეცნობიერად ჯერ კიდევ რთულია იმის გაცნობიერება, რომ ახალს ძველი და შეჩვეული ამჯობინე. რომ ისევ იმ გუნდის წევრი ხარ, რომლისაც ადრე იყავი. ეს შეგრძნება უახლოეს მომავალში უნდა მოვიდეს.

მიზეზი მესამე
როგორც წესი, წაგებული ფინალები ფეხბურთელებს დიდხანს ახსოვთ. "ატლეტიკომ" ორჯერ წააგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი "რეალთან" და ორივეჯერ ძალიან დასანანად. სულ ბოლო მარცხი ავიღოთ.

ბევრის აზრით, იმ შეხვედრაში სიმეონეს გუნდი მოწინააღმდეგეზე უკეთესიც კი იყო, მაგრამ გამარჯვება "სამეფო კლუბს" დარჩა. ერთი ნაბიჯი სანუკვარ ჯილდომდე. ნაბიჯი, რომელიც ვერა და ვერ გადაიდგა.

ეჭვგარეშეა, წაგებული ფინალისაგან მოგვრილი იმედგაცრუება "ატლეტიკოს" გადმოჰყვა. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად გაივლის.

მიზეზი მეოთხე
"ატლეტიკოს" წინა ხაზზე ანტუან გრიზმანთან ერთად სასტარტოში ფრანგი კევინ გამეირო მოქმედებს. ჯერ ასეა და მერე რა იქნება, ამას ერთად ვნახავთ. ფერნანდო ტორესი ჯერ თადარიგშია და წინა სეზონში დამჯდარ ელემენტებს ტენის.

გამეირომ უკვე შეაგდო... თერთმეტმეტრიანით. შეაგდო, მაგრამ ბევრი შანსიც გაფლანგა. ზოგადად, "ატლეტიკოს" ფორვარდები ამდენ შანსს არ ფლანგავენ. საერთოდ, ბოლო წლებში ამ გუნდს გასატანი ყოველთვის გააქვს და ეს არის მისი მთავარი სიძლიერე.

თავად გამეიროც ისეთი ფორვარდია, რომ გასატანი ყოვეთვის გააქვს. ორი მატჩი არაფერია. ფრანგი სტაბილურად დაიწყებს გატანას. ფერნანდოც მოვა საგოლე იშტაზე.

გამოსავალი
"მე არასოდეს ვნებდები. ფეხბურთშიც და ზოგადად ცხოვრებაშიც მქონია გამოუვალი სიტუაციები, მაგრამ არასოდეს დავნებებულვარ. ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი ბრძოლაა." - ადვილი გამოსაცნობია, ვის ეკუთვნის ეს სიტყვები.

დიახ, ეს "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს სიტყვებია. ის მებრძოლია და ფეხბურთელებიც ასეთივე ჰყავს.
დაველოდოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული