დიეგო სიმეონე: შესაძლოა, სამყაროში ჩემი ადგილი აქ, "ატლეტიკოში" ვიპოვე

AutoSharing Option
23 დეკემბერს ხუთი წელი გახდა, რაც მადრიდის "ატლეტიკო" არგენტინელმა დიეგო სიმეონემ ჩაიბარა. მაშინ სიმეონე 41 წლის იყო და ევროპაში მწვრთნელობის ნახევარწლიანი გამოცდილება ჰქონდა (იტალიურ "კატანიაში") მხოლოდ.

სიმეონემ მადრიდულ კლუბში გრეგორიო მანსანო შეცვალა. ამასთან, იგი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის (IFFHS) საერთაშორისო ფედერაციამ დააფასა.

სიმეონეს ათი ფრთიანი ფრაზა
"მარკამ" საშობაოდ მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომლიდანაც 10 ყველაზე ფრთიან ფრაზას გთავაზობთ:

1. "შესაძლოა, სამყაროში ჩემი ადგილი აქ, "ატლეტიკოში" ვიპოვე".

2. "ძალიან ძნელი იქნება ჩემთვის "ატლეტიკოზე" უკეთესი ადგილის პოვნა მომავალში".

3.
"აქ მუშაობის საუკეთესო მოგონება ლა ლიგის მოგებას უკავშირდება, ყველაზე უარესი კი - ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორე მარცხს".

4. "შინაგან სიმძიმეს ვგრძნობ, რადგან გუნდი ტიტულისთვის შევამზადე და ფინალში ჩავფლავდი".

5. "დიეგო კოშტასთან ერთად კლუბმა და მე შევძელით ყველაფერი, რისი შეძლებაც ადამიანურ რესურსებს არ აღემატება".

6. "ხუთი წელიწადი ჩემთვის დასასრულს მოასწავებს და ეს ცოტა სულს მიფორიაქებს".

7. "იდეალურ სიტუაციაში ვართ, არც ძალიან შორს და არც ძალიან ახლოს".

8. "თუკი კლუბს სურს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდეს და საამისო ნაბიჯებს გადმოდგამს, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს საოცარი მოგზაურობა".

9. "თუკი შევძლებთ მობილიზებას, წინ კიდევ კარგი დროება გველის".

10. "ჩემი იდეები იმ ჯგუფთან ერთად განვავითარე, რომელიც თავს გასწირავს ჩვენი მიზნებისათვის".

ის თავის ვარსკვლავებს აფასებს
იმავე ინტერვიუში არგენტინელმა სპეციალისტმა გუნდის 4 ვარსკვლავი შეაფასა.

ანტუან გრიზმანზე: "ანტუანი ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი და ახლა კლუბთან ხელახალი მორგება ესაჭიროება. მართალია, ახლა გოლები ვერ გააქვს, მაგრამ დამშვიდებული ვარ, როცა ვუყურებ, როგორ ვარჯიშობს და როგორ იბრძვის. ის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელია".

კევინ გამეიროზე: "ჩვენ ყოველდღიურად მივდივართ იქამდე, სადაც გვინდა, რომ მივიდეთ საბოლოოდ. როცა უფრო მოერგება გუნდს და დამშვიდდება, უფრო მეტად დაეხმარება "ატლეტიკოს". ახალწვეულებმა უნდა გაითავისონ "ატლეტიკოს" მაისურის მნიშვნელობა, რადგან სხვა გუნდების პატივისცემის მიუხედავად, "ატლეტიკო" სულ სხვა დონეა".

ნიკო გაიტანზე: "ჩვენ ახლა ერთმანეთს ვეხმარებით. ჩვენ მას ნელ-ნელა ვუზრდით სათამაშო დროს, რაც ფეხბურთელის ინტერესებშია და ისიც ნელ-ნელა თავს გუნდის მნიშვნელოვან წევრად გრძნობს. ის ისეთი გუნდიდან გადმოვიდა ჩვენთან, სადაც ყველას კერპი იყო. ამიტომაც ჩვენი მოთხოვნები მისთვის ცოტა უცხოა".

სიმე ვრსალიკოზე: "სიმე უმატებს. მას ბევრი ისეთი თვისება აქვს, რაც ძალიან მომწონს ფეხბურთელში. მას ენერგიის გადადება შეუძლია სხვისთვის, ახლა ის ბარიერის დაძლევას ცდილობს. მეტი სათამაშო წუთი ვრსალიკოს "ატლეტიკოსთვის" სასარგებლო ფეხბურთელად აქცევს".

ზიდანს და რანიერის გაასწრო
ამასობაში ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ სიმეონე 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა, რაც არგენტინელის კარიერაში პირველია. სიმეონე შობის აღსანიშნავად სამშობლოში გაემგზავრა, ამიტომაც პრიზის გადაცემის ცერემონიალი არ ყოფილა. დიეგომ 113 ქულით მოიგო. მან აჯობა "რეალის" თავკაც ზინედინ ზიდანს (108 ქულა) და "ლესტერ სიტის" მწვრთნელ კლაუდიო რანიერის (86 ქულა).

სიმეონეს გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა დაუფასდა. ამასთან, გასულ სეზონში "ატლეტიკო" ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა ჩემპიონობის შანსს, ამ სეზონში კი მადრიდულმა კლუბმა ნაადრევად მოიპოვა ლიგის მერვედფინალის საგზური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული