2017 წლის ტრანსფერი? - გრიზმანი, საული და 170 მილიონი ევრო

AutoSharing Option
2017 წელი დადგა და იანვრის სატრანსფერო ფანჯარაც გაიხსნა. ოფიციალური ტრანსფერებიდან ჯერ ხმაურიანი არც ერთია, თუმცა ვარაუდები და ჭორები ისეთია, რომ იანვარში არ მოვიწყენთ.

მედია ერთ რამეზე შეთანხმდა: იანვრის სატრანსფერო სეზონში ვერა, მაგრამ ზაფხულში მთავარი სიახლე ანტუან გრიზმანის ტრანსფერი უნდა გახდეს "მანჩესტერ იუნაიტედში".

ბრიტანული "მეტრო" ირწმუნება, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს ესპანეთის დედაქალაქიდან სერიოზული შევსება აქვს გადაწყვეტილი - "იუნაიტედი" "ატლეტიკოს" 170 მილიონ ევროს სთავაზობს ფრანგი ფორვარდისა და ნახევარმცველის, საულ ნიგესის სანაცვლოდ. ზუსტად ამდენს შეადგენს ჯამურად ამ ორი ვარსკვლავის გამოსასყიდი თანხა ოფიციალურად.

შეგახსენებთ,
რომ ამას წინათ გრიზმანმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, ერთხელაც თანამემამულე პოლ პოგბასთან ერთად ითამაშებს კლუბშიც.

"ეშმაკებში" მიიჩნევენ, რომ გრიზმანი უეინ რუნის იდეალური შემცვლელი იქნება. რუნი კი ახლო მომავალში ჩინეთის სუპერლიგაში შეიძლება აღმოჩნდეს. ისედაც, კლუბის კაპიტანი და ლეგენდა კარგა ხანია, აღარ ითვლება შეუცვლელ ფეხბურთელად და მას ხშირად სათადარიგოთა სკამზეც ვხედავთ.

ბოლო დროს გრიზმანმა თამაშს მოუკლო, თუმცა 25 წლის ფორვარდის "აქციები" ჯერაც ზენიტშია, იგი ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი კანდიდატია (კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესისთან ერთად), თუმცა 9 იანვარს გამარჯვებულად გამოცხადების შანსი თითქმის არ აქვს.

საული 22 წლის შესანიშნავი ნახევარმცველია, ისეთი, როგორიც მოურინიოს მოსწონს. პორტუგალიელს ის დაცვითი ტიპის ნახევარმცველად სურს, ამტკიცებს "ტაიმსი".

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში გრიზმანმა 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა; საულის ანგარიშზე 13 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული