ბუნდესლიგა. XXI ტური: "ბაიერნის" 96-ე წუთი [VIDEO]

AutoSharing Option
წინა ტურის მიმოხილვაში ვთქვით, რომ ბუნდესლიგის საჩემპიონო ინტრიგა მოკვდა, მაგრამ თუნდაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის კუთხით, გერმანიის ჩემპიონატი მაინც არ გახდა მოსაწყენი, რაც ბერლინის "ჰერტას" დამსახურებაა.

შაბათს "ბაიერნი" სწორედ დედაქალაქში ჩავიდა და ისეთი ბრძოლა ვნახეთ, სწორედ ბუნდესლიგის ტოპ-შეხვედრას რომ შეეფერება. ეს იყო ძალიან ემოციური, დაძაბული, არანორმალური მატჩი, რომელიც ბოლოს ლამის ხელჩართულ ბრძოლაშიც გადაიზარდა და არასასიამოვნო ამბებით დამთავრდა.

რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ "ბაიერნმა" ბერლინიდან მხოლოდ ერთი ქულა წაიღო, მაგრამ იმ ერთი ქულის მოპოვებაც სისხლის ფასად დაუჯდა. ბერლინელები ვედად იბიშევიჩის
გოლის წყალობით იგებდნენ და ბავარიელებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 96-ე (!!!) წუთზე მოახერხეს.

მიუნხენელთა გმირი რობერტ ლევანდოვსკია, რომელმაც გოლი მატჩის დაწყებიდან ზუსტად 95 წუთისა და 56 წამის შემდეგ გაიტანა და აქ ისიც მნიშვნელოვანია, რომ მსაჯმა მატჩს მხოლოდ 5 წუთი დაამატა.

ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ის ერთი წუთი აღარ უნდა ეთამაშათ - საქმე ისაა, რომ "ჰერტამ" მსაჯის მიერ დამატებულ დროში ორი ცვლილება განახორციელა და არბიტრი ვალდებულიც კი იყო, რომ ერთი წუთი კიდევ დაემატებინა. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის გახლავთ, რომ ეს ბუნდესლიგის ყველაზე გვიანი გოლია მას მერე, რაც გერმანიის ჩემპიონატის სტატისტიკის მონაცემთა ბაზა შეიქმნა - ეს კი 1992 წელს მოხდა.

ლევანდოვსკის გოლი ბავარიელებმა ისე იზეიმეს, დიდი ხანია, გერმანიის ჩემპიონობა აღარ უზეიმიათ ასე. დაუჯერებლად ემოციური იყო მიუნხენელთა დამრიგებელი კარლო ანჩელოტიც. იტალიელმა სპეციალისტმა "ჰერტას" ერთ-ერთ გულშემატკივარს შუათითიც კი უჩვენა. შუათითი... ანჩელოტიმ!

"დიახ, სამწუხაროდ, ნერვები და ემოციები ვეღარ მოვთოკე. ვწუხვარ, მაგრამ ერთ-ერთ ფანს შუათითი მართლაც ვუჩვენე, მაგრამ მიზეზიც მქონდა - იმ ფანმა შემაფურთხა! ზოგადად, ბოლო წუთები ძალიან სტრესული იყო.

ვიღაცები იტყვიან, მსაჯს ხუთი წუთი არ უნდა დაემატებინაო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დაემატებინა. მერე ის ერთი წუთიც უნდა მიემატებინა, რომელშიც გოლი გავიტანეთ, რადგან ბერლინელებმა დამატებულ დროში ორი ფეხბურთელი შეცვალეს", - განაცხადა მატჩის შემდეგ ანჩელოტიმ.

ვიღაცები კი არა, მთელი ბერლინი ფიქრობს, რომ მსაჯს ამდენი დრო არ უნდა დაემატებინა. "სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დრო დაემატა. მე მგონია, რომ სწორედ ესაა "ბაიერნის" ბონუსი. რაც უნდა იყოს, ამ გუნდს ყოველთვის აქვს ხოლმე თავისი ბონუსი მსაჯებისგან და ამ შემთხვევაშიც ასე იყო. მაპატიეთ, ძალიან გაცხარებული ვარ, მაგრამ ჩემს ადგილზე ნებისმიერი ასე იქნებოდა. ხუთი წუთი ხომ დაამატა? და რატომ არ დაამთავრა თამაში ხუთი წუთის შემდეგ?" - ეს "ჰერტას" თავკაცის, პალ დარდაის სიტყვებია.

ლევანდოვსკის გოლის შემდეგ "ოლიმპიაშტადიონზე" ემოციები ქუხდა. მიუნხენელები ზეიმობდნენ, ბერლინელები გამწარებულები იყვნენ, მეკარე იარშტაინმა კარიდან გამოტანილი ბურთი პირდაპირ ჩაბი ალონსოს დაუმიზნა. მეტოქის საჯარიმოში იყო ჩასული მანუელ ნოიერიც, რომელიც შეხლა-შემოხლის ცენტრში მოექცა.

"საერთოდ, ბუნდესლიგაში მსაჯები ძალიან ცოტა დროს ამატებენ ხოლმე. ყველა ფეხბურთელი ასე ფიქრობს! დღეს არბიტრმა ზუსტად იმდენი დაამატა, რამდენიც საჭირო იყო!" - ეს ბავარიელთა გმირის, ლევანდოვსკის სიტყვებია.

ახლა გერმანიის საფეხბურთო ლიგის შესაბამისი კომისია ანჩელოტის საქციელს განიხილავს და შესაძლოა, დააჯარიმოს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბაიერნის" წაფორხილებას ფასი არ ექნებოდა, კვირას "ლაიპციგს" რომ არ ეყოჩაღა. დორტმუნდში და "ჰამბურგთან" ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ საქსონიელები კრიზისიდან გამოსვლის გზას დაადგნენ - მოუგეს რა "გლადბახს" მისსავე "ბორუსია პარკზე". აღსანიშნავია, რომ მიონხენგლადბახელებს დიტერ ჰეკინგის ხელში ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული, "ლაიპციგთან" კი დამარცხდნენ. ამრიგად, ჰაზენჰიუტლის გუნდი "ბაიერნს" 5 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა. ესეც საქმეა.

21-ე ტურის შემდეგ მესამე ადგილზე დორტმუნდის "ბორუსიაა". თომას ტუხელის გუნდმა საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა "ვოლფსბურგი" და შევიდა იმ ზონაში, საიდანაც პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდებიან - და დორტმუნდელებს ამ ზონიდან გამოსვლა აღარ ეპატიებათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იქვეა "ჰოფენჰაიმიც" - "სოფლელები" მცირე ჩავარდნის შემდეგ აზრზე მოვიდნენ და აუტსაიდერ "დარმშტადტს" კრამარიჩის დუბლით მოუგეს.

XXI ტური
აუგსბურგი-ლევერკუზენი 1:3
გოლები: 0:1 ბელარაბი (23), 0:2 ჩიჩარიტო (40), 1:2 კორი (60), 1:3 ჩიჩარიტო (65)
აუგსბურგი (4-1-4-1): ჰიტცი - ვერჰეგი, იანკერი, ჰინტერეგერი, მაქსი - დ. ბაიერი - ტაიგლი (71. ჟი), კორი (88. ლაიტნერი), კოო, უსამი - ბობადილია.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰენრიხსი, იედვაი, დრაგოვიჩი, ვენდელი - ლ. ბენდერი (44. არანგისი), კამპლი - ბელარაბი, ჰავერტცი, ბრანდტი (59. ფოლანდი) - ჩიჩარიტო (67. ბაუმგარტლინგერი).
მაყურებელი: 25 010

დორტმუნდი-ვოლფსბურგი 3:0
გოლები: 1:0 ბრუმა (20 ს. კ.), 2:0 პიშჩეკი (48), 3:0 დემბელე (59)
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პიშჩეკი, გინტერი, ბარტრა, შმელცერი - ვაიგლი (81. მერინო) - შიურლე, კასტრო, დემბელე (73. კაგავა), როისი (67. პულიშიჩი) - ობამეიანგი.
ვოლფსბურგი (3-5-1-1): ბენალიო - ბრუმა, ლუის გუსტავო, როდრიგესი - ვიეირინია (75. ბლაშჩიკოვსკი), ჰორნი, სეგუინი (34. დიდავი), არნოლდი, გერჰარდტი - მალი - გომესი (60. ნტეპი).
მაყურებელი: 56 906

მაინცი-ვერდერი 0:2
გოლები: 0:1 გნაბრი (16), 0:2 დელანი (23)
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი (84. ბუსმანი), ბელი, რამალიო, ბროზინსკი - ლატცა, გბამინი - იოზთუნალი (46. დე ბლაზისი), ბოიან კრკიჩი (58. სეიდელი), ჟაირო - კორდობა.
ვერდერი (4-2-2-2): ვიდვალდი - გებრე სელასიე, სანე, მოისანდერი, ბაუერი - ფრიტცი, დელანი (54. ეგშტაინი) - ბარტელსი, იუნუზოვიჩი (89. გარსია) - გნაბრი (76. ველიკოვიჩი), კრუზე.
მაყურებელი: 27 281

ჰერტა-ბაიერნი 1:1
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (21), 1:1 ლევანდოვსკი (96)
ჰერტა (4-1-4-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - შტარკი - ჰარაგუჩი (94. ლუსტენბერგერი), სკიელბრედი, დარიდა, კალუ (92. მიტელშტედტი) - იბიშევიჩი (87. ესვაინი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ჰუმელსი, ალაბა, ბერნატი (77. კომანი) - კიმიხი (61. ჩაბი ალონსო), ვიდალი (61. ლევანდოვსკი) - რობენი, ტიაგო ალკანტარა, დუგლას კოშტა - თ. მიულერი.
მაყურებელი: 74 667

ჰოფენჰაიმი-დარმშტადტი 2:0
გოლები: 1:0 კრამარიჩი (64), 2:0 კრამარიჩი (93-პენ)
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბიჩაქჩიჩი - კადერაბეკი, ამირი (74. პოლანსკი), რუდი, დემირბაი (50. კრამარიჩი), ცუბერი - ვაგნერი, ტერაცინო (65. სალაი).
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - ფედეცკი, ნიმაიერი, მილოშევიჩი, ჰოლანდი - ჰამით ალთინთოფი, გონდორფი (75. სირიგუ) - სემი, როზენტალი (33. ვრანჩიჩი), ჰელერი - ბოიდი (57. ჩოლაკი).
მაყურებელი: 29 013

აინტრახტი-ინგოლშტადტი 0:2
გოლები: 0:1 ბრეგერი (26), 0:2 პ. გროსი (69-პენ)
აინტრახტი (4-2-2-2): ჰრადეცკი - ჩენდლერი, აბრაამი, ვალეხო (45. მ. ჰექტორი), ოჩიპკა - მასკარელი, ჰასებე - ბარკოკი (63. დ. ბლუმი), რებიჩი - სეფეროვიჩი, ა. მაიერი (83. ტავათა).
ინგოლშტადტი (3-4-3): ჰანსენი - მ. მატიპი, ტისერანდი (61. როჯერი), ბრეგერი - ჰადერგონაი, მორალესი, კოენი (93. კიტელი), ზუტნერი - ლეკი, ლესკანო (89. ჰინტერზეერი), პ. გროსი.
გაძევება: აბრაამი (34) - ლეკი (81)
მაყურებელი: 46 300

ჰამბურგი-ფრაიბურგი 2:2
გოლები: 1:0 ჰანტი (15), 1:1 ფილიპი (23), 2:1 გრეგორიჩი (57), 2:2 გრიფო (72)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, კ. პაპადოპულოსი (31. ჯურუ), მავრაი, ოსტჟოლეკი - უოლასი (83. ეკდალი), იუნგი - დიკმაიერი (46. გრეგორიჩი), ჰოლტბი, კოსტიჩი - ჰანტი.
ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - კიუბლერი, ტორეხონი, სოიუნჩუ, გიუნტერი - აბრაში (62. ფრანტცი), ჰიოფლერი - ფილიპი, ჰაბერერი (85. ნიდერლეხნერი), გრიფო (91. ო. ბულუთი) - პეტერსენი.
გამოუყენებელი პენალტი: ჰანტი (88)
მაყურებელი: 49 405

გლადბახი-ლაიპციგი 1:2
გოლები: 0:1 ფორსბერგი (31), 0:2 ვერნერი (55), 1:2 ვესტერგაარდი (81)
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - იანჩკე, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი (62. ჰოფმანი) - კრამერი, დაჰუდი - ჰანი (62. ჰერმანი), ჯონსონი (80. დრმიჩი) - ტ. აზარი, შტინდლი.
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - შმიტცი, ილსანკერი, კომპერი, ჰალსტენბერგი - კეიტა (76. რ. ხედირა), დემე - ზაბიტცერი, ფორსბერგი (83. უპამეკანო) - ბურკი (66. დ. კაიზერი), ვერნერი.
მაყურებელი: 51 535

კიოლნი-შალკე 1:1
გოლები: 0:1 შიოპფი (2), 1:1 მოდესტე (43)
კიოლნი (3-4-1-2): კესლერი - სიორენსენი, სუბოტიჩი, ჰაინტცი - ოლკოვსკი, ჰიოგერი, ი. ჰექტორი, რაუში - იოიჩი (75. ცოლერი) - ოსაკო, მოდესტე.
შალკე (3-5-1-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ბადშტუბერი - შიოპფი, გორეტცკა, სტამბული, ბენტალები (92. კერერი), კოლაშინაცი - დ. კალიჯური (67. მ. მაიერი) - ბურგშტალერი (78. ჩუპო-მოტინგი).
მაყურებელი: 50 000

ბომბარდირები: 17 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ანტონი მოდესტე (კიოლნი); 16 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
24 თებერვალი:
ვოლფსბურგი-ვერდერი;

25 თებერვალი:
ბაიერნი-ჰამბურგი, ლევერკუზენი-მაინცი, დარმშტადტი-აუგსბურგი, ფრაიბურგი-დორტმუნდი, ლაიპციგი-კიოლნი, ჰერტა-აინტრახტი;

26 თებერვალი:
ინგოლშტადტი-გლადბახი, შალკე-ჰოფენჰაიმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული