ბუნდესლიგა. XXIII ტური: "ბაიერნმა" უპირატესობა გაზარდა [VIDEO]

AutoSharing Option
ლაიპციგში იმედი ჰქონდათ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" კიოლნში ვერ მოიგებდა, თავად საქსონიელები კი აუგსბურგიდან 3 ქულის წაღებას და ცხრილში რეკორდმაისტერთან მიახლოებას გეგმავდნენ, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა - "ლაიპციგმა" პარასკევს აუგსბურგში მხოლოდ 2:2-ს მიაღწია და ორი ქულა დაკარგა, "ბაიერნმა" უპრობლემოდ დაამარცხა "კიოლნი" (3:0) და ახლა მიუნხენური გრანდი სენსაციურ მდევარს უკვე 7 ქულით უსწრებს.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რეკორდმაისტერს ვეღარავინ დაეწევა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მოგვინდვია, ჩვენ კი იმას დავამატებთ, რომ "ლაიპციგის" თავდამსხმელ ტიმო ვერნერს შეეძლო, თავისიანებისთვის სამი ქულა მოეტანა,
მაგრამ ზაბიტცერის საოცნებო ჩაწოდება ვერ გამოიყენა და საგოლე მომენტი ქარს გაატანა.

თუმცა ლაიპციგელები მაინც ბედნიერები უნდა იყვნენ, ვერნერის დარი თავდამსხმელი რომ ჰყავთ, რადგან აუგსბურგელთა სწრაფ გოლს სწორედ ტიმომ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. ეს ვერნერის რიგით მე-14 გოლია ამ სეზონში და ერთი რამ ცხადია: როცა ტიმოს გოლი გააქვს, "ლაიპციგი" არ აგებს. აქვე ვთქვათ, რომ "აუგსბურგში" დებიუტი ჰქონდა კევინ დენსოს - ეს ცენტრალური მცველი 18 წლისაა და "აუგსბურგის" ისტორიაში ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

"ბაიერნი" კი კვლავ მშვენიერ ფორმაშია. "კიოლნი" ამ სეზონში ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, მაგრამ მიუნხენელებმა კიოლნში მაინც საკმაოდ ადვილად გაიმარჯვეს - 3:0 მარტინესის, ბერნატისა და რიბერის გოლებით.

თუმცა, რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, ბავარიელებს ცოტათი გაუმართლათ კიდეც.

50-ე წუთზე ბერნატმა საკუთარ საჯარიმოში, ოსაკოსთან ორთაბრძოლისას აშკარად დაარღვია თამაშის წესები, მაგრამ მსაჯმა იოხენ დრეესმა "ბაიერნის" კარში პენალტი არ დანიშნა. გამეორებაზე კი ცხადად გამოჩნდა, რომ ბერნატმა ოსაკოს ფეხში მოარტყა, რაც იმას ნიშნავს, რომ თერთმეტმეტრიანი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო. სხვა საქმეა, რას მოუტანდა ეს პენალტი "კიოლნს" და იქონიებდა თუ არა საბოლოო შედეგზე გავლენას, მაგრამ ფაქტია, უნდა დანიშნულიყო.

აქვე ვთქვათ, რომ რეკორდმაისტერის თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კვლავ მიმართა როტაციას - ჰუმელსი, რობენი და რიბერი სკამზე დატოვა. ხომ გახსოვთ, სამშაბათს "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში "არსენალს" სტუმრობს, მაგრამ შინ 5:1 აქვს მოგებული და თითქმის გამორიცხულია, რომ ბავარიელებს პრობლემა შეექმნათ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დორტმუნდის "ბორუსია" მესამე ადგილს აღარ თმობს. შაბათს "შავ-ყვითლებმა" "ლევერკუზენს" "შავი დღე აყარეს" - 6:2 და ამ შეხვედრის შემდეგ "ბაიერის" თავკაც როჯერ შმიდტის საქმე ცუდადაა. უფრო ზუსტად: შმიდტი გაათავისუფლეს! პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა და ბუნდესლიგაში უკვე 75 გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, რობერტ ლევანდოვსკის 75 გოლის გასატანად ბუნდესლიგაში 131 მატჩი დასჭირდა, ობამეიანგმა კი ამდენივე ბურთი 117 შეხვედრაში გაიტანა. ცხადია, გაბონელი მიმდინარე სეზონშიც საუკეთესო ბომბარდირია (21 გოლი). სამწუხაროდ, მარკო როისმა ტრავმა მიიღო, 44 წუთის შემდეგ შეცვალეს და ოთხშაბათს, "ბენფიკასთან" უაღრესად მნიშვნელოვან თამაშში მისი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მთლად 6:2 ვერა, მაგრამ 5:2 მოიგო "ჰოფენჰაიმმა" და მეოთხე ადგილზე მყარად დამკვიდრდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ "სოფლელები" "ინგოლშტადტთან" მე-60 წუთისთვის 1:2-ს აგებდნენ და დარჩენილ ნახევარ საათში 4 ბურთი გაუტანეს.

"ლევერკუზენის" არ იყოს, მძიმეა "შალკეს" მწვრთნელის, მარკუს ვაინცირლის მდგომარეობაც. გელზენკირხენელები მიონხენგლადბახში 2:4 დამარცხდნენ და თუ "ჭკვიანად არ იქნებიან", შესაძლოა, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე დაემუქროთ.

XXIII ტური
აუგსბურგი-ლაიპციგი 2:2
გოლები: 1:0 სტაფილიდისი (19), 1:1 ვერნერი (25), 1:2 კომპერი (52), 2:2 ჰინტერეგერი (60)
აუგსბურგი (3-4-3): ჰიტცი - დანსო, კაჩარი, ჰინტერეგერი - ფრამბერგერი (52. ტაიგლი), მორავეკი (76. ჰალილ ალთინთოფი), კორი, სტაფილიდისი - კოო, ბობადილია, ჟი (58. ლაიტნერი).
ლაიპციგი (4-1-2-3): გულაჩი - შმიტცი, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - ილსანკერი - კეიტა, დემე (83. ბურკი) - ზაბიტცერი, ვერნერი, ფორსბერგი.
მაყურებელი: 28 314

დორტმუნდი-ლევერკუზენი 6:2
გოლები: 1:0 დემბელე (6), 2:0 ობამეიანგი (26), 2:1 ფოლანდი (48), 3:1 ობამეიანგი (69), 3:2 ვენდელი (74), 4:2 პულიშიჩი (77), 5:2 შიურლე (85-პენ), 6:2 გერეირო (92)
დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა - დურმი, ვაიგლი, კასტრო, გერეირო - დემბელე (73. კაგავა), ობამეიანგი (81. შიურლე), როისი (44. პულიშიჩი).
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰენრიხსი, იედვაი, თოფრაქი (86. დრაგოვიჩი), ვენდელი - არანგისი (38. ბელარაბი), ლ. ბენდერი - მეჰმედი (66. ჩიჩარიტო), კამპლი - ჰავერტცი, ფოლანდი.
მაყურებელი: 80 100

მაინცი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 0:1 გომესი (20), 1:1 კორდობა (24)
მაინცი (4-2-2-2): ლიოსლი - დონატი, ბელი, რამალიო, ბუსმანი - ფ. ფრაი, ლატცა - იოზთუნალი, დე ბლაზისი (90. გბამინი) - მუტო (67. ჟაირო), კორდობა (90. კაისონი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ბლაშჩიკოვსკი, ბრუმა (75. ჰორნი), კნოხე, როდრიგესი - ბაზური, ლუის გუსტავო - დიდავი (78. მაიორალი), არნოლდი, მალი - გომესი.
მაყურებელი: 27 238

კიოლნი-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 ხავი მარტინესი (25), 0:2 ბერნატი (48), 0:3 რიბერი (90)
კიოლნი (4-2-3-1): კესლერი - ოლკოვსკი, სიორენსენი (56. მარო), სუბოტიჩი, რაუში - ჰიოგერი (73. იოიჩი), ჰაინტცი - კლემენსი (63. რუდნევსი), ოსაკო, ცოლერი - მოდესტე.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ალაბა, ბერნატი - ტიაგო ალკანტარა, ვიდალი (73. კიმიხი) - კომანი (82. რაფინია), თ. მიულერი, დუგლას კოშტა (52. რიბერი) - ლევანდოვსკი.
მაყურებელი: 50 000

ვერდერი-დარმშტადტი 2:0
გოლები: 1:0 კრუზე (75-პენ), 2:0 კრუზე (92)
ვერდერი (4-2-2-2): ვიდვალდი - გებრე სელასიე, სანე, მოისანდერი, ბაუერი - იუნუზოვიჩი (32. ეგშტაინი), ფრიტცი (39. გრილიჩი) - ბარტელსი, გნაბრი - პისარო (78. კაინცი), კრუზე.
დარმშტადტი (4-2-3-1): ფერნანდესი - სირიგუ, ნიმაიერი, ზულუ, ჰოლანდი (78. ბოიდი) - გონდორფი, ჰამით ალთინთოფი - სემი (87. შიპლოკი), ვრანჩიჩი (72. გუვარა), ჰელერი - ჩოლაკი.
მაყურებელი: 41 000

ჰოფენჰაიმი-ინგოლშტადტი 5:2
გოლები: 1:0 რუდი (17), 1:1 კოენი (38), 1:2 ზიულე (60-საკ. კარში), 2:2 სალაი (62), 3:2 კრამარიჩი (77), 4:2 სალაი (79), 5:2 ბ. ჰიუბნერი (88)
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი - ამირი (80. ტოლიანი), ტერაცინო (52. კრამარიჩი), რუდი, დემირბაი, ცუბერი - სალაი, ვაგნერი (85. ბიჩაქჩიჩი).
ინგოლშტადტი (3-4-3): ჰანსენი - მ. მატიპი, ტისერანდი, ბრეგერი - ჰადერგონაი, მორალესი (87. ა. იუნგი), კოენი, ზუტნერი - ჰინტერზეერი (82. კიტელი), ლესკანო, პ. გროსი (72. ლექსი).
მაყურებელი: 23 028

გლადბახი-შალკე 4:2
გოლები: 1:0 ჯონსონი (28), 1:1 ბენტალები (38-პენ), 2:1 ჯონსონი (64), 3:1 ვენდტი (67), 4:1 რაფაელი (76), 4:2 გორეტცკა (83)
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - იანჩკე, ა. კრისტენსენი (82. კოლოძიეჩაკი), ვესტერგაარდი, ვენდტი - კრამერი (46. შტრობლი), დაჰუდი - ჰერმანი (65. ჰოფმანი), ჯონსონი - შტინდლი, რაფაელი.
შალკე (3-5-1-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნასტასიჩი, ბადშტუბერი (85. კონოპლიანკა) - შიოპფი, გორეტცკა, სტამბული, ბენტალები, კერერი - დ. კალიჯური (72. ჰუნტელაარი) - ბურგშტალერი (71. დი სანტო).
მაყურებელი: 54 014

აინტრახტი-ფრაიბურგი 1:2
გოლები: 1:0 ჰრგოტა (11), 1:1 ნიდერლეხნერი (25), 1:2 ნიდერლეხნერი (59)
აინტრახტი (3-5-1-1): ჰრადეცკი - მ. ჰექტორი, ჰასებე, ოჩიპკა - ჩენდლერი, გაჩინოვიჩი (80. ალექს მაიერი), მასკარელი, დ. ბლუმი, ტავათა (65. ბარკოკი) - რებიჩი (74. ტარაშაი) - ჰრგოტა.
ფრაიბურგი (4-2-2-2): შვოლოვი - კიუბლერი, გულდე, კემპფი, გიუნტერი - შუსტერი (88. ტორეხონი), ჰიოფლერი (83. აბრაში) - ფრანტცი, გრიფო - ჰაბერერი, ნიდერლეხნერი (85. პეტერსენი).
მაყურებელი: 50 000

ჰამბურგი-ჰერტა 1:0
გოლი: 1:0 ეკდალი (77)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, კ. პაპადოპულოსი, იუნგი, ოსტჟოლეკი - ეკდალი, უოლასი (73. გ. საკაი) - ნ. მიულერი, ჰოლტბი (58. კოსტიჩი), ჰანტი (89. გრეგორიჩი) - ვუდი.
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - შტარკი (52. დუდა), სკიელბრედი - ჰარაგუჩი (84. ესვაინი), დარიდა, კალუ - იბიშევიჩი.
მაყურებელი: 44 445

ბომბარდირები: 21 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 17 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 14 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
10 მარტი:
ლევერკუზენი-ვერდერი.

11 მარტი:
ბაიერნი-აინტრახტი, ჰერტა-დორტმუნდი, დარმშტადტი-მაინცი, ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი, ლაიპციგი-ვოლფსბურგი, ინგოლშტადტი-კიოლნი.

12 მარტი:
შალკე-აუგსბურგი, ჰამბურგი-გლადბახი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული