მესუთ იოზილი - გერმანელი, რომელსაც დღესაც უჭირს გერმანულად საუბარი

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი იხსენებს, თუ როგორ გაიარა ადაპტაცია გერმანულ კულტურასთან. წარმოშობით თურქი მესუთი გელზენკირხენშია დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ ამბობს, რომ სახლში დღემდე თურქულად ლაპარაკობენ.

"ადვილი არ იყო. საბავშვო ბაღში არ დავდიოდი, მაგრამ მოსამზადებელ სკოლაში - კი. იქ მოსწავლეების 99% ემიგრანტი გახლდათ. ერთმანეთში თურქულად ვსაუბრობდით და პრობლემაც ამაში იყო - გერმანულად მხოლოდ მასწავლებლებს ვესაუბრებოდით. სკოლაშიც ბევრი თურქი დამხვდა. ამიტომაც გერმანულის სწავლა გამიჭირდა. დღესაც კი კონცენტრაცია მჭირდება გერმანულად საუბრისას.

ოჯახში ახლაც მხოლოდ თურქულად ვსაუბრობთ. თუმცა გერმანია თავიდანვე ჩემი სახლი
გახლდათ. როდესაც მივდიოდი ხოლმე, უმალვე ნოსტალგია შემომაწვებოდა სახლზე, გელზენკირხენზე. იქ რეგულარულად ჩავდივარ ხოლმე" - ამბობს იოზილი.

* * *
რადგან თურქულ-გერმანულ კავშირებზე ვსაუბრობთ, ერთ სახალისო ისტორიაზეც ვთქვათ, რომელიც ნიჭიერმა მცველმა ნიკლას ზიულემ მოჰყვა. "ჰოფენჰაიმისა" და "ნაციონალმანშაფტის" უკანახაზელი, რომელმაც წესითა და რიგით, კარიერა მიუნხენის "ბაიერნში" უნდა გააგრძელოს, აი, ასეთ ამბავს იხსენებს…

"ჯერ 16 წლისაც არ ვიყავი, როდესაც თურქეთის ნაკრების წარმომადგენლებმა დამირეკეს და თურქეთის სახელით თამაში შემომთავაზეს. ჩემი გვარი თურქულად ჟღერს და მათ ჩათვალეს, რომ იქაური წარმოშობა მქონდა.

მომიხდა, გული დამეწყვიტა მათთვის, რადგან მამა წარმოშობით არა თურქი, არამედ უნგრელია. იგი გერმანიაში დაიბადა, მაგრამ 16 წლამდე უნგრული პასპორტი ჰქონდა" - აღნიშნა ზიულემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული