სკანდალის გაგრძელება: ლევან კობიაშვილმა ვოლფგანგ შტარკს სახეში გაარტყა?

AutoSharing Option
დიუსელდორფის სკანდალურ მატჩს გერმანიაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც იცით, "ფორტუნასა" და "ჰერტას" საპასუხო დაპირისპირების ბოლო წუთებზე დიუსელდორფელი ფანები მოედანზე შეცვივდნენ და პირველ ბუნდესლიგაში აღზევებას ნაადრევად ზეიმობდნენ - მათ ერთ-ერთი სასტვენი საფინალო სასტვენად მიიჩნიეს და თამაში (2:2) დამთავრებული ეგონათ (იხილეთ ვიდეო).

შედეგად, მსაჯმა ვოლფგანგ შტარკმა მატჩი შეწყვიტა და შეხვედრის გაგრძელება (საფინალო სასტვენამდე 2 წუთი იყო დარჩენილი) მხოლოდ ნახევარსაათიანი პაუზის შემდეგ, მაშინღა გახდა შესაძლებელი, როცა დიუსელდორფელმა ფანებმა მოედანი დატოვეს.

ბერლინელები თავიდან თითქოს მოედანზე დაბრუნებას აღარ აპირებდნენ (როგორც "ჰერტას" ადვოკატი ამბობს, დიუსელდორფელი ფანების
ეშინოდათ), მაგრამ მერე მაინც დაბრუნდნენ და თამაში ჩაამთავრეს.

დაბრუნების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მოედანზე არგამოსვლის შემთხვევაში "ჰერტას" წაგება (0:3) ჩაეთვლებოდა. ასე კი ბერლინელებმა მცირე, მაგრამ შანსი მაინც შეინარჩუნეს: მართალია, მსაჯმა შეხვედრა დაამთავრა და დიუსელდორფელებმა პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნება იზეიმეს, მაგრამ 16 მაისს "ჰერტამ" მომხდარი გააპროტესტა - ბერლინელები გადათამაშებას ითხოვენ.

წესით, გერმანიის საფეხბურთო ლიგამ პროტესტი ამ დღეებში უნდა განიხილოს და "ჰერტას" საბოლოო განაჩენი 18 ან 19 მაისს უნდა გამოუტანოს.

"გერმანიის საფეხბურთო კავშირის კანონებში გარკვევით წერია, რომ როცა მატჩის დროს ასეთი რამ ხდება, გადათამაშება უნდა დაინიშნოს. სად, როდის და როგორ - ეს უკვე სპორტული სასამართლოს გადასაწყვეტია", - აცხადებს "ჰერტას" ადვოკატი კრისტოფ შიკჰარდტი.

თუ ეს დადასტურდა, კობის სერიოზული სასჯელი ელის
ახლა კი ამბავი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, გერმანიის საფეხბურთო კავშირი 16 მაისს ორი ფეხბურთელის საკითხის განხილვას შეუდგა - ერთი "ფორტუნას" კაპიტანი ანდრეას ლამბერტცია, რომელიც საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე ანთებული პეტარდით დარბოდა, მეორე კი - ლევან კობიაშვილი!

ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ლევანმა საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელში მსაჯს შეუტია და მეტიც - კობიმ ვოლფგანგ შტარკს სახეში გაარტყაო!

"შპორტ ბილდი" წერს, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ კატაკომბებში დიდი შეხლა-შემოხლა იყო - "ჰერტას" ფეხბურთელები შტარკს უტევდნენ.

ხსენებული გამოცემის ცნობით, არბიტრისკენ განსაკუთრებით აგრესიულად სამნი იწევდნენ: კრისტიან ლელი, რომელიც მანამდე მოედანზე "ფორტუნას" მცველ ასანი ლუკიმიასაც (ეს უკანასკნელი ამბობს, შემაფურთხაო) ეჩხუბა, პეტერ ნიმაიერი და კობიაშვილი. მათი განრისხების მიზეზად ის ფაქტი მოიაზრება, რომ შტარკმა თამაშს შვიდი წუთი დაამატა და სინამდვილეში ფეხბურთელები ექვსი წუთი ათამაშა.

ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ კობიაშვილმა შტარკს ხელი გაარტყა, "შპორტ ბილდის" ინფორმაციაა. "კიკერი" კი წერს, რომ ლევანი მსაჯზე აგრესიულად იწევდა, ხელით შეხების ფაქტზე კი ამ გამოცემაში არაფერია ნათქვამი.

გერმანიის საფეხბურთო კავშირში 15 მაისს კობიაშვილზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ოფიციალურ კომენტარებს და თუ ფაქტი დადასტურდა, განაჩენს დაველოდოთ.

P.S. 17 მაისს, ღამით, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ერთ-ერთმა ფუნქციონერმა, რომლის ვინაობა სპეციალურად არ დაკონკრეტდა, გაზეთ "ბერლინერ ცაითუნგს" უთხრა, რომ კობიაშვილის საკითხის განხილვა არ დაწყებულა, რადგან ვოლფგანგ შტარკს "ფორტუნა"-"ჰერტას" მატჩის დეტალური ანალიზი ჯერ არ ჩაუბარებია.

გაზეთში ვკითხულობთ, რომ ამ ფაქტის შესახებ არაოფიციალური ცნობები საფეხბურთო კავშირშიც მივიდა, მაგრამ ჯერ შტარკის პატაკს ელოდებიან.

დაველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული