"დორტმუნდის" შეფები ლევანდოვსკის გაშვებას აქამდე კატეგორიულად გამორიცხავდნენ, ახლა კი ამ თემას უფრო რეალურად შეხედეს და როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ გამორიცხვას აზრი აღარ აქვს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "დორტმუნდი", ფაქტობრივად, მზადაა, რობერტი დათმოს, ოღონდ "ბორუსია" ამ ტრანსფერში 30 მილიონ ევროს ითხოვს.
"ჩვენ (მრჩეველი და ფეხბურთელი) საკმაოდ დიდი ხანია, კლუბს ყველაფერზე შევუთანხმდით, რაც პასუხისმგებელ პირებს ვუთხარი კიდეც. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა და მომავალ სეზონს ჩემთვის სასურველ გუნდში დავიწყებ. ვფიქრობ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება ყველა მხარეს უნდა აწყობდეს," - უთხრა რამდენიმე დღის წინ ლევანდოვსკიმ ჟურნალ "შპორტ ბილდს" და როგორც ხედავთ, მართალია, "ბაიერნი" არ უხსენებია, მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ "ბაიერნში" გადასვლას გულისხმობდა.
ამ განცხადებით მან "ბორუსიას" შეფებზე ზეწოლა განახორციელა - როგორც იცით, ტრანსფერს ხელს მხოლოდ "დორტმუნდიღა" უშლის და ფაქტია, რომ გაისად ლევანდოვსკის "ბორუსიადან" წასვლა უფასოდ შეეძლება.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ბაიერნს" "დორტმუნდისთვის" ოფიციალური წინადადებით ჯერ კიდევ არ მიუმართავს, მაგრამ "ბილდი" ირწმუნება, რეკორდმაისტერის პრეზიდენტ ული ჰიონესს პოლონელ გოლეადორში 25 მილიონზე მეტის გადახდა არ უნდაო, დორტმუნდელები კი 30-ს ითხოვენ. ამ ორომტრიალში "ბორუსიას" გათვლა ისაა, რომ მიუნხენური გრანდი 5 მილიონს წაამატებს, მიუნხენელებს კი იმედი აქვთ, რომ დორტმუნდელებს ეს პოკერი მობეზრდებათ და რობერტს 25 მილიონად დათმობენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რობერტ ლევანდოვსკი: ახლა უკვე შემიძლია, კლუბი შევიცვალო