მიუნხენი დიდი აფეთქების მოლოდინში

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლას პრეზენტაცია ისტორიული გამოვიდა. ესპანელი სპეციალისტის წარდგენამ და პირველმა სამუშაო დღემ უდიდესი ემოციებისა და ზღვარგადასული ინტერესის ფონზე ჩაიარა. ეიფორიას თვით მიუნხენური გრანდის ბოსებიც კი ვერსად გაექცნენ. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ საგიჟეთს არ აჰყვა, თავად გვარდიოლა გახლდათ...

მიუნხენის "ალიანს არენას" უდიდესი საპრესკონფერენციო დარბაზი აქვს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დარბაზი ასეთი გადაჭედილი აქამდე არასდროს ყოფილა. აკრედიტაცია 250 ჟურნალისტზე გაიცა - ძირითადად, გერმანელები იყვნენ, მაგრამ რეპორტიორები ესპანეთიდანაც ჩამოვიდნენ, იაპონიიდანაც, ბრაზილიიდანაც და ასე განსაჯეთ, ყატარიდანაც!

მასპინძელი "ბაიერნი" იყო - უფრო კონკრეტულად,
"ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი მათიას ზამერი. ცხადია, იყვნენ პრესსამსახურის თანამშრომლები, მომსახურე პერსონალი, გაშლილი გახლდათ გერმანული და ესპანური ფურშეტი. იქვე გახლდათ "აუდის" შეფი რუპერტ შტადლერი, რომელმაც გვარდიოლას სამსახურის ავტომობილი გადასცა.

და, ცხადია, იქ იყო თავად პეპიც! თანაც, არა მარტო, არამედ ოჯახით: მეუღლე კრისტინა და სამი შვილი ჟურნალისტებს შორის მოკალათდნენ. კიდევ ერთხელ: ამდენი ხალხი "ალიანს არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში აქამდე არასდროს შეკრებილა - არც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალის დროს (პორტუგალია-საფრანგეთი) და არც შარშან, ჩემპიონთა ლიგის ფინალის (ბაიერნი-ჩელსი) დროს.

გაიცანით ტრანსდისციპლინარული ანალიტიკოსი
კაცი, რომლის გამოც მთელი ბავარიისა და არა მარტო ბავარიის, არამედ მთელი საფეხბურთო გერმანიის ყურადღების ცენტრში ორშაბათს "ალიანს არენა" და მისი საპრესკონფერენციო დარბაზი მოექცა, სულ არ ჰგავს ისეთ კაცს, რომლის გამოც ასეთი აჟიოტაჟი უნდა ატყდეს. პეპ გვარდიოლა რაღაცნაირად მოკრძალებული ტიპია - მოკლედ შეჭრილი თმით, ძვირფასი სათვალითა და მოხდენილი კოსტიუმით. მასწავლებელს ჰგავს, ან ლექტორს.

მაგრამ სინამდვილეში ის არც მასწავლებელია და არც ლექტორი. ყოველ შემთხვევაში, თვითონვე უარყოფს ასეთ სტატუსებს და თავს "გვარდიოლოგისტს" უწოდებს. სწორედ ეს სიტყვაა დაწერილი მის სავიზიტო ბარათზეც, რომელიც ჟურნალისტებს ჩამოურიგა და იქვე განმარტა, "გვარდიოლოგისტი" ტრანსდისციპლინარულ ანალიტიკოსს ნიშნავსო.

მის შესახებ უკვე რამდენიმე წიგნია დაწერილი, ახლახან კი პეპის ავტობიოგრაფიაც გამოიცა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ყველა წიგნი გადაკითხული ჰქონდათ, მაგრამ დაგვეთანხმებით, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია. ამიტომაც ჰქონდა გვარდიოლას წარდგენას ამხელა ეფექტი.

თანაც, "ბაიერნმა" პეპთან შეთანხმების შესახებ რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა და მას მერე ხოსეპ გვარდიოლა მიუნხენში მაინც ტაბუდადებული თემა იყო, რადგან იუპ ჰაინკესს პატივს სცემდნენ და არ უნდოდათ, რომ "დონ იუპს" საქმეში ხელი შეშლოდა. ამიტომაც გამოიწვია ორშაბათს გამართულმა პირველმა პრესკონფერენციამ ასეთი აჟიოტაჟი, თუმცა "ბაიერნი" ამიერიდან უკვე სულ სხვა, გაცილებით დიდი ეიფორიის მოლოდინშია.

მოკრძალებული პეპი
ამ ხნის მანძილზე რეკორდმაისტერის შეფები გვარდიოლაზე ან საერთოდ არ საუბრობდნენ, ანაც ძალიან იშვიათად ახსენებდნენ ხოლმე. შესაბამისად, გერმანულ პრესას მასზე ბევრი არაფერი ჰქონდა საწერი და მიუხედავად ამისა, პეპზე სტატიები ყოვედღე იწერებოდა. პეპი აქ, პეპი იქ, პეპი ყველგან - მის შესახებ თითქმის ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანი გახდა. ასე განსაჯეთ, მიუნხენში გვარდიოლას სახელობის ბურგერების გაყიდვაც კი დაიწყეს.

ერთადერთი კაცი, რომელიც ამ ეიფორიაში არ გაერია და თავის პირველ პრესკონფერენციაზეც კი აბსოლუტური სიმშვიდე შეინარჩუნა, თავად ესპანელი სპეციალისტი გახლდათ. ასობით ფოტოაპარატისა და ვიდეოკამერის წინ ისე იჯდა, მისი სახელი და გვარი, მისი წარსული რომ არ გცოდნოდათ, იფიქრებდით, რომ მიუნხენის "ბაიერნი" გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერის დასაწყისიაო.

განცხადებებიც შესაბამისი გააკეთა - "ბაიერნი" ჩემთვის საჩუქარია, ბედნიერი ვარ, რომ მიუნხენური გრანდის გაწვრთნის საშუალება მომეცაო. ამ ყველაფერს ისე ამბობდა, თითქოს მან კი არ ჩამოაყალიბა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ბარსელონაში, არამედ ვინმე სხვამ, ის კი პირველად ახლა გამოჩნდა დიდ სცენაზე.

ხოსეპ გვარდიოლა მიუნხენშიც ისეთი იყო, როგორიც "ბარსელონადან" გვახსოვს. როცა მის შესახებ ვიდეო გაუშვეს, თითქმის არ უცქერია. იმ მომენტში, როცა მისი ზეიმის მომენტი აჩვენეს, გვარდიოლამ ეკრანს თვალი აარიდა და თავის ბლოკნოტს ჩაჰკირკიტებდა. ფაქტია, ეს ყველაფერი ებევრა, ეზედმეტა.

მერე კითხვები დაუსვეს, უმეტესად გერმანულად და პეპიც გერმანულად პასუხობდა. მოგვიანებით, თითქმის ყველა სტატია ამ თემაზე აქცენტით დაიწერა, რაც ლოგიკურიც იყო - ის ფაქტი, რომ პეპმა რამდენიმე თვეში ასე კარგად ისწავლა გერმანული ენა, პირდაპირ მეტყველებს მის კალიბრზე და საქმისადმი მისეულ მიდგომაზე. სხვათა შორის, ახლა გვარდიოლამ უკვე ხუთი ენა იცის: გერმანული, ესპანური, კატალონიური, იტალიური და ინგლისური.

ჟურნალისტებს უთხრა, ცოტათი ვნერვიულობო და ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ამ განცხადების გამოც მხოლოდ ქება დაიმსახურა - გერმანელებს უყვართ თავმდაბალი უცხოელები. ყველაზე კარგად და მართლა თავისუფლად კი გვარდიოლამ თავი გარეთ, მოედანზე იგრძნო - მინდორზე გასულს უკვე მართლა ბედნიერი სახე ჰქონდა. ბავშვებთან ერთად ბურთი გააგორა და მერე სათადარიგოთა სკამს მიაშურა - იქ, სადაც მისი ადგილი იქნება.

ხოსეპ გვარდიოლა "ბაიერნს" პირველად ავარჯიშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეპ გვარდიოლას პირველი დღე მიუნხენში
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაინც შეეტენა ბაიერნს..
Georgi
14:08 26-06-2013
0

სიახლეები პოპულარული