მოსალოდნელი ტრანსფერი: ჰენრიხ მხითარიანი "დორტმუნდსაც" უნდა!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ბევრი ფული აქვს, ახალი ფეხბურთელები კი ჯერ კიდევ არ შეუძენია. გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა მომავალი სეზონისთვის ჯერ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დაიმატა (მცველი სოკრატისი "ვერდერიდან", 9.5 მილიონ ევროდ), მაგრამ ეს საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის.

"ბორუსიას", პირველ რიგში, "ბაიერნში" გადასული მარიო გიოტცეს ღირსეული შემცვლელი ჰყავს საპოვნელი. დრო აღარ ითმენს და ექსპერტები "დორტმუნდის" ხელმძღვანელებს უკვე პასიურობაში ადანაშაულებენ. მიუხედავად ამისა, "ბორუსიას" მენეჯერი მიხაელ ცორკი სიმშვიდეს ინარჩუნებს და გულშემატკივრებს ჰპირდება, მინიმუმ 3 მაღალი დონის ფეხბურთელს დავიმატებთო.

"არავის მივცემთ იმის
უფლებას, რომ წნეხის ქვეშ მოგვაქციოს. ბევრი ფულის ქონა იმას არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ფაქტია, რომ გუნდის
გაძლიერებაზე სერიოზულად ვფიქრობთ და ვმუშაობთ. შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ სამ ძალიან კარგ ფეხბურთელს დავიმატებთ," - უთხრა ცორკმა "ბილდს".

ხსენებული გამოცემა ირწმუნება, რომ ამ სამიდან ერთ შემთხვევაში საქმე სომეხ ვარსკვლავს, დონეცკის "შახტარის" 24 წლის შემტევ ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს ეხება. გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, "დორტმუნდი" მზადაა, უკრაინულ გრანდს მხითარიანის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადოს. მეტიც: "ბილდის" ცნობით, "ბორუსიას" ბოსები სომეხ ფეხბურთელთან უკვე მოლაპარაკებებსაც კი აწარმოებენ.

"დორტმუნდის" თავკაც იურგენ კლოპს და გუნდის ხელმძღვანელებს მხითარიანი "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის მერვედინალურ დაპირისპირებებში (2:2, 3:0) მოეწონათ. უკრაინის ჩემპიონატში კი ჰენრიხმა 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ცნობილია, რომ მისი გადაბირება "ლივერპულსაც" უნდა.

მხითარიანის ამპლუის ფეხბურთელის გარდა, "ბორუსიას" კიდევ ერთი ნახევარმცველი და ერთი თავდამსხმელიც სჭირდება. ნახევარდაცვის გაძლიერება იმიტომ გახდა საჭირო, რომ გიოტცეს გარდა, "ბორუსიამ" 20 წლის მორიტც ლაიტნერი ("შტუტგარტში" გადავიდა) და 19 წლის ლეონარდო ბიტენკურიც (ჰანოვერში) დათმო.

რაც შეეხება თავდამსხმელს: მართალია, რობერტ ლევანდოვსკი "დორტმუნდში" რჩება, მაგრამ მას ღირსეული შემცვლელიც სჭირდება - ფაქტია, რომ იულიან შიბერმა ამ კუთხით იმედები ვერ გაამართლა. ერთი სიტყვით, ცორკს ბევრი საქმე აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ლივერპული" 24 წლის სომეხ ვარსკვლავში 30 მილიონ ევროს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული