როგორც იქნა, "ბოხუმი" და "შალკე" 18 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის, ლეონ გორეტცკას ტრანსფერზე შეთანხმდნენ და გადაწყდა, რომ გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად წოდებული ნახევარმცველი კარიერას გელზენკირხენულ კლუბში გააგრძელებს. გორეტცკამ "შალკესთან" კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა. მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა გაგრძელდა და კლუბები საბოლოოდ 2.75 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. ამ თანხას სხვადასხვა ბონუსიც დაემატება.
"მიხარია, რომ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. ლეონ გორეტცკას გადმობირება აუცილებლად გვინდოდა," - ეს "შალკეს" მთავარი მწვრთნელის, იენს კელერის სიტყვებია.
ამასობაში, თურქული გრანდი "გალათასარაი" "შალკეს" 28 წლის გარემარბით, ჯეფერსონ ფარფანით
დაინტერესდა და გელზენკირხენულ კლუბს მის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ "შალკეს" ხელმძღვანელებმა თურქ კოლეგებს უარი შეუთვალეს. ცნობილია, რომ გელზენკირხენელები ფარფანში მინიმუმ 15 მილიონს ითხოვდნენ, ახლა კი ამ ფასადაც აღარ გაყიდიან.
"თუ ვინმეს ჯეფერსონის ყიდვა უნდოდა, აქამდე უნდა მოემართა. ახლა უკვე გვიანია, რადგან ჩვენ ახალ სეზონს ფარფანთან ერთად ვგეგმავთ," - აცხადებს "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:"შალკემ" ვუნდერკინდი დაითანხმა!