ჰენრიხ მხითარიანი: მარიო გიოტცეს მოგვიანებით შემადარეთ!

AutoSharing Option
ჰენრიხ მხითარიანი დორტმუნდის "ბორუსიას" ახალი იმედია. "შავ-ყვითლების" გულშემატკივრებს მარიო გიოტცეს წასვლით გამოწვეულმა გაბრაზებამ გადაუარა, რაც სწორედ დონეცკის "შახტარიდან" 27.5 მილიონ ევროდ შეძენილი სომეხი ვარსკვლავის დამსახურებაა.

შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ გერმანული საფეხბურთო საზოგადოება მხითარიანს სწორედ გიოტცეს ადარებს, რაზეც თავად მხითარიანს მოკრძალებული რეაქცია აქვს:

"გიოტცე და მე სხვადასხვა ფეხბურთელი ვართ, გვაქვს სხვადასხვა პლუსი და სხვადასხვა მინუსი, - აცხადებს მხითარიანი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - ვფიქრობ, რომ გიოტცესთან ჩემს შედარებას აზრი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს. ფაქტია, რომ ჯერ ამისათვის ძალიან ადრეა.
ჯერჯერობით მხოლოდ ორ ამხანაგურ შეხვედრაში ვითამაშე და ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს იმასთან შედარებით, რაც მთელი სეზონის განმავლობაში უნდა მოხდეს."

მართალია, მხოლოდ ორ და ისიც ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ მხითარიანმა ამ ორ ტესტ-მატჩშიც დაამტკიცა, რომ "დორტმუნდისთვის" დიდი შენაძენია, რადგან გარდა იმისა, რომ ეფექტურად თამაშობდა, ორ მატჩში სამი საგოლე პასი გააკეთა და ერთიც თავად გაიტანა, რაც 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ერთადერთი ცენტრფორვარდის უკან განთავსებული ფეხბურთელისთვის დიახაც, კარგი შედეგია.

თანაც, მხითარიანს "დორტმუნდის" ხელმძღვანელებმა სწორედ გიოტცეს 10 ნომერი მისცეს, თუმცა სომეხი ფეხბურთელი ამ ფაქტსაც მოკრძალებით უდგება: "ნომერს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. სხვა კლუბებში ყოველთვის 22-ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი. მთავარი ის კი არ არის, რომელი ნომერი მაწერია ზურგზე, არამედ ის, თუ რას და როგორ ვაკეთებ მოედანზე."

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიამ" მხითარიანში 27.5 მილიონი ევრო გადაიხადა, რითაც 24 წლის ფეხბურთელი დორტმუნდული კლუბის ყველა დროის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე გახდა. მხითარიანმა "ბორუსიაში" გიოტცეს წასვლით შექმნილი სიცარიელე უნდა შეავსოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"სპაიდერმენ" ობამეიანის პირველი გოლი "დორტმუნდში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული