ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმის შესახებ, რომ მას "დორტმუნდის" შეფებისგან ტრანსფერზე თანხმობა ჰქონდა მიღებული - მათ სიტყვა გატეხესო.
"როგორც ყოველთვის, დორტმუნდის "ბორუსიასთვის" წინა სეზონის მეორე წრეშიც მაქსიმალურად ვიხარჯებოდი - უდიდესი მონდომებით ვთამაშობდი და გოლები გამქონდა, თან ვიცოდი, რომ ზაფხულში გუნდიდან წასვლა შემეძლო. კლუბისგან თანხმობა მქონდა მიღებული იმაზე,
სეზონი რომ დამთავრდა, ცნობილი გახდა, რომ ლევანდოვსკის გადაბირება "ბაიერნს" სურდა და მიუნხენელები მზად იყვნენ, "ბორუსიასთან" მოლაპარაკება დაეწყოთ. ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ რეკორდმაისტერი მზად იყო, ლევანდოვსკის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ "ბორუსიას" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ტრანსფერი დაბლოკა და გამოაცხადა, რაც არ უნდა მოხდეს და რამდენიც არ უნდა შემოგვთავაზონ, ლევანდოვსკი არ იყიდებაო.
"სეზონის დასრულების შემდეგ ყველაფერი უცებ შეიცვალა და სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ აქ უნდა დავრჩე. მე უბრალოდ, მიდგომით დავრჩი უკმაყოფილო და თუ დორტმუნდის "ბორუსია" მზადაა ტრანსფერი დაბლოკოს, უარი თქვას ჩემს სანაცვლოდ ასაღებ ფულზე და გაისად უფასოდ გამიშვას, ვალდებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას პატივი ვცე," - დასძენს ლევანდოვსკი.
რობერტის განცხადებებს "ბილდში" "ბორუსიას" გენერალური მენეჯერი გამოეხმაურა: "კარგია, რომ ლევანდოვსკი ჩვენს გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მე მის პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს შემპარვია," - აცხადებს ვატცკე და მის აზრს "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპიც იზიარებს.
"ბაიერნის" ხელმძღვანელები კი დუმილს ინარჩუნებენ. რეკორდმაისტერის ბოსებმა ლევანდოვსკის შესახებ ბოლო განცხადება თვის დასაწყისში გააკეთეს, როცა ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, არა უშავს, რობერტს გაისად უფასოდ ჩავიგდებთ ხელშიო.
ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაში კი "დორტმუნდს" 13 შეხვედრაში 10 გოლითა და ორი საგოლე პასით შეეწია. მას "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2014 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ "დორტმუნდი" თავის გოლეადორს ერთ წელიწადში უფასოდ დაკარგავს.
კლოპი: არაერთი შემოთავაზება მქონდა!
ამასობაში "ბორუსიას" თავკაცმა კლოპმაც დაადასტურა, რომ სხვა გუნდებისგან არაერთი შემოთავაზება მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წინადადება ძალიან საინტერესო იყო, "დორტმუნდიდან" წასვლაზე არც უფიქრია.
"მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი ვარ, კიდევ ერთი წარმატებული სეზონის შემდეგ მეც ისეთივე სიტუაციაში აღმოვჩნდი, როგორშიც ლევანდოვსკი, მატს ჰუმელსი, ილქაი გიუნდოგანი, მარიო გიოტცე, მარკო როისი და სხვები იყვნენ. მეც რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ და თანამშრომლობა შემომთავაზეს. მათ შორის, ისეთმა გუნდებმაც კი დამპატიჟეს, რომელთაგან ასეთ რამეს საერთოდ არ ველოდი," - აცხადებს კლოპი "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძენს:
მაგრამ დორტმუნდის "ბორუსიას" იმდენად დიდ პატივს ვცემ, რომ სხვაგან გადასვლაზე ერთი წუთითაც არ მიფიქრია და ყველას დიპლომატიურ უარს ვეუბნებოდი. ახლა 46 წლის ვარ და ვნახოთ, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ჩემს სამწვრთნელო კარიერაში "დორტმუნდის" ხანა. ფაქტია, რომ ახლა არსად გადასვლა არ მინდა!"
იურგენს "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული და ამბობს, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე "დორტმუნდს" მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში დატოვებს - ოღონდ არ აკონკრეტებს, რა შეიძლება იყოს ეს განსაკუთრებული შემთხვევა.
"იმისათვის, რომ "ბორუსიადან" ვადამდე ადრე წასვლა მომინდეს, ან ფეხბურთელებმა უნდა ამითვალწუნონ, ანაც ხელმძღვანელებმა. წასვლა იმ შემთხვევაშიც მომინდება, თუ მივხვდები, რომ მოლოდინს ვერ ვამართლებ და ვიგრძნობ, რომ "ბორუსიასთან" განშორების დრო მოვიდა. დღესდღეობით აქ უბედნიერესი ვარ და ვატყობ, რომ "ბორუსია" უფრო და უფრო პროგრესირებს," - ამბობს კლოპი.
შესაძლოა, ბევრმა ივარაუდოს, რომ იურგენი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის პოსტს უმიზნებს, მაგრამ თავად კლოპი ამას უარყოფს: "გულახდილად გეუბნებით, ბუნდესმწვრთნელის თანამდებობას არ ვუმიზნებ. ჩემს თავს ახლა სხვა არცერთ ნაკრებსა თუ კლუბში არ ვხედავ. კარიერული გეგმა არ გამიწერია. "დორტმუნდის" მწვრთნელი ისე გავხდი, რომ კარიერული გეგმა არ მქონია და მის შედგენას არც ახლა ვაპირებ!"
შეგახსენებთ, რომ აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კლოპი 2001 წელს "მაინცის" მთავარი მწვრთნელი გახდა და ეს გუნდი ჯერ მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნისგან იხსნა, 2004 წელს კი სულაც პირველ ბუნდესლიგაში გადაიყვანა. 46 წლის სპეციალისტი "დორტმუნდს" 2008 წლიდან წვრთნის - 2011 და 2012 წლებში "ბორუსია" მისი ხელმძღვანელობით გერმანიის ჩემპიონი გახდა, შარშან კი ბუნდესლიგასთან ერთად, გერმანიის თასიც მოიგო.
წელს კლოპის გაწვრთნილმა "დორტმუნდმა" "ვერცხლის სინი" ვეღარ შეინარჩუნა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
ტრავმა: მხითარიანი ერთი თვე დაისვენებს!
"დორტმუნდის" ქომაგებისთვის ცუდი ამბავიც გვაქვს, რომელიც ბოლოსთვის მოვიტოვეთ: "ბორუსიას" ახალწვეული ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც ტესტ-მატჩებში შესანიშნავად თამაშობდა, "ლუცერნთან" 4:1-ზე მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში საკმაოდ სერიოზულად დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 24 წლის სომეხმა ვარსკვლავმა, რომელიც დორტმუნდელებმა დონეცკის "შახტარიდან" შეიძინეს, ამ შეხვედრაშიც შეძლო გოლის გატანა.
კლუბის სამედიცინო შტაბმა ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მხითარიანს მინიმუმ ერთი თვე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰენრიხი ბუნდესლიგის სტარტს, მინიმუმ, პირველ ორ ტურს გამოტოვებს და ვერც სუპერთასზე, "ბაიერნთან" ტოპ-დუელში იასპარეზებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რობერტ ლევანდოვსკი "მანჩესტერ სიტისაც" უნდა!