რობერტ ლევანდოვსკი არ ცხრება!

AutoSharing Option
რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის სუპერთასზე, "ბაიერნთან" მედგრად იბრძოლა და საყოველთავო ქება დაიმსახურა, მერე კი განაცხადა, მე მხოლოდ კლუბის ხელმძღვანელებზე ვარ ნაწყენი, თორემ გუნდისთვის ისევ თავდადებული ვიქნებიო.

მის ამ განცხადებას დორტმუნდის გენერალური მენეჯერის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს კომენტარი მოჰყვა, რომელშიც შეფმა პოლონელი თავდამსხმელი შეაქო და დასძინა, ლევანდოვსკის პროფესიონალიზმში ეჭვიც არ მეპარებოდაო, მაგრამ ამის მერე რობერტმა ფირფიტა შეატრიალა და პოლონურ პრესაში "ბორუსიას" ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ შემოელანძღა. რაც ყველაზე საინტერესოა, ლევანდოვსკი ბევრ რამეში აღარაა დარწმუნებული...

დორტმუნდის ბოსმა ვატცკემ "შპორტ აინსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმ ყველაფრის
შემდეგ, რაც ამ ზაფხულში ლევანდოვსკისთან მიმართებაში მოხდა, მას პოლონელ თავდამსხმელთან "განსაკუთრებული" ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, თუმცა ვატცკემ რობერტი აქო კიდეც:

"ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ლევანდოვსკი უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია, მაგრამ მე მხოლოდ "დორტმუნდის" ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებ და მომავალშიც ასე ვიმოქმედებ. ლევანდოვსკიმ ძალიან გამახარა თავის განცხადებით იმის შესახებ, რომ ახალ სეზონში გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯება. პრინციპში, მე მის პროფესიონალიზმში ეჭვი არც არასდროს შემპარვია," - უთხრა ვატცკემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

პოლონელის ახალი შეტევა და ახალი იმედიც?
თუმცა უკვე ღრმად გვწამს, რომ ვატცკე ამ განცხადებას მალევე ინანებდა, რადგან მეორე დღეს ლევანდოვსკიმ მას და "ბორუსიას" სხვა შეფებს კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ძალიან მძაფრად შეუტია. როგორც ჩანს, პოლონელ გოლეადორს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმის იმედი, რომ "ბაიერნში" ახლავე გაუშვებენ, საგაისოდ კი ეს ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

"როცა მოედანზე გავდივარ, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, მაგრამ ასე არ უნდა მომქცეოდნენ, ამას არ ვიმსახურებდი! უსამართლობასაც აქვს საზღვარი," - აცხადებს ლევანდოვსკი პოლონურ გაზეთ "ფაქტისთვის" მიცემულ ინტერვიუში და იქვე ირიბადაც იმუქრება:

სუპერთასზე "ბაიერნთან" დიდი მონდომებით ვიბრძოლე და კარგია, რომ ეს ყველამ დაინახა, მაგრამ სეზონი მხოლოდ ახლა იწყება და არ ვიცი, შევძლებ თუ არა იმას, რომ მომხდარმა ჩემს თამაშზე მთელი სეზონის განმავლობაში არ იმოქმედოს. მინიმუმ ქვეცნობიერში ყველაფერი ილექება და ალბათ დადგება მომენტი, როცა "ბორუსიას" ფორმით მოედანზე უხასიათოდ გავალ."

პროგრამა მინიმუმი: ვიცე-ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი
"შპორტ აინსისთვის" მიცემულ ინტერვიუში "დორტმუნდის" ბოსმა გუნდის მიზნებზეც ისაუბრა:

"წლების მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ უმაღლესი მიზნების მიღწევა მხოლოდ მაშინაა რეალური, როცა თავს წნეხის ქვეშ არ იქცევ და მხოლოდ მოკრძალებულ მიზნებს ისახავ. პროგრამა მინიმუმი ჩვენთვის გერმანიის ვიცე-ჩემპიონობაა, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის გარანტიას იძლევა. ჩემპიონთა ლიგაში კი მინიმუმ ჯგუფური ეტაპის გადალახვა გვინდა. ეს ყველაფერი მინიმალური მიზნებია და ამის იქეთ უკვე მაქსიმალურს ვეცდებით," - ამბობს "ბორუსიას" გენერალური მენეჯერი.

მხითარიანმა სირბილი დაიწყო
"დორტმუნდის" ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულმა შენაძენმა ჰენრიხ მხითარიანმა გუშინ მსუბუქად ვარჯიში განაახლა - 24 წლის სომეხმა ვარსკვლავმა, რომელიც "ბორუსიამ" დონეცკის შახტარიდან 27 მილიონ ევროდ შეიძინა, სირბილი დაიწყო, მაგრამ ბუნდესლიგის პირველ ტურს მაინც გამოტოვებს. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ მხითარიანი მეორე ტურში (18 აგვისტოს, ბრაუნშვაიგთან) აუცილებლად ითამაშებს და სწორედ ეს იქნება მისი დებიუტი ბუნდესლიგაში.

აქვე გეტყვით, რომ სამშაბათს, "ვიურცბურგთან" 3:0-ზე მოგებულ ტესტ-მატჩში "ბორუსიას" ილქაი გიუნდოგანი დაუშავდა, მაგრამ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და წესით, შაბათს, გერმანიის თასის პირველ რაუნდში (ვილჰელმსჰაფენთან) ითამაშებს.

"დორტმუნდი" შაჰინის ყიდვაზე ფიქრობს
აქვე იმასაც გაცნობებთ, რომ გერმანულ მედიას თუ დავუჯერებთ, დიდია იმის შანსი, რომ "დორტმუნდმა" მადრიდის "რეალიდან" არენდით აყვანილი ნური შაჰინი ახლავე სრულფასოვნად გამოისყიდოს. მართალია, შაჰინის არენდას ვადა მხოლოდ 2014 წლის ზაფხულში გასდის, მაგრამ როგორც ჩანს, "ბორუსიას" ხელმძღვანელები მისი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე ახლავე ფიქრობენ.

გაზეთ "დერ ვესტენის" ცნობით, "დორტმუნდს" შაჰინის ტრანსფერის დაფინანსება უპრობლემოდ შეუძლია, რადგან წინა სეზონში საკმაოდ ბევრი ფული იშოვნა, შაჰინი კი სულ რაღაც 7.5 მილიონი ევრო ღირს. რაც მთავარია, თავად 24 წლის ფეხბურთელსაც უნდა, რომ ისევ სრულფასოვანი დორტმუნდელი გახდეს, რადგან აღარ აქვს იმის იმედი, რომ ოდესმე "რეალის" ძირითად შემადგებლობაში ადგილს დაიმკვიდრებს.

შეგახსენებთ, რომ ნური შაჰინი დორტმუნდის "ბორუსიას" აღზრდილი და თავის დროზე ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი სწორედ "ბორუსიას" რიგებში გახდა. შაჰინი "რეალში" 2011 წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ "სამეფო გუნდში" ფეხი ვერ მოიკიდა და 2013 წლის იანვარში ისევ "ბორუსიაში" დაბრუნდა. როგორც ზემოთაც ვთქვით, მის საარენდო ხელშეკრულებას ვადა ერთ წელიწადში გასდის, "რეალთან" კი კონტრაქტი 2017 წლამდე აქვს გაფორმებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობერტ ლევანდოვსკი: "ბორუსიაში" კონკრეტულ ადამიანებთან პრობლემები მაქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული