გერმანიის თასი. I ეტაპი: დორტმუნდის "ბორუსია" ანერვიულეს!

AutoSharing Option
ამ უქმეებზე გერმანიის თასის პირველი ეტაპის მატჩები გაიმართა - შეხვედრების უმეტესობა პარასკევს, შაბათს და კვირას შედგა, დღეს კი დარჩენილი ოთხი თამაში გაიმართება. ჩვენ ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, გერმანული გრანდების მატჩები გვაინტერესებს: ვიცე-ჩემპიონმა დორტმუნდის "ბორუსიამ" "ვილჰელმსჰაფენთან" თავისი ქომაგები დიდხანს ანერვიულა და ბოლოს მაინც დამაჯერებლად, 3:0 მოიგო, მესამეადგილოსანმა "ლევერკუზენმა" კი 6:1 გაიმარჯვა. "ბაიერნი" და "შალკე" დღეს თამაშობენ.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: "ბაიერნის" მომგებ "დორტმუნდს" "ვილჰელმსჰაფენის" დამარცხება გაუჭირდა. მართალია, საბოლოო ანგარიშს ეს არ ეტყობა, რადგან იურგენ კლოპის გუნდმა ბოლოს მაინც 3:0 მოიგო, მაგრამ
71-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო და ხსენებულ დროს კლოპს კევინ გროსკროიტცმა ამოასუნთქა.

ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, დორტმუნდელთა პოლონელი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი გახლდათ, რომელმაც წინა კვირას "ბორუსიას" ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ განალძღა იმის გამო, რომ "ბაიერნში" გადასვლის ნება არ დართეს. მესამე გოლი სწორედ ლევანდოვსკის ანგარიშზეა და იქნებ, ამ ფაქტმა მაინც გამოუკეთოს განწყობა. მატჩის შემდეგ კი კლოპმა თქვა, მე ლევანდოვსკის მხოლოდ მისი თამაშის ხარისხით ვაფასებ და არა განცხადებებით, ფაქტია, რომ ლევანდოვსკიმ დღეს კარგად ითამაშა და მეც კმაყოფილი ვარო. ვილჰელმსჰაფენელები კი იმითაც ბედნიერები დარჩნენ, რომ "დორტმუნდთან" პირველი ტაიმი 0:0 დაამთავრეს.


"ლევერკუზენს" კი "ლიპშტადტის" დამარცხება არ გაუჭირდა - 1:6. აღსანიშნავი ისაა, რომ "ფარმაცევტების" თავკაცმა სამი ჰიიპიამ
"ჰამბურგიდან" 10 მილიონ ევროდ ნაყიდი ჰეონ-მინ სონი მხოლოდ შეცვლაზე ათამაშა და ამ უკანასკნელმაც გოლი გაიტანა. კორეელს აშკარად ეტყობოდა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ძირითად შემადგენლობაში არ გაამწესეს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ლევერკუზენის" კიდევ ერთმა ახალწვეულმა ემრე ჩანმა (ბაიერნიდან გადაიბირეს) ამ თამაშს ტრიბუნიდან უყურა.

ლიპშტადტი-ლევერკუზენი 1:6
გოლები: 0:1 ლ. ბენდერი (5), 1:1 კოლოდციგი (6), 1:2 სემი (24), 1:3 კისლინგი (41), 1:4 სონი (63), 1:5 სემი (81), 1:6 კისლინგი (86)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - დონატი (75. ჰილბერტი), სპაჰიჩი, თოფრაქი, ბიონიში - რაინარტცი - ლ. ბენდერი, როლფესი (67. კასტრო) - სემი, ჰეგელერი (46. სონი) - კისლინგი.
მაყურებელი: 3 500

ვილჰელმსჰაფენი-დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 გროსკროიტცი (71), 0:2 დუკში (83), 0:3 ლევანდოვსკი (90)
დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ნ. შაჰინი, კელი (58. დუკში) - როისი, გიუნდოგანი (82. ს. ბენდერი), ობამეიანი (77. ჰოფმანი) - ლევანდოვსკი.
მაყურებელი: 8 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობერტ ლევანდოვსკი არ ცხრება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული