გერმანია. ბუნდესლიგა. I ტურის წინ: ბუნდესლიგა დაიწყო

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 51-ე გათამაშება გუშინ, ტრადიციული მეტოქეების, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" და მიუნხენის "ბაიერნის" დაპირისპირებით დაიწყო. პეპ გვარდიოლას ბუნდესლიგური ნათლობა გუშინ შედგა, დღეს და ხვალ კი არანაკლებ საინტერესო მატჩები გველის...

ლევანდოვსკის საყვარელი მეტოქე
ვიცე-ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი პირველ ტურში აუგსბურგს ეწვევა და რობერტ ლევანდოვსკის საყვარელ მეტოქეს დაუპირისპირდება. პოლონელ ფორვარდს, "აუგსბურგის" წინააღმდეგ ჩატარებულ 4 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი, თანაც სწორედ ბავარიელებთან შეასრულა 24 წლის თავდამსხმელმა ჯერჯერობით ერთადერთი ბუნდესლიგური ჰეთთრიქი, როდესაც 2011 წლის 1 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში სიმონ იენტშის კარი 3-ჯერ აიღო, თამაში
კი დორტმუნდელებმა 4:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ამაზე დიდი ანგარიშით "აუგსბურგს" ბუნდესლიგაში არასდროს წაუგია.

იურგენ კლოპმა გუნდი სამი ფეხბურთელით გააძლიერა და მათგან ორი სათამაშოდ მზადაა - სოკრატის პაპასტატოპულოსი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჯანზე არიან, სამაგიეროდ ვერ ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი, რომელსაც ტრავმა აქვს. მიუხედავად მარიო გიოტცეს დაკარგვისა, ბევრის აზრით, "ბორუსია" წელს კიდევ უფრო ძლიერი იქნება და წესით, BVB-მ ჩემპიონატი გამარჯვებით უნდა დაიწყოს, მითუმეტეს, რომ კლოპის გუნდს თავის დღევანდელ მეტოქესთან არასდროს წაუგია.

ხუმარები დინოს წინააღმდეგ
პირველი ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი კვირას, გელზენკირხენში გაიმართება - "შალკე" "ჰამბურგს" უმასპინძლებს. "ბორუსიას" და ლევანდოვსკის არ იყოს, საწყისი სათამაშო დღის მეტოქე კლაას-იან ჰუნტელაარის საყვარელი გუნდია - ჰოლანდიელმა ფორვარდმა "ჰამბურგის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 4 შეხვედრაში გაიტანა და სულ 7 გოლი დააგროვა. ამდენი ბურთი ჰუნტელაარს არავისთან გაუტანია.

"ხუმარებმა" ახალი სეზონის წინ საკმაოდ ბევრი ტრანსფერი განახორციელეს და შემადგენლობა რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელით შეავსეს. ლეონ გორეტცკა, კრისტიან კლემენსი, ადამ სალაი, ფელიპე სანტანა - ეს ფეხბურთელები "შალკეს" უთუოდ გააძლიერებენ, თუმცა გერმანელი ჟურნალისტების აზრით, "ჰამბურგთან" ძირითადში მხოლოდ კლემენსს უნდა ველოდოთ.

ტორსტენ ფინკს საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს - "ჰამბურგს" ტრავმის გამო ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლია, თუმცა აქვს ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ბუნდესლიგის უკანასკნელ დინოს" განაცხადში ყველაზე მეტი, 32 ფეხბურთელი ჰყავს და "ბაიერნის" ყოფილ მოთამაშეს განაცხადის შევსება არ უნდა გაუჭირდეს.

საინტერესოა, რომ "შალკეს" არც ერთი სხვა მეტოქის წინააღმდეგ არ მოუპოვებია ამდენი გამარჯვება და არ გაუტანია ამდენი გოლი, მაგრამ, ამავე დროს, 1991 წლიდან მოყოლებული (ამ წელს "შალკემ" ბუნდესლიგის საგზური მოიპოვა) გელზენკირხენულმა გუნდმა "ჰამბურგთან" 19 მატჩი წააგო - ამაზე მეტჯერ "შალკე" მხოლოდ "ბაიერნთან" (20) დამარცხდა.

"ფრაიბურგი" ცუდად იწყებს
"ფრაიბურგს" პირველი ტურის შეხვედრა 2002 წლის შემდეგ არ მოუგია. მაშინ, ბრაისგაუელებმა "ვერდერი" 3:0 დაამარცხეს. იმის შანსი, რომ "ფრაის" ეს სერია გაგრძელდეს საკმაოდ დიდია - კრისტიან შტრაიხის გუნდს ხომ სტუმრად "ბაიერთან" უწევს თამაში.

წინა სეზონის დასრულების შემდეგ, "ფრაიბურგიდან" როზენტალი, მაკიადი, ფლუმი, კრუზე და დანიელ კალიჯური წავიდნენ. მართალია, შტრაიხმა რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი გადაიბირა (კოკლენი, მეჰმედი, ჟელსონ ფერნანდესი, ჰანკე), მაგრამ გუნდს შარშანდელი შედეგის (მეხუთე ადგილი) გამეორება ძალიან გაუჭირდება. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ახალწვეულმა, მაიკ ჰანკემ თავისი პირველი ბუნდესლიგური გოლები ("შალკეს" რიგებში) სწორედ "ლევერკუზენს" (2003/04 წლების სეზონში) გაუტანა, თანაც ერთ-ერთი გოლი ფორვარდმა ცენტრიდან შეაგდო, ვინაიდან "ფარმაცევტების" კიპერი ჰანს-იორგ ბუტი, გამოყენებული პენალტის შემდეგ, საკუთარი კარისკენ ნელი ნაბიჯით მიემართებოდა.

"ბაიერი" ბუნდესლიგის 51-ე სეზონს 5-მატჩიანი მოგებათა და 8-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება. სამი ჰიიპიამ ანდრე შიურლე (ჩელსი), დანიელ კარვახალი (რეალი) და მიხალ კადლეცი (ფენერბაჰჩე) კი დაკარგა, მაგრამ გუნდში ძალიან გამოცდილი ანდრეს პალოპი, ემირ სპაჰიჩი, რობი კრუზე (ფორტუნა), ჰონ-მინ სონი (ჰამბურგი), ჯულიო დონატი (ინტერი), რობერტო ჰილბერტი (ბეშიქთაში) და ემრე ჩანი (ბაიერნი) მივიდნენ. ამ ტრანსფერების შემდეგ, გუნდის სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა საჩემპიონო ამბიციებზეც კი ისაუბრა. ვნახოთ, თუ "ბაიერის" სერიოზული გეგმები აქვს, დღეს ჩემპიონატი სამი ქულის აღებით უნდა დაიწყოს.

ქვემო-საქსონური დერბი
"ვოლფსბურგმა" წინა სეზონი ჩააგდო, თუმცა "მგლებმა" ჩემპიონატი 10-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაასრულეს და უკანასკნელი მარცხი 2 მარტს, "შალკესთან" განიცადეს. დიტერ ჰეკინგის სამწყსო დღეს "ჰანოვერს" დაუპირისპირდება და დერბიში გამარჯვების მოპოვებას ეცდება. "წითლებმა" სერჟიო პინტუს, კონსტანტინ რაუშის და მოჰამედ აბდელაუეს სახით სერიოზული ძალა დაკარგეს. გარდა ამისა, პირველი ტურის შეხვედრაში მირკო სლომკას დიდიე ია კონანის იმედიც ვერ ექნება - კოტ დივუარელი ფეხბურთელი ტრავმირებულია.

კობი ფრანკფურტით იწყებს
ბუნდესლიგაში დაბრუნების შემდეგ, თავის პირველ შეხვედრას "ჰერტა" ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს. ჩვენთვის სამწუხაროდ, "კიკერის" და ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის აზრით, ლევან კობიაშვილი ძირითადში არ უნდა იყოს. იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგების პროგნოზები არ გამართლდება...

ძალიან დიდ ინტერესს იწვევს მეორე "აინტრახტის" თამაშიც - ბრაუნშვაიგელები ბრემენის "ვერდერს" მასპინძლობენ. ბუნდესლიგის 1967 წლის ჩემპიონი უმაღლეს ლიგას 28-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება და ხვდება გუნდს, რომელთანაც ბოლო 7 მატჩი აქვს წაგებული (2 თასზე და 5 ჩემპიონატში). უკანასკენლად, "აინტრახტმა" "მუსიკოსებს" 1982 წლის 30 ოქტომბერს (3:1) სძლია.

ასევე, შაბათს "ნიურნბერგი" "ჰოფენჰაიმს" ესტუმრება და წინა სეზონიდან გადმოყოლილი 2-მატჩიანი მოგებათა სერიის გაგრძელებას ეცდება, კვირას კი ერთმანეთს "მაინცი" და "შტუტგარტი" შეხვდებიან. "შტუტგარტმა" ევროპა ლიგაზე ბულგარულ "ბოტევს" ვერცერთი მატჩი ვერ მოუგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა, "მაინცს" კი ბუნდესლიგაში უკვე 9 ტურია არ უმარჯვია და საერთოდ, თომას ტუხელის შეგირდებმა, ჩემპიონატის ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს (9 ფრე და 5 წაგება).

10 აგვისტო
ბაიერი-ფრაიბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლომბი, კორი - ჰედენსტადი, კლაუსი, პილარი, ტერაცინო

ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +13=8-7, (49-32)

ჰანოვერი-ვოლფსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფური, ბალასი, ჩერუნდოლო, ფელიპე, გიოქდემირი, შულცე, ფრანკა, კასუმოვიჩი, ია კონანი - თიოლკე, დ. კალიჯური, ჰასანი, ჰასებე, დოსტი, ჰელმესი, იონსონი, შაიდჰაუერი

ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +7=3-12, (31-38)

აუგსბურგი-ბორუსია (დ) 17:30
დისკვალიფიკაცია: ვაიდენფელერი (ბორუსია)
ტრავმა: გელიოსი, მანინგერი, დე იონგი, ოტლი, ბანსე - ალომეროვიჩი, პიშჩეკი, მხითარიანი

ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +0=1-3, (3-11)

ჰერტა-აინტრახტი (ფ) 17:30
დისკვალიფიკაცია: ფრანცი (ჰერტა)
ტრავმა: ლასოგა - იოზერი, კიტელი, შტენდერა

ურთიერთშეხვედრები
სულ 50 თამაში: +24=12-14, (86-70)

ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პატეროკი, ვიზე, ბრააფჰეიდი, დელპიერი, იაისლე, სალიჰოვიჩი, შტრობლი, ვუკჩევიჩი, ვაისი, დერდიოკი - უპჰოფი, კორჩოვსკი, მარკოს ანტონიო, გერტნერი, ჰლუშეკი

ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +4=2-2, (14-10)

აინტრახტი (ბ)-ვერდერი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰენი, კუმბელა - შტრებინგერი, რიოკერი, შმიტცი, ბარგფრედე, ა. სტევანოვიჩი, პ. სტევანოვიჩი, ტრიბული, ელია, ვურტცი

ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +12=8-20, (44-76)

11 აგვისტო

მაინცი-შტუტგარტი 17:30
დისკვალიფიკაცია: რიუდიგერი (შტუტგარტი)
ტრავმა: კარიუსი, ხუნიორ დიასი, ედე, სოტო, ჩუპო-მოტინგი - ნიდერმაიერი, ოდელი, დიდავი, როხასი

ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +3=4-7, (20-25)

შალკე-ჰამბურგი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პაპადოპულოსი, ანანი, ობასი - ნოიჰაუსი, შტრიტცელი, ჯურუ, ლამი, მანსიენი, შარნერი, ილიჩევიჩი, კაჩარი, ნაფიუ, ნორგაარდი, შტაინმანი, ტეშე

ურთიერთშეხვედრები
სულ 90 თამაში: +34=21-35, (127-142)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული