გერმანია. ბუნდესლიგა. III ტური: ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი ბუნდესლიგა [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მესამე ტური უხვგოლიანი და უხეში გამოდგა. არბიტრებმა ჯიბიდან წითელი ბარათი 8-ჯერ ამოიღეს, თანაც, ეს ყველაფერი ოთხმა შეხვედრამ დაიტია.

ჩემპიონატის სამმა მთავარმა ფავორიტმა მორიგი სამი ქულა აიღო და რაც ყველაზე საინტერესოა, ქულა ჯერ "მაინცსაც" არ დაუკარგავს, რომელიც ლიდერთა ტრიოს ფეხდაფეხ მიჰყვება.

მარიო გიოტცეს წარმატებული დებიუტი
"რეკორდმაისტერმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ბუნდესლიგაში დაუმარცხებელი სერია 28 მატჩამდე გაზარდა.

"ბაიერნის" რიგებში დებიუტი ჰქონდა მარიო გიოტცეს, რომელმაც ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. ძირითადში იყო ტიაგო ალკანტარაც, მაგრამ ესპანელი გვარდიოლამ მეორე ტაიმის შუისკენ ტრავმის გამო შეცვალა.

როგორც
შემდეგ გაირკვა, ტიაგოს ოპერაცია ელის და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი მინიმუმ 7 კვირა ვერ ითამაშებს.

ბავარიული დერბის ფავორიტი თავიდანვე ცნობილი იყო. მიუნხენელებმაც შეხვედრის დასაწყისიდანვე შეუტიეს, მაგრამ პირველი რეალური მომენტი ფრანკებს ჰქონდათ - მე-15 წუთზე დანიელ გინჩეკმა ბურთი მასპინძელთა ხარიხას გაარტყა. ანგარიშის გახსნა გვარდიოლას შეგირდებს 33-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ დავიდ ალაბამ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმში "ბაიერნმა" ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და მიზანსაც მიაღწია - 69-ე წუთზე თავი ფრანკ რიბერიმ გამოიჩინა, 9 წუთში კი მეორე ბურთი არიენ რობენმა გაიტანა. "რობერის" აქტიურობა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა - 187-ე ბავარიული დერბი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



მომდევნო შეხვედრას "ბაიერნი" უკვე 27-ში, "ფრაიბურგის" წინააღმდეგ გამართავს, 30 აგვისტოს კი "ჩელსის" ევროპის სუპერთასისთვის დაუპირისპირდება.

65 დარტყმა, 1 გაშვებული
ბრემენის "ვერდერმა" ახალ სეზონში პირველი გოლი პარასკევს, დორტმუნდში გაუშვა.

საინტერესოა, რომ გასულ სამ შეხვედრაში სებასტიან მილიტცის კარის მიმართულებით მეტოქეებმა 65-ჯერ (!) დაარტყეს, რაც მართლაც საოცარი რიცხვია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ვერდერის" მეტოქეები პირველ ორ ტურში ბრაუნშვაიგის "აინტრახტი" (13 დარტყმა) და "აუგსბურგი" (20) იყვნენ.

"ვესტფალენშტადიონზე" "ბრემენელი მუსიკოსები", ძირითადად, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, "ბორუსია" კი გამუდმებით უტევდა, თუმცა მომენტების შექმნა იურგენ კლოპის შეგირდებმა მხოლოდ ტაიმის მიწურულს შეძლეს.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და საწადელს 55-ე წუთზე მიაღწიეს - მარკო როისის გადაცემით რობერტ ლევანდოვსკიმ იხეირა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



BVB-ს ანგარიშის გაზრდის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ხან შემტევები სცოდავდნენ, ხან კი მილიტცი თამაშობდა დამაჯერებლად.

საბოლოოდ, "ბორუსიამ" მინიმალური სხვაობით მოიგო და "ვერდერი" ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა.

ლევერკუზენის ახალი რეკორდი
"ლევერკუზენმა" ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა - "ბაიერმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო, შტეფან კისლინგმა კი ამ 8 შეხვედრაში ამდენივე გოლი გაიტანა. შაბათს "ბაიერის" მეტოქე მოინხენგლადბახის "ბორუსია" იყო. როგორც წესი, ამ გუნდების შეხვედრები უხვგოლიანი გამოდის და გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო.

ანგარიში 23-ე წუთზე (პენალტით) კისლინგმა გახსნა და "ბაიერის" შემადგენლობაში, ბუნდესლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა იოახიმ ლიოვი, რომელიც კისლინგს არ სწყალობს.

იოგიმ "ლევერკუზენის" საუკეთესო ბომბარდირის მორიგი შთამბეჭდავი თამაში (გოლი + 2 საგოლე პასი) საკუთარი თვალით იხილა და ვნახოთ, ამჯერად მაინც თუ მიეცემა კისლინგს ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება.

შეხვედრის მეორე გოლი 28-ე წუთზე სიდნი სემმა სწორედ კისლინგის პასით გაიტანა და ტაიმიც ასე დასრულდა - 2:0.

აი, მეორე ნახევრის დებიუტში კი "ბორუსიამ" მოუმატა და 3-წუთიან ინტერვალში ანგარიშიც გაათანაბრა, თუმცა სტუმართა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ხუან არანგოს გოლიდან სამ წუთში თავი ისევ სიდნი სემმა გამოიჩინა (პასი კისლინგმა გააკეთა) და მასპინძლები კვლავ წინ გავიდნენ. საბოლოო წერტილი კი გონსლო კასტრომ დასვა (სემის პასით) - 4:2.

შალკეს საშველი არაა
გელზენკირხენის "შალკემ" მორიგი მატჩი წააგო და თუ სამშაბათს "ხუმარები" ბერძნული პაოკ-ის ბარიერს ვერ გადალახავენ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იენს კელერს პოსტის დატოვება მოუწევს.

"ჰანოვერთან" გამართული მატჩის გადამწყვეტი მომენტი ბენედიქტ ჰიოვედესის გაძევება იყო - სტუმართა კაპიტანმა მე-14 წუთზე პენალტი "აიკიდა" და ბონუსად წითელი ბარათიც მიიღო. 11-მეტრიანი ზუსტად შაბოლჩ ჰუშტიმ შეასრულა და მირკო სლომკას გუნდი დააწინაურა.

მასპინძელთა უპირატესობა პირველი ტაიმის ბოლოს მამე ბირამ დიუფმა გაამყარა, ვინც "შალკეს" შარშან ულამაზესი "მაკრატელა" გაუტანა, ამჯერად კი თავური დარტყმით გამოიჩინა თავი.

სტუმრებმა მეორე ტაიმში სხვაობა ადამ სალაის გოლის წყალობით შეამცირეს, 74-ე წუთზე კი არბიტრმა ჰუშტი გააძევა და "შალკეს" ქულის აღების შანსიც გაუჩნდა, მაგრამ გელზენკირხენელებმა მეტი ვერაფერი მოახერხეს, ბოლოს კი კვლავ კაცნაკლულები დარჩნენ - კრისტიან ფუხსმა 6-წუთიან ინტერვალში ორი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

მომავალ ტურში "შალკე" შესანიშნავ ფორმაში მყოფ ლევერკუზენის "ბაიერს" ეთამაშება და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გელზენკირხენელებს ნახევარი გუნდი ტრავმირებულ-დისკვალიფიცირებული ჰყავთ, "ფარმაცევტებთან" გამარჯვების დიდი შანსი არ უნდა ჰქონდეთ.

საგიჟეთი ზინსჰაიმში
ზინსჰაიმში "ჰოფენჰაიმმა" და "ფრაიბურგმა" ნამდვილი სპექტაკლი შემოგვთავაზეს. გულშემატკივრებმა 6 გოლი და 3 წითელი ბარათი იხილეს. მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ კინაღამ დამარცხდნენ.

ანგარიში მე-9 წუთზე სეად სალიჰოვიჩმა პენალტით გახსნა და იქვე წითელი ბარათიც მიიღო - ბოსნიელმა იულიან შუსტერს ხელი გაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, კაცნაკლული "ჰოფენჰაიმი" მეორედაც დაწინაურდა.

ამის შემდეგ "ფრაიმ" ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი თავადაც 10 კაცით დარჩა - "არსენალიდან" განათხოვრებულმა ფრანსის კოკლენმა ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმში გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

მაინცი და ჰერტა ისევ იგებენ
"მაინცმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. თომას ტუხელის გუნდის მსხვერპლი "ვოლფსბურგი" გახდა, რომელიც მცირე უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მაინც დამარცხდა.

მორიგი გოლი გაიტანა ნიკოლაი მიულერმა, ვის ანგარიშზეც უკვე 4 ბურთია და "მაინცის" 25 წლის ნახევარმცველი ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერია. "ვოლფსბურგის" რიგებში წითელი ბარათი მიიღო ლუის გუსტავომ, რომელიც "მგლებში" მეორე შეხვედრას ატარებდა.

შაბათის უკანასკნელი მატჩი ბერლინში გაიმართა. "ჰერტას" და "ჰამბურგის" დაპირისპირება ძალიან მოსაწყენი გამოდგა და რომ არა ნიკო შულცის გარღვევა, თამაში ლოგიკური შედეგით, 0:0 დასრულდებოდა.

დედაქალაქელთა საბედნიეროდ, 74-ე წუთზე მათმა მარცხენა მცველმა კარგი დრიბლინგი წამოიწყო, პარტნიორთან კედელი გაითამაშა და ბურთი კარის წინ მყოფ ადრიან რამოსს გადააწოდა, რომელსაც ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია.

გაჭირვებულების დღე
კვირას ქულის გარეშე მყოფი გუნდების დღე იყო. "აინტრახტების" დერბი ფრანკფურტელთა გამარჯვებით დასრულდა - არმინ ფეეს გუნდმა უიღბლო სერია დაასრულა და სეზონში პირველი ქულები მოიპოვა.

ბრუნო ლაბადიას "შტუტგარტი" კი შავ დღეშია. შვაბებმა მორიგი მატჩი წააგეს და ბოლოსწინა ადგილზე დამკვიდრდნენ. "აუგსბურგის" რიგებში თავი ჰალილ ალთინთოფმა გამოიჩინა, რომელმაც ბუნდესლიგაში 4-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

გერმანია. ბუნდესლიგა. III ტური
დორტმუნდი-ვერდერი 1:0
გოლი: 1:0 ლევანდოვსკი (55)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ნ. შაჰინი, კელი - ბლაშჩიკოვსკი (68. ობამეიანგი), მხითარიანი (81. ი. ჰოფმანი), როისი (88. ს. ბენდერი) - ლევანდოვსკი
ვერდერი (4-3-2-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, ლუკიმია, კალდიროლა - იუნუზოვიჩი, მაკიადი, ილდირიმი (71. ელია) - ექიჩი (66. ფ. კროოსი), ჰანტი - არნაუტოვიჩი (66. დი სანტო)
გაფრთხილება: -
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 32-7 (16-4); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 80 645

ბაიერნი-ნიურნბერგი 2:0
გოლები: 1:0 რიბერი (69), 2:0 რობენი (78)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - შვაინშტაიგერი - რობენი, გიოტცე (68. ტ. კროოსი), ტიაგო ალკანტარა (62. თ. მიულერი), რიბერი (80. შაჩირი) - მანჯუკიჩი
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, პ. ნილსონი (35. დაბანლი), პოგატეცი, პინოლა - შტარკი, ბალიჩი - დრმიჩი, ფოილნერი (72. ფრანტცი), პლატენჰარდტი (75. კიოტაკე) - გინჩეკი
გამოუყენებელი პენალტი: ალაბა (33. ბაიერნი)
გაფრთხილება: მანჯუკიჩი, ლამი, რიბერი - გინჩეკი
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 25-5 (15-3); ბურთის ფლობა: 74%-26%
მაყურებელი: 71 000

ლევერკუზენი-გლადბახი 4:2
გოლები: 1:0 კისლინგი (23-პენ), 2:0 სემი (28), 2:1 შტრანცლი (54), 2:2 არანგო (57), 3:2 სემი (60), 4:2 კასტრო (72)
ლევერკუზენი (4-3-2-1): ლენო - ჰილბერტი (62. დონატი), თოფრაქი, სპაჰიჩი, ბიონიში - ლ. ბენდერი, რაინარტცი, კასტრო - სემი, სონი (88. კრუსი) - კისლინგი (83. ჰეგელერი)
გლადბახი (4-2-3-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - კრამერი, ჯაკა (75. ჰრგოტა) - ჰერმანი (87. ლ. დე იონგი), რაფაელი, არანგო (75. იუნესი) - კრუზე
გაფრთხილება: ჯაკა
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 19-10 (9-7); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 29 243

ჰანოვერი-შალკე 2:1
გოლები: 1:0 ჰუშტი (15-პენ), 2:0 დიუფი (42), 2:1 სალაი (55)
ჰანოვერი (4-4-2): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, სანე, პოკონიოლი - შტინდლი, ანდრეასენი (79. შმიდებახი), პრიბი, ჰუშტი - დიუფი (90. ჰაგი), ა. სობიხი (72. ია კონანი)
შალკე (4-3-2-1): ჰილდებრანდი - ჰოოგლანდი, მატიპი, ჰიოვედესი, ფუხსი - გორეტცკა (38. ფ. სანტანა), ნოიშტედტერი (80. მ. მაიერი), ჯოუნსი - კლემენსი (84. ბარნეტა), დრაქსლერი - სალაი
გაფრთხილება: ა. სობიხი, სანე - ფუხსი
გაძევება: ჰიოვედესი (14. შალკე), ჰუშტი (74. ჰანოვერი), ფუხსი (85. შალკე)
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 21-25; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 14-8 (6-4); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 49 000

ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 3:3
გოლები: 1:0 სალიჰოვიჩი (9-პენ), 1:1 ზორგი (13), 2:1 ფოლანდი (25), 2:2 გედე (29), 2:3 ფრაისი (67), 3:3 შტრობლი (77)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტელსი - ბეკი, ვესტერგაარდი, აბრაამი, ფ. ჯონსონი - პოლანსკი (72. შიპლოკი), სალიჰოვიჩი - ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ელიუნუსი (33. შტრობლი) - მოდესტი
ფრაიბურგი (4-4-2): ბაუმანი - მუიჯა (83. ჰიოფლერი), დიანე (75. კრმაში), გინტერი, ზორგი - შმიდი, შუსტერი, ჟელსონ ფერნანდესი, კოკლენი - ფრაისი გედე (72. მეჰმედი)
გაფრთხილება: ელიუნუსი - ზორგი, კოკლენი, მუიჯა, ჟელსონ ფერნანდესი
გაძევება: სალიჰოვიჩი (9. ჰოფენჰაიმი), კოკლენი (41. ფრაიბურგი), მეჰმედი (90. ფრაიბურგი)
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 17-25; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 13-11 (4-8); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 24 118

მაინცი-ვოლფსბურგი 2:0
გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (60), 2:0 ნ. მიულერი (78)
მაინცი (4-2-3-1): ჰ. მიულერი - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, პარკი - ბაუმგარტლინგერი, გაისი - ნ. მიულერი, ზიმლინგი (87. სოტო), ჩუპო-მოტინგი (90. პოლტერი) - ოკაზაკი (76. მორიტცი)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, კნოხე, რ. როდრიგესი - კოო (69. მ. შეფერი), ლუის გუსტავო - ვიეირინია, დიეგო, პერიშიჩი (67. პოლაკი) - ოლიჩი (84. ჰასებე)
გაფრთხილება: ნ. მიულერი, გაისი, მორიტცი - ლუის გუსტავო, დიეგო
გაძევება: ლუის გუსტავო (64. ვოლფსბურგი)
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-17 (7-8); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 27 103

ჰერტა-ჰამბურგი 1:0
გოლი: 1:0 ა. რამოსი (74)
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი (23. ნიმაიერი), შულცი - ლუსტენბერგერი, ჰოსოგაი - ალაგუი (63. რონი), ბაუმიოჰანი, ბენ-ჰატირა (88. ვაგნერი) - ა. რამოსი
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, ლ. სობიხი, ვესტერმანი, ლამი (90. ტა) - არსლანი, ბადელი (86. ჩალჰანოღლუ) - ბაისტერი (90. ირაჩეკი), ვან დერ ვაარტი, ზუა - რუდნევსი
გაფრთხილება: შულცი - ვესტერმანი, ლამი, ზუა, ბაისტერი
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 15-22; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 16-15 (13-8); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 63 574

ბრაუნშვაიგი-აინტრახტი 0:2
გოლები: 0:1 ა. მაიერი (52), 0:2 აიგნერი (63)
ბრაუნშვაიგი (4-3-3): დავარი - ელაბდელაუი, ბიჩაკჩიჩი, მარსელ კორეია (21. დოგანი), რაიხელი - კრატცი, თოიერკაუფი (70. კუმბელა), ბოლანდი - ჰოხშაიდტი, ჯექსონი, კრუპკე (57. ბელარაბი)
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ჩელოცი, სამბრანო (46. რუსი), ანდერსონ ბამბა, ოშიპკა - როდე (69. ლანიგი), ფლუმი - აიგნერი, ა. მაიერი, ინუი - ვ. კადლეცი (80. როზენტალი)
გაფრთხილება: თოიერკაუფი, კრატცი - ა. მაიერი
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9-20 (3-11); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 22 900

აუგსბურგი-შტუტგარტი 2:1
გოლები: 1:0 ჰალილ ალთინთოფი (6), 2:0 კალსენ-ბრაკერი (36), 2:1 იბიშევიჩი (42-პენ)
აუგსბურგი (4-1-4-1): ჰიტცი - ვერჰეგი (53. ფილპი), კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ჰალილ ალთინთოფი (87. ფოგტი), მორავეკი, ჰოლცჰაუზერი (77. ვერნერი) - მიოლდერსი
შტუტგარტი (4-3-1-2): ულრაიხი - გ. საკაი, შვააბი, რიუდიგერი, რაუში - ლაიტნერი (46. ჰარნიკი), ბოკა (64. ი. ტრაორე), გენტნერი - მაქსიმი - აბდელაუე (74. კაკაუ), იბიშევიჩი
გაფრთხილება: ვერჰეგი, ჰანი - აბდელაუე, გენტნერი, გ. საკაი
გაძევება: ი. ტრაორე (70. შტუტგარტი)
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 21-22; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16-9 (10-5); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 30 300

Sportall.Ge

ბომბარდირები:
4 - ნ. მიულერი (მაინცი); 3 - ობამეიანგი (ბორუსია დ.), ალაგუი (ჰერტა), მოდესტი (ჰოფენჰაიმი), ა. რამოსი (ჰერტა), სემი (ბაიერი)

მომდევნო ტური:
27 აგვისტო:
ფრაიბურგი-ბაიერნი

31 აგვისტო:
გლადბახი-ვერდერი, ჰანოვერი-მაინცი, ვოლფსბურგი-ჰერტა, ნიურნბერგი-აუგსბურგი, ჰამბურგი-ბრაუნშვაიგი, შალკე-ლევერკუზენი

1 სექტემბერი:
შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი, აინტრახტი-დორტმუნდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული