იურგენ კლოპი: ხანდახან მგონია, რომ პერესმა დილით არ იცის, სად და რაში დახარჯავს ფულს საღამოს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპს მხოლოდ ფეხბურთში როდი უყვარს სისწრაფე. 46 წლის სპეციალისტს ავტომობილებიც ძალიან უყვარს და მანქანის სწრაფად ტარებაც.

თანაც, კლოპს მართვა ეხერხება, რაშიც ჩვენი გერმანელი კოლეგა, გაზეთ "ბილდის" ჟურნალისტი "ოპელის" სპორტულ ტრეკზე დარწმუნდა - დუდენჰოფენის ავტოდრომზე კლოპი "ოპელის" სპორტულ მოდელს საშუალოდ 180 კმ/სთ სისწრაფით მართავდა და მან სწორედ ამ დროს ჩაიწერა ინტერვიუ, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით.

რატომ მაინცდამაინც "ოპელი"? საქმე იმაშია, რომ აგერ უკვე რამდენიმე თვეა, რაც კლოპი "ოპელის" სახე გახდა.

- ჰერ კლოპ, რას იტყვით მესუთ იოზილის ტრანსფერის
შესახებ, რომელიც "რეალიდან" ლონდონის "არსენალში" გადავიდა?
სხვათა შორის, "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თქვენს "დორტმუნდთან" ერთად მოხვდა და აქვე მეორე კითხვაც: იოზილის გამო ლონდონური კლუბის დამარცხება უფრო ძნელი იქნება?
- ჩემთვის სულერთია, ვინ ითამაშებს ჩვენს წინააღმდეგ. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს ტრანსფერი ნამდვილი ბომბი იყო. ასეთი ტრანსფერები ხშირად არ ხდება და სიმართლე ვთქვა, არც მე ველოდი. 50 მილიონ ევროს ასე სწრაფად იშვიათად იხდიან ხოლმე. თუმცა მესუთიც ნამდვილი ბომბია და საბოლოო ჯამში არ მიკვირს, რომ მის სანაცვლოდ 50 მილიონი გადაიხადეს. თუმცა არავინ იცის, რატომ გაუშვა ის "რეალმა". იქნებ, მადრიდელებს ფული სჭირდებოდათ...

- ამდენ ფულს ფეხბურთელში თქვენც გადაიხდიდით?
- (ამუხრუჭებს) ფეხბურთელებში უზომოდ ბევრ ფულს ადრე დორტმუნდის "ბორუსიაც" იხდიდა, თუმცა მაშინ მე აქ არ ვმუშაობდი. თუმცა ის, რაც ახლა ინგლისში ხდება, უკვე მართლა სიგიჟეა! სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს იქ ფეხბურთელებში 700 მილიონი ევრო დაიხარჯა და მინდა გითხრათ, რომ იმ ფეხბურთელების 80 პროცენტს არ ვიცნობ.

- "რეალმა" გარეთ ბეილში 100 მილიონი ევრო გადაიხადა. ალბათ ფიქრობთ, რომ ესეც ნამეტანია...
- მთავარი ის კი არ არის, თუ რა ღირს ესა თუ ის ფეხბურთელი, არამედ ის, თუ რამდენად გჭირდება კონკრეტული მოთამაშე და შეგიძლია თუ არა მისი ტრანსფერის დაფინანსება, რაშიც არა მარტო ფეხბურთელის ღირებულებას, არამედ იმ ხელფასსაც ვგულისხმობ, რაც კონტრაქტის ბოლომდე უნდა გადაუვადო. ფასები უკვე მართლა ასტრონომიულია, მაგრამ კარგი ის არის, რომ ეს ფული ისევ ფეხბურთში რჩება და ტრიალებს. "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ბეილის შეძენა აიკვიატა და რაკი აიკვიატა, მასში 100 მილიონიც გადაიხადა. თუმცა პერესისგან ასეთ საქციელებს მიჩვეულები ვართ. ხანდახან მგონია, რომ ფლორენტინომ დილით არ იცის, სად და რაში დახარჯავს ფულს საღამოს.

- "დორტმუნდმა" ბუნდესლიგის ახალი სეზონი ოთხი მოგებით დაიწყო, რაც ამ კლუბის ისტორიაში რეკორდია. ბუნდესლიგის მასშტაბით კი სასტარტო რეკორდი მიუნხენის "ბაიერნს" ეკუთვნის - რეკორდმაისტერს პირველი 8 შეხვედრა აქვს მოგებული. ამ რეკორდსაც ხომ არ დაამხობთ?
- (კლოპი მანქანას ისევ აჩქარებს) სტარტზე ოთხი მოგება კარგია, მეტიც შეიძლება, მაგრამ ძნელი იქნება. ასეა თუ ისე, სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ და ეს მიხარია.

- ბოლო დღეებში თქვენც ტრავმირებული იყავით და საინტერესოა, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას ლეგენდების მატჩში, რომელიც კვირას შედგება და რომელშიც თქვენი მწვრთნელი მათიას ზამერი უნდა იყოს?
- ჯერ კიდევ არ ვიცი, მაგრამ ალბათ მაინც ვითამაშებ, რადგან ცოტაოდენი სირბილი უკვე შემიძლია. მხოლოდ ის ვიცი, რომ დიდხანს ვერ ვითამაშებ. რაც შეეხება ზამერს: ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ მათიასის ხელმძღვანელობით ფეხბურთი მეთამაშა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: ის, რაც ახლა ინგლისში ხდება, სიგიჟეა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბებიაშენს მიხედე!!!!!!!!!!!!!!!
lado
21:33 07-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული