"ბორუსიას" ხუთ ტურში სულ 15 გოლი აქვს გატანილი და აქედან 14 გოლი სწორედ ამ ოთხეულის ანგარიშზეა. ალბათ, თავადაც ხვდებით, რომ გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი წინა ხაზი ამ ეტაპზე სწორედ "დორტმუნდს" ჰყავს. ეს, რაც შეეხებოდა ტურის მთავარ პოზიტივს, ქვემოთ კი სხვა პოზიტივებსა და ნეგატივებზე ვისაუბრებთ.
- მანუელ ნოიერმა "ჰანოვერთან" 2:0-ზე მოგებულ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. "ბაიერნის" 27 წლის მეკარემ რეკორდმაისტერის ფორმით ბუნდესლიგის შეხვედრაში ეს მეასედ გააკეთა. ამ ასაკში ასეთი მიღწევა აქამდე მიუნხენური გრანდის არცერთ გოლკიპერს არ ჰქონია.
- მთლად დორტმუნდისნაირი არა, მაგრამ ძალიან შედეგიანი წინახაზელები ჰყავს "ლევერკუზენსაც". "ვოლფსბურგთან" (3:1) "ბაიერს" სიდნი სემმა და შტეფან კისლინგმა მოაგებინეს და ხუთი ტურის შემდეგ ორივეს 4-4 გოლი აქვს.
- ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდით იმაში, რომ "შალკეს" "ბოლო წამს" ნაყიდი ფეხბურთელები წაადგა და მომავალშიც წაადგება. კევინ-პრინს ბოატენგი მისთვის მეორე შეხვედრაშიც ბრწყინვალე იყო და, რაც მთავარია, გამარჯვების გოლი გაიტანა; "ჰამბურგიდან" ნათხოვარი დენის აოგო კი გელზენკირხენულ კლუბში ისე კარგად ათამაშდა, რომ გამორიცხული არაა, იოახიმ ლიოვმა ახლო მომავალში გერმანიის ნაკრებში ისევ დაუძახოს.
- "აუგსბურგმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ამრიგად, აუგსბურგელებს 5 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვთ. შედარებისთვის, წინა სეზონში 9 ქულა პირველი წრის, ანუ 17 ტურის (!) შემდეგ ჰქონდათ. შედეგად, "აუგსბურგი", რომელსაც ამ სეზონში თითქმის ყველა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას უწინასწარმეტყველებს, მეექვსე ადგილზეა.
- მიუხედავად იმისა, რომ "აინტრახტს" პირმინ შვეგლერის, ალექს მაიერის, იან შლაუდრაფისა და შტეფან შრიოკის სახით ძირითადი შემადგენლობის ოთხი ფეხბურთელი აკლდა, ფრანკფურტელთა თავკაცმა არმინ ფეემ ბრემენში ამ დანაკლისის კომპენსირება შეძლო და "ვერდერი" მისსავე მოედანზე 3:0 შეარცხვინა, რაც პირველ რიგში, ფრანკფურტელთა ახალი გოლეადორის, ვაცლავ კადლეცის დამსახურებაა. ჩეხმა ცენტრფორვარდმა დუბლი შეასრულა და პრიოდლის ავტოგოლშიც ლომის წვლილი შეიტანა.
შესანიშნავი იყო ტრანკვილიო ბარნეტაც. ასეთი შემართებითა და კონცენტრაციით "აინტრახტი" ცხრილის პირველი მესამედის კანდიდატია.
- "ჰოფენჰაიმს" "გლადბახთან" ლიდერი რობერტო ფირმინო აკლდა, მაგრამ "სოფლელებმა" მაინც გაიმარჯვეს (2:1), რაც ფოლანდისა და მოდესტეს დამსახურებაა, რომელთა ანგარიშზე 4-4 გოლია.
- ბრაუნშვაიგში ბუნდესლიგურ გოლს 28 წელი ელოდებოდნენ და ეს პატივი კვირას წილად ომარ ელაბდელაუის ხვდა. "ნიურნბერგთან" (1:1) ნორვეგიელი მარჯვენა ნახევარმცველი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და დაამტკიცა, რომ გოლის გატანაც ეხერხება. ამრიგად, "ბრაუნშვაიგმა" პირველი ქულა აიღო...
- პარასკევს "შტუტგარტმა" ბერლინში 1:0 მოიგო, რაც იმას ნიშნავს, შვაბთა ახალ თავკაც თომას შნაიდერს ჯერჯერობით ასპროცენტიანი შედეგი (2 თამაში, 2 მოგება) აქვს. თუმცა "ჰერტასთან" გამარჯვებას შნაიდერი მეკარე სვენ ულრაიხს უნდა უმადლოდეს, რომელმაც პარასკევს სასწაულები აკეთა.
ნეგატივები
- ვინც "ბრაუნშვაიგთან" 4:0-ის მერე ფიქრობდა, რომ "ჰამბურგი" დაბრუნდა და პროგრესი დაეწყო, მწარედ შეცდა - ჩრდილოელები დორტმუნდში პირწმინდად შერცხვნენ (2:6). არ გაგიკვირდეთ, ახლო მომავალში "ლელოში" ასეთი სათაური რომ აღმოაჩინოთ: "ტორსტენ ფინკი დაიფრინეს!"
- ბრემენის "ვერდერს" შაბათს დაემართა ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება საფეხბურთო კლუბს ერთ შეხვედრაში დაემართოს: 0:3 საკუთარ მოედანზე, უსიცოცხლო და უიდეო ფეხბურთი, ფრანკ დი სანტო თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში გააძევეს, აარონ ჰანტმა პენალტი ვერ გაიტანა, სებასტიან პრიოდლმა კი საკუთარი კარი დალაშქრა. ზედიზედ მესამე მარცხის შემდეგ "ვერდერს" კატასტროფული სიტუაცია უახლოვდება.
- დი სანტო ცალკე სალაპარაკო თემაა: "ვერდერის" ახალწვეული თავდამსხმელი "აინტრახტის" მარცხენა მცველ ბასტიან ოჩიპკასკენ ისე გაფრინდა, როგორც ბრიუს ლი დაფრინავდა არც ისე შორეულ წარსულში და ფეხი პირდაპირ ფრანკფურტელის სახეზე ჰქონდა დამიზნებული. მსაჯმა ფელიქს ბრიხმა დი სანტოს მაშინვე წითელი აუფრიალა.
- "ბაიერნიდან" "ვოლფსბურგში" გადაბარგებულმა ლუის გუსტავომ "მგლებში" მესამე მატჩი ჩაატარა და ამ უმოკლეს პერიოდში მეორედ გააძევეს! მართალია, ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი სოლიდურად თამაშობს და "ვოლფსბურგის" ლიდერად გვევლინება, მაგრამ თავისი ზედმეტი სიხისტით თანაგუნდელები უკვე მეორედ დაღუპა. საერთო ჯამში, ლუის გუსტავოს ბუნდესლიგაში 6 წითელი ბარათი აქვს მიღებული და იენს ნოვოტნის ანტირეკორდს (8 გაძევება) უახლოვდება.
- ჰანოვერელებს შეეძლოთ, მიუნხენში არც ჩასულიყვნენ, რადგან "ბაიერნის" მოედანზე ზედიზედ მეშვიდე მარცხი (0:2) იწვნიეს. ზოგადად, "ჰანოვერს" მიუნხენში ერთადერთხელ აქვს მოგებული - ეს 2006 წლის 8 ნოემბერს მოხდა: მაშინ "წითლებმა" "ალიანს არენაზე" საბოლჩ ჰუსტის გოლით 1:0 გაიმარჯვეს.
- წინა სეზონში "ფრაიბურგს" ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავდა, ახლა კი კრისტიან შტრაიხის გუნდის უკანა ხაზში "ორპირი ქარი ქრის": 5 თამაშში 11 გოლის მიღება საშინელი შედეგია, რაშიც ბრალი ყველაზე მეტად 19 წლის მცველ მათიას გინტერს მიუძღვის, რომლისთვისაც დაცვის ბურჯის სტატუსის მინიჭება შტრაიხის მხრიდან აშკარად ნაადრევი ნაბიჯი იყო.
- "მაინცი" "შალკესთან" შინჯი ოკაზაკის კატასტროფული პასის გამო დამარცხდა (კევინ-პრინს ბოატენგმა სწორედ ამის შემდეგ იხეირა). რაკი ოკაზაკიმ ეს შეცდომა შეტევაში ვერ გამოასწორა, თომას ტუხელმა იაპონელი 57-ე წუთზე შეცვალა.
- მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" სტუმრად მესამე შეხვედრა ჩაატარა და მესამედ დამარცხდა. მართალია, ლუსიენ ფავრის ბიჭები საკუთარ "ბორუსია-პარკზე" იგებენ (2 მოგება), მაგრამ თუ "გლადბახს" ევროსარბიელზე მოხვედრა უნდა, ქულების დაგროვება სტუმრადაც უნდა დაიწყოს.
V ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-2-3-1)
V ტურის გმირი
მარკო როისი (დორტმუნდი)
მარკო როისი ხანდახან უბურთოდაც გენიალურ რამეს აკეთებს ხოლმე. ასე იყო "ჰამბურგის" კარში გატანილი მეოთხე გოლის დროსაც, როცა ბურთი ჭკვიანურად გაატარა და რობერტ ლევანდოვსკის იდეალური დასარტყმელი პოზიცია შეუქმნა. შაბათს მარკო შეუდარებელი და შეუჩერებელი იყო - როისი ჰამბურგის მცველებს კოშმარებში დაესიზმრებათ.
ორ ეპიზოდში რენე ადლერმა მისი დარტყმები რის ვაი-ვაგლახით მოიგერია, მაგრამ მარკომ მაინც გაიტანა, თანაც როგორ - მარჯვენა მცველ დიკმაიერს ბურთი ფეხებშუა გაუტარა და ადლერიც სტატისტის როლში დატოვა.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. პიერ ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 5 2.00
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 5 2.00
3. რაფაელ შეფერი ნიურნბერგი 5 2.00
4. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 5 2.10
5. ვაცლავ კადლეცი აინტრახტი 3 2.17
6. არიენ რობენი ბაიერნი 4 2.17
7. ფილიპ ლამი ბაიერნი 5 2.25
8. მარკო როისი დორტმუნდი 5 2.30
9. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 5 2.30
10. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 5 2.40
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. პიერ ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 5 5 2 7
2. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 5 4 3 7
3. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 5 4 2 6
4. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 3 2 4 6
5. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 4 3 3 6
6. სიდნი სემი ლევერკუზენი 5 4 2 6
7. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 5 4 2 6
8. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 5 5 0 5
9. ნიკოლაი მიულერი მაინცი 5 5 0 5
10. ანტონი მოდესტე ჰოფენჰაიმი 5 4 1 5
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. V ტური: "დორტმუნდი" ბობოქრობს [VIDEO]