მაქს კრუზე: "მიონხენგლადბახში" ჩემი ადგილი ვიპოვე

AutoSharing Option
ხუთი გოლი და ხუთი საგოლე პასი 8 თამაშში - ფაქტია, რომ 25 წლის მაქს კრუზეს, რომელიც მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" ზაფხულში გადავიდა, ამ სეზონში საქმეები ძალიან კარგად მისდის. ლოგიკურია, რომ მას ბოლო დროს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვიც ენდობა - კრუზე ბუნდესგუნდსაც გაუშინაურდა.

"კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში "გლადბახის" ფორვარდი დორტმუნდის "ბორუსიასთან" გამარჯვებისა და გერმანიის ნაკრებში საკუთარი პერსპექტივის შესახებ საუბრობს.

- ჰერ კრუზე, გერმანიის ჩემპიონატის პირველი მეოთხედი მიილია და "გლადბახი" ცხრილში მხოლოდ "დიდ სამეულს" - "ბაიერნს", "დორტმუნდს" და "ლევერკუზენს" ჩამორჩება. მეოთხე ადგილი ჩემპიონთა
ლიგის ზონაში ყოფნასაც ნიშნავს. როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს "გლადბახს" ამ სეზონში?
- პროგნოზების გაკეთება ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. უბრალოდ, ყველას გვიხარია, რომ 13 ქულა გვაქვს და მეოთხე ადგილზე ვართ. ამ მიღწევას და "დორტმუნდთან" გამარჯვებას ვეღარავინ წაგვართმევს, ამის შემდეგ კი ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

- "დორტმუნდთან" გამარჯვება, ალბათ, თავდაჯერებასაც შეგმატებთ, რაც მომდევნო მატჩებში გამოგადგებათ...
- ყველა თანხმდება, რომ ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც უბრალოდ თავდაჯერება და შესაბამისად, სტაბილურობა აკლია. იმედია, "დორტმუნდთან" მოგება ამ პრობლემის მოხსნაში მართლაც დაგვეხმარება. "დორტმუნდის" დამარცხებას მოხერხება უნდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს გამარჯვება რეალურად მხოლოდ სამ ქულას ნიშნავს და მეტს არაფერს.

- სულ ოთხი თამაში მოიგეთ და ოთხივე გამარჯვება საკუთარ "ბორუსია პარკზე" მოიპოვეთ. სტუმრად რატომ ვერ იგებთ?
- აუგსბურგში გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ის შეხვედრა 2:2 დასრულდა. მომდევნო ტურში ბერლინში ჩავდივართ და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, დედაქალაქიდან სამი ქულის წამოღებაა, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ბუნდესლიგაში ახლახან დაბრუნებული გუნდის კვალობაზე "ჰერტა" ძალიან კარგად თამაშობს.

- თქვენმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა თქვა, "დორტმუნდთან" პირველი ტაიმი 0:0 რომ დამთავრდა, ეს ნამდვილი სასწაული იყოო. დორტმუნდელები მართლაც ყველა ასპექტში გჯობდნენ და საინტერესოა, ფეხბურთელებს გჯეროდათ, რომ ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა?
- სანამ ტაბლოზე 0:0 ანთია, მოგების შანსი ყოველთვის არსებობს და ფეხბურთელებსაც უნდა სჯეროდეთ, რომ გამარჯვება შეიძლება. პირველ ტაიმში დორტმუნდელებმა მართლაც ყველანაირად გვაჯობეს და ჩვენს კართან არაერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ აღსანიშნავია ჩვენი დამსახურებებიც - დორტმუნდელთა იერიშები ძალიან დიდხანს ავიტანეთ და ვითმინეთ.

საბოლოო ჯამში, დაცვაში კომპაქტურად ვიდექით და საკუთარ შანსს ველოდებოდით. ერთი-ორი შანსი ყოველთვის გეძლევა - უბრალოდ, გამოყენება უნდა. კარგია, რომ ჩვენ გამოვიყენეთ.

- მიუნხენსა და ლევერკუზენში ფავრმა შემტევი ტაქტიკით გათამაშათ და იმ შეხვედრებში "გლადბახი" სულაც არ გამოიყურებოდა ცუდად, მაგრამ უქულოდ დარჩა. ალბათ, ამიტომაც შეცვალა სტრატეგია მწვრთნელმა...
- არა მგონია... ფავრმა შესვენებაზე გვითხრა, დაცვაში უფრო მეტი ყურადღებით ითამაშეთ და შეეცადეთ, პრესინგს მოედნის ცენტრშივე მიმართოთო. ჩვენი მთავარი მიზანი "დორტმუნდთან" გოლის არგაშვება იყო. იურგენ კლოპის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში მძაფრად გვიტევდა და მაგრად გვწნეხავდა - ამ დროს საკუთარ შეტევებზე ფიქრი ძნელია.

ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ დორტმუნდელები 90 წუთის მანძილზე ასე ვერ ირბენდნენ და რომ ჩვენი შანსი აუცილებლად მოგვეცემოდა, რაც მოხდა კიდეც. მთავარი ისაა, ვის დარჩება სამი ქულა და ამ შემთხვევაში სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა.

- "გლადბახის" სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა თქვა, პენალტებს კარგად მხოლოდ ის ფეხბურთელები ასრულებენ, რომლებსაც ლიდერობის ნიჭი აქვთო... ამ განცხადებით მან, ფაქტობრივად, გუნდის ლიდერად მოგიხსენიათ...
- თამაშის წინ შევთანხმდით, რომ თერთმეტმეტრიანი ან მარტინ შტრანცლს უნდა დაერტყა, ანაც მე. იმ მომენტში თავს კარგად ვგრძნობდი, თავდაჯერებული ვიყავი და ამიტომაც დავარტყი. რაც შეეხება იმას, რომ პენალტისტობა ლიდერობასთან ასოცირდება - ვფიქრობ, ჩემი ლიდერობის ნიჭი სხვებმა უნდა შეაფასონ.

ფაქტი ის არის, რომ მიონხენგლადბახში ჩემი ადგილი ვიპოვე - აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყველას ვუყვარვარ და ყველა პატივს მცემს - ეს კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

- გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ირლანდიასთან და შვედეთთან მატჩებით გაიფორმებს. ბუნდესგუნდში თქვენც გამოძახებული ხართ...
- მიხარია, რომ იოახიმ ლიოვი უყურადღებოდ არ მტოვებს.

- რაკი მიროსლავ კლოზე და მარიო გომესი დაშავებულები არიან, დიდი შანსია, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდეთ...
- ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. გერმანიის ნაკრების ყველა პოზიციაზე უდიდესი კონკურენციაა - ყველა ფეხბურთელი მაღალი დონისაა. გუნდში ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომელსაც 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ყველაზე წინა პოზიციაზე ასპარეზობა შეუძლია. ახლაც, როცა გომესი და კლოზე ტრავმირებულები არიან, ამ პოზიციისთვის რამდენიმე კანდიდატია. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ვნახოთ, რას მოიფიქრებს ლიოვი.

დოსიე
Sportall.Ge
სახელი	მაქს
გვარი კრუზე
პოზიცია თავდამსხმელი, შემტევი ნახევარმცველი
ნომერი კლუბში 10
კლუბი გლადბახი (2013 წლის ზაფხულიდან)
დაბადების თარიღი 19.03.1988
სიმაღლე 180 სმ
წონა 76 კგ
ამ სეზონში 8 თამაში, 5 გოლი
ბუნდესლიგაში 76 თამაში, 18 გოლი
მე-2 ბუნდესლიგაში 63 თამაში, 20 გოლი
მე-3 ბუნდესლიგაში 24 თამაში, 5 გოლი
ეროვნება გერმანელი
გერმანიის ნაკრებში 3 თამაში
კარიერა
ვერდერი (2006-09) 1 თამაში
ზანკტ პაული (2009-12) 96 თამაში, 22 გოლი
ფრაიბურგი (2012/13) 34 თამაში, 11 გოლი
გლადბახი (2013-დან) 8 თამაში, 5 გოლი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის ნაკრები: ახალი ხალხი იოახიმ ლიოვისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული