ფრანც ბეკენბაუერი, "ბილდი"
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წარმატებით დასრულებას ვულოცავ. ფაქტია, რომ გერმანია ბრაზილიაში ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის რანგში გაემგზავრება. ჩემი აზრით, მსოფლიოს ჩემპიონატს სამი მთავარი ფავორიტი ეყოლება: მასპინძელი ბრაზილია, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და გერმანია.
ვფიქრობ, რომ ამ სამეულიდან საუკეთესო ფეხბურთს გერმანიის ნაკრები თამაშობს. მესუთ იოზილი, მარიო გიოტცე, ტონი კროოსი, ანდრე შიურლე - ჩვენ ძალიან ბევრი
თუ გერმანიის დღევანდელ ნაკრებს იმ გუნდს შევადარებთ, რომელიც 1974 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და რომელშიც მეც ვთამაშობდი, თამამად უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელი გერმანია უფრო მრავალმხრივი გუნდია. მაშინ წინა ხაზზე ზედმეტად ვიყავით დამოკიდებულები გერდ მიულერზე. გერდი, როგორც გოლეადორი, განუმეორებელი იყო - ასეთები მეორედ არ იბადებიან.
დღესდღეობით კლასიკური ცენტრფორვარდები მოდაში თითქოს აღარაა. დააკვირდით გერმანიის ნაკრებს: გოლი ხან შიურლეს გააქვს, ხან იოზილს, ხან კროოსს და ა.შ. ვფიქრობ, 1974 წლის გუნდთან შედარებით, ესეც უპირატესობაა.
დარწმუნებული ვარ, რომ შვედეთთან 5:3-ის შემდეგ გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი მაინცდამაინც კმაყოფილი არ იქნება. ის ფაქტი, რომ შვედებმა სამი გოლი გაგვიტანეს, ცუდი ნიშანია და იმაზე მიუთითებს, რომ დაცვაში რაღაც-რაღაცები გამოსასწორებელი გვაქვს.
კიდევ ერთ ნაკლს ვხედავ: ჩვენი შემტევი ფეხბურთელები ხანდახან ზედმეტად მგრძნობიარეები მეჩვენებიან იმ დროს, როცა მეტოქე უხეშად ან ზომიერად აგრესიულად გვეთამაშება და ზონებს კარგად გვიკეტავს. მიმაჩნია, რომ ლიოვის ბიჭებს ოდნავ მეტი აგრესია არ აწყენდათ. ერთი-ერთზე სიტუაციებშიც ყოველთვის არ გამოვიყურებით კარგად.
მინდა, ლიოვს შევახსენო, რომ ძველი გამოთქმა: "თამაშს შეტევა იგებს, ტიტულებს კი დაცვა" დღესაც საკმაოდ აქტუალურია. ამ გამოთქმაში სიმართლის ძალიან ბევრი მარცვალია.
1974 წლის მუნდიალზე ჩვენ შვარცენბეკისა და ფოგთსის სახით უკან ორი მაგარი ძაღლი გვყავდა, ხოლო 1990-ში, როცა გერმანია ასევე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, უკან იურგენ კოლერისა და კლაუს აუგენტალერის სახით ასევე სტაბილური ბიჭები იდგნენ. როცა მთელი გუნდი (მათ შორის, ფლანგის მცველებიც) უტევდა, ისინი საიმედოდ იდგნენ უკან და დანარჩენებსაც არ ეშინოდათ.
ვისურვებდი, რომ გერმანიის ნაკრები დაცვაშიც ისეთი ეფექტური იყოს, როგორც შეტევაშია. თუმცა არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემები ჩემზე უკეთ თავად ლიოვისთვისაა ცნობილი.
კარგია, რომ ნოემბერში ორ ისეთ ძლიერ მეტოქესთან გვიწევს ტესტ-მატჩები, როგორებიცაა იტალია და ინგლისი. ამ ორ მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კაიზერ ფრანცი ძმებ კლიჩკოებს დაუახლოვდა