გოლზე, რომელიც "ლევერკუზენის" 29 წლის თავდამსხმელმა გაიტანა, ბევრი დაიწერა და კიდევ უფრო მეტი ითქვა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გაზეთ "ბილდის" მიერ გაკეთებული დეტალური ვიდეოანალიზის შემდეგ დადგინდა: იმის დანახვა, რომ ბურთი "ჰოფენჰაიმის" კარში გარედან შევარდა, რეალურად მხოლოდ თავად კისლინგს და, რაც მთავარია, შეხვედრის მთავარ არბიტრს, ფელიქს ბრიხს შეეძლოთ.
სავარაუდოდ, ორივემ დაინახა კიდეც, რასაც შტეფანის რეაქცია და ის ფაქტი ადასტურებს, რომ ბრიხმა თავიდან გოლი არ ჩათვალა, მაგრამ კისლინგს ამის აღიარების ვაჟკაცობა არ
ალბათ, უმჯობესია, მომხდარი კიდევ ერთხელ, მოკლედ შეგახსენოთ: პარასკევს, "ჰოფენჰაიმისა" და "ლევერკუზენის" მატჩში, იმ დროს, როცა სტუმრები 0:1-ს იგებდნენ, კისლინგის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი "ჰოფეს" კარში ბადის გარედან შევარდა, რადგან ბადე გარღვეული იყო.
დაბნეულმა მსაჯმა, 38 წლის ფელიქს ბრიხმა გოლი ჩათვალა, მატჩის შემდეგ კი განაცხადა:
"რთული სიტუაცია იყო. მე ეჭვი არ შემპარვია, რომ გოლი იყო, მაგრამ ფეხბურთელების რეაქციამ დამაეჭვა. მაგრამ რაკი ბურთი კარში იყო, რას წარმოვიდგენდი, რომ ბადე გარღვეული იქნებოდა?!“
"ბილდმა" ხსენებულ მომენტს დეტალური ვიდეოანალიზი ჩაუტარა და დაადგინა, რომ კისლინგს და ბრიხს შეეძლოთ, უფრო სწორად, თითქმის ვალდებულები იყვნენ, დაენახათ, რომ ბურთი კარში გარედან შევარდა.
საინტერესოა ისიც, რომ კისლინგი შეტრიალდა და თავში ხელები წაიშინა ნიშნად იმისა, ეს რა მომენტი ვერ გამოვიყენეო; ბრიხმა კი გოლი თავიდან არ ჩათვალა, თუმცა მერე მაინც ცენტრისკენ მიუთითა.
"ბილდის" ანალიზიდან ისიც ირკვევა, რომ კარის ბადე თამაშის წინ იყო გარღვეული. ერთ-ერთ კადრში, როცა "ლევერკუზენის" მეკარე ბერნდ ლენო ხურდება, ძალიან კარგად ჩანს, რომ ბადე გარღვეულია. მსაჯის ასისტენტმა შტეფან ლუპმა ბადე შესვენებაზეც შეამოწმა, მაგრამ ვიდეოში ჩანს, რომ ლუპი უფრო იმას აკვირდება, თუ რამდენად მყარადაა დამაგრებული ბადე ძელებზე; გარღვეულ ბადეს კი ვერ ამჩნევს!
ამგვარი შეცდომების კასკადმა კი საბოლოოდ სერიოზული სკანდალი გამოიწვია, რომელსაც გაგრძელება აუცილებლად ექნება, რადგან საქმე სამ ქულას ეხება, რომელიც "ლევერკუზენისთვისაც" ძალიან მნიშვნელოვანია და "ჰოფენჰაიმისთვისაც".
ლევერკუზენელებს მომდევნო მატჩი 23 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში (დონეცკის "შახტართან") აქვთ და ამ შეხვედრაში კისლინგიც ითამაშებს. გერმანიაში სხვა გუნდების გულშემატკივრები შტეფანის დისკვალიფიკაციას მოითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ კისლინგმა ყველაფერი იდეალურად დაინახა და არ აღიარა, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.
"ჰოფენჰაიმმა" კი პროტესტი აფრინა და მატჩის გადათამაშებას ითხოვს. ლევერკუზენელები თანახმანი მხოლოდ იმაზე არიან, რომ ბოლო 20 წუთი გადათამაშდეს, თუმცა გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა რაინერ კოხმა 21 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მოვლენების ასეთი განვითარება გამორიცხულია.
საბოლოო გადაწყვეტილებას კი, რომელიც ცხადყოფს, გადათამაშება დაინიშნება თუ შედეგი ძალაში დარჩება, ორ კვირაში მიიღებენ.
თავად მსაჯი ფელიქს ბრიხი კი დღესვე განსჯის ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩს "მილანსა" და "ბარსელონას" შორის. ბრიხს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მსაჯობაც განაღდებული ჰქონდა, მაგრამ პარასკევის შემდეგ მუნდიალზე გამგზავრების შანსი ნამდვილად შეუმცირდა.
ასე იქნება თუ ისე, ფაქტია, რომ ეს მატჩი უკვე შევიდა ისტორიაში. კისლინგის ფანტომ-გოლზე დისკუსია მარტო ამის გამო გაგრძელდება...
IX ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-1-4-1)
ბაუმანი (ფრაიბურგი)
გროსკროიტცი (დორტმუნდი), მარსელო (ჰანოვერი), დიანიე (ფრაიბურგი), ვან დერ ბერგი (ჰერტა)
არსლანი (ჰამბურგი) - რობენი (ბაიერნი), გიოტცე (ბაიერნი), მაქსიმი (შტუტგარტი), ბაისტერი (ჰამბურგი)
რამოსი (ჰერტა)
IX ტურის გმირი
ოლივერ ბაუმანი (ფრაიბურგი)
ესეც ასე: ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის პირველი 0:0 ბრემენში დაფიქსირდა და ეს ყველაზე მეტად "ფრაიბურგის" მეკარე ოლივერ ბაუმანის დამსახურებაა.
23 წლის ბაუმანმა ჯერ მარტო ბრემენელთა ცენტრფორვარდ ნილს პეტერსენის სამი ურთულესი დარტყმა მოიგერია.
შეგახსენებთ, რომ ბაუმანი გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების მეკარეცაა და თუ ასე გააგრძელებს, მისით ბუნდესგუნდის თავკაცი იოახიმ ლიოვიც დაინტერესდება.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. მარკო როისი დორტმუნდი 9 2.22
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 8 2.29
3. ფილიპ ლამი ბაიერნი 9 2.38
4. სიდნი სემი ლევერკუზენი 9 2.39
5. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 6 2.42
6. ტონი კროოსი ბაიერნი 9 2.43
7. მაქს კრუზე გლადბახი 9 2.50
8. არიენ რობენი ბაიერნი 8 2.50
9. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 9 2.56
10. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 9 2.56
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. სიდნი სემი ლევერკუზენი 9 7 4 11
2. მაქს კრუზე გლადბახი 9 5 5 10
3. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 9 6 4 10
4. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 7 4 6 10
5. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 9 6 3 9
6. რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰამბურგი 9 5 4 9
7. მარკო როისი დორტმუნდი 9 5 3 8
8. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 8 5 3 8
9. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 9 5 3 8
10. პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 9 5 2 7
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტური: იყო და არა იყო რა... [VIDEO]