მარკო როისის ფიქრები: ისევ ჩემპიონთა ლიგის ფინალი და მსოფლიოს ჩემპიონობა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" და გერმანიის ნაკრების ვარსკვლავმა მარკო როისმა "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში დორტმუნდული კლუბის ბოლოდროინდელ პროგრესსა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ძალიან საინტერესოდ ისაუბრა.

24 წლის შემტევი ნახევარმცველი "ბორუსიაში" მიმდინარე პროცესებით და ზოგადად, ამ კლუბის განვითარებით ძალიან კმაყოფილია, გერმანიის ნაკრების გულშემატკივრებს კი ჰპირდება, რომ ბუნდესგუნდი ბრაზილია 2014-ზე უაღრესად მოტივირებული გუნდი იქნება.

"დორტმუნდმა" ბოლო წლებში უდიდესი პროგრესი განიცადა, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით დადასტურდა, - აცხადებს როისი, - მაგრამ "უემბლი" ჩვენთვის ერთჯერადი წარმატება არ იყო. თუ ისევ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენთ, ნამდვილად
გვაქვს იმის შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ გავიდეთ. ფაქტია, რომ "ბორუსია" წლიდან წლამდე ძლიერდება."

როისს პირადი აქტივისთვისაც სერიოზული მიზნები აქვს: "პირადად მეც პროგრესს განვიცდი და იმედი მაქვს, რომ ეს სეზონი ჩემთვის წინა სეზონზე უკეთესი იქნება. უკვე საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელი ვარ, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობას გავაგრძელებ. ჩემს თავს მსოფლიო დონის მოთამაშედ, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევ. ასეთი ეპითეტები მხოლოდ ლიონელ მესის, კრიშტიანო რონალდოს ან ფრანკ რიბერის რანგის ფეხბურთელებს ესადაგებათ. იქამდე კი მე ჯერ ძალიან ბევრი მაკლია.

ყველაზე მეტად რიბერით ვარ აღფრთოვანებული. ბოლო ორი წელია, ფრანკი გენიალურ ფეხბურთს თამაშობს, კიდევ უფრო გაძლიერდა,"
- ამბობს მარკო.

ჩვენ კი დავძენთ, რომ მიუხედავად ამისა, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის გოლს პლუს პასის რეიტინგში როისი რიბერის უსწრებს.

არანორმალურად გენიალური საფეხბურთო ატმოსფერო
როისის ანგარიშზე გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში 5 გოლი და 4 საგოლე პასია, საინტერესო კი ის არის, რომ მან ყველა გოლი დორტმუნდში, "სიგნალ-იდუნა-პარკზე" გაიტანა.

"ცხადია, ეს ჩვენი გულშემატკივრების და იმ არანორმალურად გენიალური საფეხბურთო ატმოსფეროს დამსახურებაა, რაც ჩვენს სტადიონზეა ხოლმე. ამ არენაზე გოლის გატანა დაუვიწყარი რამ არის. როცა საკუთარ კედლებში ვთამაშობთ, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მოედანზე 12 ან 13 ფეხბურთელი გვყავდეს,"
- აცხადებს როისი.

თუმცა მარკოს არა მარტო საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც დიდი მიზნები აქვს. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, როისი კი გერმანიის ნაკრებში თამაშობს. მეტიც: მარკოს ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში თავისი ადგილი, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს და თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა (მაგალითად, ტრავმა), მუნდიალზე იოახიმ ლიოვის გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება.

"მართალია, გერმანიის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი იდეალურად ჩაატარა, მაგრამ სამუშაო და გამოსასწორებელი საკმაოდ ბევრია. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატამდე დროც ბევრი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მუნდიალს იდეალურ ფორმაში და განსაკუთრებით მოტივირებულები შევხვდებით,"
- დასძენს როისი და კითხვაზე, ხომ არაა მოსალოდნელი ნაკრებში დაპირისპირება "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ფეხბურთელებს შორის, ასე პასუხობს:

"ჩვენ მხოლოდ კლუბებში თამაშის დროს ვართ ერთმანეთის მტრები. ეროვნულ გუნდში კი ყველას ერთი დროშა და ერთი მიზანი გვაერთიანებს. მნიშვნელობა არა აქვს, რომელ კლუბშია ფეხბურთელი - გერმანიის ნაკრებში ჩვენ მთელი გერმანიისთვის ვიბრძვით. არა მგონია, რომ ამ მოსაზრებას რომელიმე ბუნდესგუნდელი არ ეთანხმებოდეს..."


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარკო როისი: ტიტულების მოგების დროა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული