ბასტიან შვაინშტაიგერი: 2043 წელს ”ბაიერნის” ბოსები მე, ლამი და მიულერი ვიქნებით

AutoSharing Option
ბასტიან შვაინშტაიგერი უკვე 29 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო საფეხბურთო ასაკშია.

წინა სეზონში მან "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გერმანიის ჩემპიონობა და თასი ექვს-ექვსჯერ აქვს მოგებული, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკლუბო დონეზე მიაღწია თითქმის ყველაფერს, რისი მიღწევაც შეეძლო. შვაინშტაიგერი ამ ყველაფრით, რა თქმა უნდა, კმაყოფილია, მაგრამ მაინც დაჟინებით ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ "დანაყრებულა" და "ბაიერნთან" ერთად ჯერ კიდევ სერიოზული მიზნები აქვს.

"ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში შვაინი "ბაიერნში" გატარებული წლების ყველაზე ცუდ და კარგ მომენტებს
იხსენებს და საუბრობს შესაძლო გეგმებზე აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ.

- გაიხსენეთ ყველაზე სახალისო მომენტი, რაც "ბაიერნში" თამაშის პერიოდში გადაგხდენიათ.
- რომელიმე შემთხვევის გამორჩევა ძნელია, რადგან ამ ხნის მანძილზე ბევრი სახალისო რამ მოხდა. იუმორის მხრივ, ჩვენთან მთავარი შემოქმედი ფრანკ რიბერია - სახალისო ისტორიების უდიდესი ნაწილი სწორედ მას უკავშირდება. მაგალითად, ერთხელ ერთ-ერთ თანაგუნდელს ავტომობილის საბარგულში თევზი ჩაუდო და ამაზე დიდხანს არაფერს ამბობდა. როცა მოგვიანებით საბარგული გახსნეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი გადასაყრელი იყო.

ფეხბურთელის ვინაობას განგებ არ დავასახელებ - ასეა საჭირო. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ რამდენიმე დღე ჩიოდა, მანქანაში საზარელი სუნია და ვერ ვხვდები, რა ხდებაო.

- აქვე ყველაზე გულდასაწყვეტი შემთხვევაც უნდა გაიხსენოთ.
- გულდაწყვეტილები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წაგებული მატჩების შემდეგ ვართ ხოლმე. სპორტული ასპექტების მიღმა, ძალიან გულდასაწყვეტი იყო ის, რაც სებასტიან დაისლერს დაემართა. მისმა ამბავმა ძალიან მატკინა გული. აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო რობერტ ენკეს ტრაგედია - ეს "ბაიერნს" თითქოს არ ეხება, მაგრამ ენკეს შემთხვევა არათუ ყველა ფეხბურთელს, ყველა ადამიანს ეხება.

- იყო ისეთი მომენტი, როცა ფიქრობდით, ნეტა ფეხებქვეშ მიწა გამისკდეს და ჩამიტანოსო?
- ასეთი შემთხვევაც იყო. მაშინ 22 წლის გახლდით და ბრემენში გასვლითი მატჩი გვქონდა. სწორედ იმ შეხვედრაში გავიტანე ჩემი კარიერის ერთადერთი ავტოგოლი და ისიც თავით! მაშინ ჩვენი მეკარე და კაპიტანი ოლივერ კანი გახლდათ და სწორედ იმ პერიოდში გაირკვა, რომ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიაში ტარდებოდა, ოლი მეორე ნომერი იქნებოდა.

შემეშინდა, რომ შესვენებაზე მაგრად დამტუქსავდა, მაგრამ პირიქით: კანმა დამამშვიდა - მთელი კარიერა წინ გაქვს და ცხვირს ნუ ჩამოუშვებო.

- "ბაიერნთან" ერთად თითქმის ყველაფერი მოგებული გაქვთ. კიდევ რომელი ან როგორი მომენტის განცდა გსურთ რეკორდმაისტერში?
- ძალიან მაგარი იქნებოდა, 30 წლის შემდეგ "ბაიერნის" ხელმძღვანელები მე, ფილიპ ლამი და თომას მიულერი რომ ვიყოთ. თომასი, როგორც ყოველთვის, ძალიან ბევრს ილაპარაკებდა, კომენტარებს ყოველთვის ის გააკეთებდა, მე და ფილიპი კი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებდით.

- "ბაიერნთან" კონტრაქტი 2016 წელს გიმთავრდებათ. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ვნახოთ, რა იქნება. წინასწარ ძნელია იმაზე საუბარი, რა მოხდება სამი წლის შემდეგ. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საკლუბო დონეზე ჯერ არ დავნაყრებულვარ და "ბაიერნთან" ერთად კიდევ მაქვს დიდი მიზნები. მაგალითად, ამ სეზონშივე მინდა შევძლოთ ის, რაც არავის მოუხერხებია - მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ. ვფიქრობ, ამის შანსი ნამდვილად გვაქვს.

29 წლის ვარ და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთის თამაშს კიდევ დიდხანს შევძლებ - "ბაიერნისთვის" ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები.

- თქვენი ცხოვრება მიუნხენის გარეშე წარმოგიდგენიათ?
- დღეს ამის წარმოდგენა შეუძლებელია, მიუნხენი ხომ გენიალური ქალაქია. ვგულისხმობ იმას, რომ არა მარტო "ბაიერნია" ბრწყინვალე კლუბი, არამედ მიუნხენიც ბრწყინვალე ქალაქია. თანაც, აქ ყველა ფეხბურთზე გიჟდება. ხალხს სტადიონზე მისვლა უხარია და "ბაიერნს" ყველა მთელი სულითა და გულით ქომაგობს. ეს ყოველთვის ასე არ იყო - მიუნხენს მძიმე ფაზებიც ახსოვს.

- რა უნდა აკეთოთ კარიერის დასრულების შემდეგ? ამაზე გიფიქრიათ?
- ამაზე ჯერ არ ვფიქრობ - სანამ ფეხბურთს ვთამაშობ, მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვიქნები კონცენტრირებული. მე ბედნიერი ფეხბურთელი ვარ, რადგან ყოველ კვირა ისეთ სტადიონზე ვთამაშობ, სადაც 70 000 მაყურებელი იკრიბება. ასეთი ბედნიერებით ყველა ფეხბურთელი როდი დაიკვეხნის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბასტიან შვაინშტაიგერი ასიანთა კლუბშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული