იურგენ კლოპი "დორტმუნდში" 2018 წლამდე!

AutoSharing Option
ყველამ იცის, რომ იურგენ კლოპი დორტმუნდის "ბორუსიაში" ბედნიერია და "დორტმუნდის" ხელმძღვანელები და გულშემატკივრებიც ბედნიერები არიან იმით, რომ "ბორუსიას" იურგენ კლოპი წვრთნის, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის ფინალისტმა პრესკონფერენციაზე გაავრცელა, მაინც ბევრისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი.

კლოპმა "დორტმუნდთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა და "ბორუსიას" 2018 წლამდე გაწვრთნის! მასთან ერთად, ახალი ხელშეკრულებები გააფორმეს იურგენის ასისტენტებმაც - ცელკო ბუვაცმა და პეტერ კრავიტცმა.

"ბედნიერები ვართ, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გვყავს და მასთან კიდევ უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობაზე შევთანხმდით,"
- განაცხადა სახელდახელოდ გამართულ
პრესკონფერენციაზე "დორტმუნდის" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ.

არადა, კლოპთან ახალი კონტრაქტის გაფორმების აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან მის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის ზაფხულამდე ჰქონდა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ კლოპი "დორტმუნდში" 2008 წლიდან მუშაობს და "ბორუსიას" გრანდიოზული პროგრესი, პირველ რიგში, სწორედ მისი დამსახურებაა.

"ეს გუნდი იურგენმა განავითარა და რაკი მუდმივად ვპროგრესირებთ, მისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება ახლავე გვსურდა. გვიხარია, რომ დაგვთანხმდა," - ეს სპორტული დირექტორის, მიხაელ ცორკის სიტყვებია.

2011 და 2012 წლებში კლოპის "დორტმუნდი" ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, 2012-ში კი გერმანიის თასიც მოიგო. 2013 წელს "ბორუსიამ" ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ ვეღარ შეინარჩუნა და ბუნდესლიგაში მეორე ადგილს დასჯერდა. სამაგიეროდ, წინა სეზონში დორტმუნდელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწიეს, სადაც "ბაიერნთან" დამარცხდნენ.

"გასაგებია, რომ ყველას უჩვეულოდ ეჩვენება ის ფაქტი, კონტრაქტის ამოწურვამდე ორწლინახევრით ადრე ახალ კონტრაქტს რომ გააფორმებ, მაგრამ მე ამით კიდევ ერთხელ მსურდა იმის დამტკიცება, რომ "ბორუსიაში" ბედნიერი ვარ და ამ კლუბის ერთგულად ვრჩები. ეს უკვე ჩემი გუნდია - "დორტმუნდი" ყველანაირად ჩემია!

საკმარისია, წარმოვიდგინო, რომ 2018 წელს ათი წელი შესრულდება მას მერე, რაც ამ გუნდს ვწვრთნი, გული სიამაყით მევსება. ჩემთვის ძალიან საამაყო იქნება ის ფაქტი, რომ ისეთ გრანდიოზულ გუნდში, როგორიც დორტმუნდის "ბორუსიაა", ათი წელი ვიმუშავე,"
- განაცხადა კლოპმა.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და იურგენი ნაადრევად არ გაათავისუფლეს (რაც დღევანდელი გადასახედიდან თითქმის გამორიცხულია) და მან "დორტმუნდში" მართლაც ათი წელი დაჰყო, ბუნდესლიგის ისტორიაში მხოლოდ ექვსი ისეთი მწვრთნელი დარჩება, რომლებმაც ერთ კლუბში უფრო დიდხანს იმუშავეს: ფოლკერ ფინკე (ფრაიბურგი), ოტო რეჰაგელი და თომას შააფი (ვერდერი), ვინფრიდ შეფერი (კარლსრუე), ჰენეს ვაისვაილერი (გლადბახი) და ედუარდ გაიერი (კოტბუსი).

ფეხბურთელებიც აღარ წავლენ
"დორტმუნდის" ხელმძღვანელებმა კლოპთან ახალი კონტრაქტის გაფორმებით წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებისკენაც დიდი ნაბიჯი გადადგეს - მათი მოტივაცია ესეც იყო.

"ფეხბურთელები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ გუნდის პროგრესი გაგრძელდება. კლოპთან ახალი კონტრაქტის გაგრძელება, ფაქტობრივად, ამის გარანტიაა. შესაბამისად, წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნებაც გაგვიადვილდება და ახლებსაც იოლად დავიმატებთ," - ამბობს ვატცკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: სამწუხაროა, რომ არსენ ვენგერმა დაბადების დღეზე წააგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული