პიერ-მიშელ ლასოგა "დორტმუნდის" სამიზნეში

AutoSharing Option
6 გოლი 6 თამაშში - რა გასაკვირია, რომ ასეთი შედეგიანობის შემდეგ "ჰამბურგის" თავდამსხმელი პიერ-მიშელ ლასოგა "ჰამბურგზე" ძლიერი კლუბებისთვის საინტერესო ფეხბურთელი გახდა.

21 წლის ცენტრფორვარდი, რომელიც ჩრდილოგერმანულ კლუბში ბერლინის "ჰერტადანაა" განათხოვრებული, მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და შესაბამისად, სხვადასხვა კლუბის რადარებზე მოხვდა.

"ბილდის" ინფორმაციით, ლასოგას გადაბირებაზე ყველაზე სერიოზულად დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელები დაფიქრდნენ. იურგენ კლოპის გუნდის გარდა, ინტერესს "შალკე" და "ჰანოვერიც" იჩენენ. ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ ლასოგათი რამდენიმე ინგლისური კლუბიც დაინტერესდა.

"ჰამბურგის" სპორტული დირექტორი ოლივერ კროიცერი იმედოვნებს, რომ პიერ-მიშელი მის კლუბში დიდხანს
დარჩება. კროიცერს იანვარში "ჰერტასთან" მოლაპარაკებების დაწყება სურს და ლასოგას სრულფასოვნად გამოსყიდვა უნდა. თავდამსხმელს ბერლინელებთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

აქვე გეტყვით, რომ "შალკეს", "გლადბახს" და სამ ინგლისურ კლუბს პერ სკიელბრედის გადაბირება სურთ - ეს უკანასკნელი ლასოგაშია გაცვლილი და "ჰამბურგიდან" "ჰერტაში" გახლავთ განათხოვრებული.

"ბორუსია" შაჰინის გამოსყიდვას გეგმავს
იურგენ კლოპთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ (ამის შესახებ 31 ოქტომბრის ნომერში ვწერდით), "დორტმუნდის" ბოსების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ნური შაჰინის "რეალიდან" გამოსყიდვაცაა. როგორც იცით, 25 წლის თურქი ნახევარმცველი "ბორუსიაში" იანვრიდან იჯარის წესით თამაშობს, ისე კი, "რეალს" ეკუთვნის. საიჯარო ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, "ბორუსიას" შაჰინის შესყიდვა 7 მილიონ ევროდ შეუძლია და "კიკერის" ცნობით, დორტმუნდელები ამ პუნქტით ისარგებლებენ.

გაგახსენებთ, რომ შაჰინი "რეალში" სწორედ დორტმუნდიდან, 2010/11 წლების სეზონის შემდეგ გადავიდა და მაშინ მადრიდელებს მისი ტრანსფერი 10 მილიონი დაუჯდათ. თუმცა შაჰინმა "რეალში" თავი ვერ დაიმკვიდრა, რის გამოც "სამეფო გუნდმა" ის ჯერ "ლივერპულში", მერე კი "ბორუსიაში" გაანათხოვრა.

მიტროღლუც დორტმუნდში?
ამასობაში "კიკერი" იმასაც გვამცნობს, რომ დორტმუნდის "ბორუსიაში" შესაძლოა, "ოლიმპიაკოსის" წინახაზელი კოსტას მიტროღლუც ვიხილოთ. მიტროღლუ შესანიშნავ ფორმაშია და საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 12 გოლით ლიდერობს. ბერძნული პრესა წერს, რომ მისი გადაბირებით ინგლისური გრანდები, "არსენალი" და "ლივერპულიც" დაინტერესდნენ.

"კიკერი" კი წერს, რომ 25 წლის მიტროღლუსთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ფავორიტი "დორტმუნდია" - როგორც ირკვევა, "ბორუსია" მზადაა, "ოლიმპიაკოსს" 8 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი "დორტმუნდში" 2018 წლამდე!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული