"საშობაო არდადეგებზე ყველაფერზე დავფიქრდი, პირველ რიგში კი, საკუთარ თავს ჩავუღრმავდი. მივხვდი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არ ვიყავი თავაზიანი და მიუხედავად იმისა, რომ ემოციური მიდგომა მომწონს, საკუთარ თავს ბევრი საქციელი არ მოვუწონე. ამიერიდან ვეცდები, რომ გაცილებით გამგებიანი და თავაზიანი ვიყო," - ეს სიტყვები კლოპმა 2014 წლის პირველივე პრესკონფერენციაზე თქვა
არადა, წინა თვეებში "დორტმუნდის" თავკაცი სხვანაირად, საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა - კრიტიკულ კითხვებზე ბრაზიანად რეაგირებდა, მსაჯებს კი პირდაპირ მოედანზე ლანძღავდა. მაგალითად, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მან ტელეკომპანია ZDF-ის ჟურნალისტ ბელა რეტის პირდაპირ მიახალა, ასეთი სისულელე მეორედ აღარ მკითხოო; "ჰოფენჰაიმთან" გასვლითი მატჩის შემდეგ კი "ბილდის" ჟურნალისტს შეუტია იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ჰკითხა, მარკო როისი ლაინსმენს რომ დაეჯახა, ნუთუ მსაჯი არ შეგეცოდათო.
"დღეს ასეთი კარგი მატჩი იყო, თქვენ კი საუნიტაზე შეკითხვებით მომმართავთ, რადგან სტატიაში სისულელეზე გსურთ ყურადღების გამახვილება!" - მიმართა მაშინ კლოპმა "ბილდის" კორესპონდენტს.
რა შეიცვლება 2014 წელს? კლოპი: "მე და ჩემი კოლეგები მივხვდით, რომ 2013 წელს ბევრი რამ არ იყო სრულყოფილი და 2014-ში ყველაფრის გამოსწორებას ვეცდებით. ეს პირადად ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია."
თავაზიანი კლოპი? სხვათა შორის, იურგენს მსაჯებთან ურთიერთობაზე არაფერი უთქვამს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"