იურგენ კლოპი - საუბარი ფეთქებად და ძალიან საინტერესო კაცთან

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, როგორც საფეხბურთო წრის წარმომადგენელი, გერმანიაში უკვე თვით ფრანც ბეკენბაუერზე პოპულარულია.

როგორ? ასე: 46 წლის იურგენი უკვე თვით კაიზერ-ფრანცზე მეტ სარეკლამო კლიპში მონაწილეობს. ყველა კომპანიას უნდა, რომ კლოპი მისი სახე იყოს. ამის მიზეზი მარტო ის არ არის, რომ იურგენი კარგი და წარმატებული მწვრთნელი - კლოპი ძალიან საინტერესო პიროვნებაცაა.

საინტერესოა მისი ინტერვიუც, რომელიც "ბილდში" გამოქვეყნდა.

- ჰერ კლოპ, საუბარი, რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერით უნდა დავიწყოთ. ზაფხულში ის "ბაიერნში" გადავა. რამდენად რთული იქნება მისი სრულფასოვანი
შემცვლელის პოვნა?

- ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მე არ მიყვარს თავდამსხმელის იმ კრიტერიუმებით შერჩევა, რომლითაც არჩევენ ხოლმე. ანუ, მარტო იმიტომ, რომ ფორვარდმა 15 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა, დიდ ფულს არ გადავიხდი, რადგან ორ წელიწადში აუცილებლად გამოჩნდება ისეთი წარმატებული გოლეადორი, რომელზეც დღეს არავინ საუბრობს.

- ქარიმ ბენზემაზე არ ფიქრობთ?
- არანაირი კომენტარი.

- მაშინ ამ კითხვაზე გვიპასუხეთ - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს "ახალი ლევანდოვსკი"?
- ყველას ერთ რამეს ვთხოვ: ნურავინ იფიქრებს, რომ თუ "რეალის", "ბარსელონას" ან "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს არ ვიყიდით, "დორტმუნდი" ჩაფლავდება. მე ისეთი ფორვარდის პოვნა უფრო მინდა, რომელსაც ახლა შეიძლება 10 გოლი გააქვს, მაგრამ გაისად ჩვენთან 20-ს გაიტანს.

- გიოტცე და კაგავა წავიდნენ, ლევანდოვსკიც მიდის. ღამღამობით ხომ არ შეგიპყრობთ ხოლმე იმაზე ფიქრი, რომ აშენებული გუნდი თავზე გენგრევათ?
- არა! ღამით მხოლოდ მაშინ მეღვიძება, როცა ტუალეტში მინდა... ხუმრობა იქით იყოს და, მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. წლების წინ ვამბობდი, ისეთი გუნდი უნდა გავაკეთო, სადაც ფეხბურთელები უდიდესი სიამოვნებით გადმოვლენ და საიდანაც წასვლა არ მოუნდებათ-მეთქი. ამ მიზნისთვის ჯერ არ მიმიღწევია, მაგრამ შრომას მოთმინებით ვაგრძელებ.

- ანუ?
- რაკი "დორტმუნდმა" პროგრესი ძალიან სწრაფად განიცადა და ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, მერე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, არ უნდა დავბრმავდეთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ პროგრესი ასეთივე სისწრაფით გაგრძელდება. ზუსტად ვიცოდი, რომ ზოგიერთები დაგვტოვებდნენ. მეტიც: იმასაც ვხვდებოდი, ვინ წავიდოდა და ვინ - არა. მიუხედავად ამისა, "ბორუსიასთან" კონტრაქტი მაინც გავაგრძელე 2018 წლამდე.

Sportall.Ge

- თქვენ პირობა დადეთ, რომ 2014 წელს თავაზიანი იქნებით...
- ჰო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ნებისმიერ არათავაზიან ქცევას თავისი მიზეზები ჰქონდა.

- კონკრეტულად?
- როცა ყველაფერი კარგადაა, ქებით ცაში აგიყვანენ, თანაც ისე, რომ გულიც კი აგერევა. მერე კი, როცა პრობლემები გაჩნდება, მაშინვე კითხვის ნიშნის ქვეშ დაგაყენებენ. არც ერთი მომწონს და არც მეორე.

- მაინც რამ გაგაბრაზათ ასე ძალიან?
- ჟურნალისტების არასაქმიანმა კითხვებმა და მსაჯების, მოდით ასე ვიტყვი, არარესპექტაბელურმა გადაწყვეტილებებმა.

- ფეთქებადი ხასიათი გაქვთ და როგორ ფიქრობთ, ოდესმე მარცხთან შეგუებას ისწავლით?
- წაგებასთან შეგუების სწავლა არც მინდა! ცხოვრებაში გაცილებით მეტჯერ წამიგია, ვიდრე მომიგია - ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ყოველთვის მოგება გვინდა და თუ საჭიროა, ფრისთვისაც ისე ვიბრძვით, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობდეს. შესაბამისად, იწყება ფაციფუცი, რომელიც ძალიან არ მიყვარს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, იტყვის თუ არა ვინმე, რომ წაგებასთან შეგუება მიჭირს. შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. ხანდახან სულელურ კითხვაზე ვბრაზობ - ესაა და ეს. მივიღებ თუ არა წაგებას ვაჟკაცურად, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. უმჯობესია, სულ ვიგებდე.

Sportall.Ge

- ბოღმას სახლში ხომ არ ანთხევთ ხოლმე?
- არა, სახლში მისვლამდე ყველაფერს ვივიწყებ. საბოლოო ჯამში, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ხანდახან ბრაზობს, ყვირის და ილანძღება კიდეც.

- "ვოლფსბურგი" კევინ დე ბრუინში 20 მილიონ ევროს იხდის. ზაფხულში ლუის გუსტავოშიც ამდენივე გადაიხადეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გუნდი "ბაიერნის" ნომერ პირველი კონკურენტის სტატუსში შეგეცილებათ?
- "ვოლფსბურგს" ბევრი ფული და ძალაუფლებაც აქვს. შესაბამისად, ეს გუნდი სერიოზული კონკურენტია.

- "ბაიერნი" კი ტოპ-ფეხბურთელებში უკვე 40 მილიონსაც უპრობლემოდ იხდის. ამდენს თქვენც გადაიხდიდით?
- "დორტმუნდს" ფინანსური პრობლემები ნამდვილად არ აქვს, მაგრამ არც ის უთქვამს ვინმეს, რომ ზედმეტი ფული გვაქვს. ასეთი კატეგორიის ტრანსფერებზე არ ვფიქრობ.

- რატომ? ფული ხომ გაქვთ?
- ასტრონომიული თანხების გადახდა ადვილია, ჭკვიანური იდეების მოფიქრება და განხორციელება კი - ძნელი. ჩვენ მეორე გვირჩევნია.

- ამასწინათ, თქვით - იოახიმ ლიოვის ადგილზე რომ ვიყო, კევინ გროსკროიტცს მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად წავიყვანდიო. რატომ?
- იმიტომ, რომ კევინი დღესდღეობით ყველაზე მრავალმხრივი გერმანელი ფეხბურთელია და გერმანიის ნაკრებს მუნდიალზე ერთი ასეთი მოთამაშე აუცილებლად სჭირდება.

- თემა შევცვალოთ. მიხაელ შუმახერი...
- თხილამურებით სრიალი მეც ძალიან მიყვარს და შუმის ამბავმა შემძრა. მიხაელს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ძალიან კარგად ვიცნობ. ყველა მოთხილამურე ერთხელ მაინც დაცემულა, შუმახერს კი ბედმა მაგრად უმუხთლა.

- თომას ჰიტცლშპერგერმა განაცხადა, რომ გეია. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ბუნდესლიგა მზად იმისთვის, რომ სხვა ფეხბურთელებმაც თქვან ეს - თუკი ასეთები არსებობენ?
- როცა ახალგაზრდა ადამიანი ასეთ რამეს გვიმხელს, მაშინვე მთელი ალიაქოთი და დისკუსიები ატყდება ხოლმე - სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების შესახებ ეს ფაქტიც ბევრ რამეზე მეტყველებს.

- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ასეთი განცხადება ნორმალური მოვლენა უნდა იყოს, ამაზე დიდი ამბები არ უნდა ატყდეს. ნახეთ, როგორი ვნებათაღელვით შეხვდა სამყარო თომასის საქციელს? იმედია, მომავალში ასე აღარ იქნება. ფეხბურთის წარმომადგენლები ჰომოფობთა ბოლო ბასტიონი ხომ არ უნდა ვიყოთ?

- შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ქალი მწვრთნელი ბუნდესლიგაში?
- რატომაც არა? დღეს უკვე ბევრ ქალს გაეგება ფეხბურთი. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს დღეც მალე დადგეს.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული