გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტურის შეჯამება: ახალი ძველი "ბორუსია" და დაბეჩავებული "ჰამბურგი"

AutoSharing Option
იმ დროს, როცა მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონობის სარეკორდო დროში განაღდებისკენ ისწრაფვის და რეკორდმაისტერის შემჩერებელი არავინ ჩანს, ბუნდესლიგის მე-20 ტურში ყურადღების ცენტრში ორი გუნდი მოექცა: დორტმუნდის "ბორუსია" პოზიტიური, "ჰამბურგი" კი უკიდურესად ნეგატიური კუთხით.

დავიწყოთ მთავარი პოზიტივით, ანუ "დორტმუნდით". მძიმე პერიოდის შემდეგ, რომელსაც ჩვენი გერმანელი კოლეგები თამამად უწოდებდნენ კრიზისულს, იურგენ კლოპის გუნდი, როგორც იქნა, გამოცოცხლდა. ეს სწორედ დროული გამოფხიზლება გახლდათ, რადგან 11 თებერვალს "ბორუსიას" ფრანკფურტში გერმანიის თასის მეოთხედფინალური დუელი უწევს.

ამრიგად, "ჰოფენჰაიმში" 2:2-ის, "ჰერტასთან" 1:2-ის, "აუგსბურგთან" 2:2-ისა და "ბრაუნშვაიგთან" მხოლოდ 2:1-ზე მოგებული
თამაშის შემდეგ, "დორტმუნდმა" ბრემენის "ვერდერს" "კუდით ქვა ასროლინა" - 5:1 და ისიც მატს ჰუმელსის გარეშე, რომელიც ტრავმირებულია. საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ გაიბრწყინეს ჰენრიხ მხითარიანმა და რობერტ ლევანდოვსკიმ, თუმცა სრულყოფილი ბედნიერებისთვის დორტმუნდელებს მაინც აკლიათ ორი რამ.

"ჩემმა გუნდმა მართლაც გრანდიოზული ფეხბურთი აჩვენა. ეს სწორედ ის იყო, რასაც ჩვენი გულშემატკივრები ამ გუნდისგან ყოველ კვირას და ხანდახან კვირაში ორჯერ ითხოვენ,"
- განაცხადა მატჩის შემდეგ "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა.

თუკი დორტმუნდელები თავიდან ფრთხილობდნენ (ბრემენელთაგან ზომიერზე მეტი აგრესია იყო მოსალოდნელი), მერე და მერე, ნელ-ნელა მოუმატეს, მეორე ტაიმში კი "ვერდერი" საბოლოოდ განგმირეს, რაც პირველ რიგში, სწორედ მხითარიანისა და ლევანდოვსკის უაღრესად ეფექტიანი კომბინაციებისა და გოლების დამსახურება გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე 25 წლის მხითარიანს აშკარა კრიზისი ჰქონდა - "ბორუსიას" სომეხ გამთამაშებელს 8 ტურის განმავლობაში არცერთ გოლში არ მიეღო მონაწილეობა.

რაც შეეხება იმ ორ რამეს, რაც "დორტმუნდს" ჯერ კიდევ აკლია: ეს არის გემრიელი გამარჯვება საკუთარ მოედანზე, სადაც კლოპის გუნდს უკვე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. საქმე ისაა, რომ "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერის კარის დალაშქვრა თვით "ვერდერმაც" კი მოახერხა.

თუმცა "დორტმუნდი" მომავალი დუელებისთვის ამ ნიუანსების გარეშეც მომზადებული ჩანს. 11 თებერვალს კლოპის გუნდი ფრანკფურტში ჩადის, სადაც "აინტრახტს" გერმანიის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში სტუმრობს. შაბათს ბუნდესლიგის მორიგი ტურია, რომელშიც კლოპის გუნდის მეტოქე ასევე "აინტრახტი" იქნება. მერე კი დორტმუნდელებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი რაუნდი ელით - სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან".

ვან დერ ვაარტი: საკუთარი ფანების გვეშინოდა!
გასული უქმეები "ჰამბურგისთვის" განსაკუთრებით მძიმე რომ იყო, ამის შესახებ 10 თებერვლის ნომერში, უშუალოდ მე-20 ტურის მიმოხილვაშიც ვწერდით. გაგახსენებთ, რომ "ჰერტასთან" 0:3-ის შემდეგ ჩრდილოგერმანული კლუბის გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს შეუტიეს, რაც ხელში მოხვდათ, ყველაფერი ესროლეს, მერე კი სტადიონის გასასვლელის ბლოკირება მოახდინეს და მოთამაშეების ავტომობილებიც დააზიანეს.

მომხდარში ალოგიკური და უცნაური არაფერია, რადგან "ჰამბურგს", რომელიც ბუნდესლიგიდან აქამდე არასდროს გავარდნილა, ზედიზედ ექვსი წაგება აქვს და მეორე ბუნდესლიგასთან ისე ახლოა, როგორც არასდროს!

"საკუთარი გულშემატკივრების ასე თუ შემეშინდებოდა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჩვენ მართლა გვეშინოდა! მაგრად გვეშინოდა!"
- წუხდა "ჰამბურგის" ჰოლანდიელი კაპიტანი რაფაელ ვან დერ ვაარტი მატჩის შემდეგ. მასაც ბევრი საგანი ესროლეს და უყვიროდნენ, შენ კლუბი "ჰამბურგი" ისე არ გიყვარს, როგორც უნდა გიყვარდესო.

რაფაელისა და ფანების შეხლა-შემოხლაში პოლიცია ჩაერია - ფანები ვან დერ ვაარტს კვერცხებს, სანთებლებს და ვაშლებს ესროდნენ, მერე კი მის და მისი თანაგუნდელების ავტომობილებს შეუტიეს. ახალწვეული ოლა ჯონის მანქანა 40-მდე სამართალდამცავმა გააცილა, თოლგაი არსლანის მანქანას კი კაპოტი დაუზიანეს.

"ფეხბურთელებზე ასეთი იერიშის მიტანა ყოვლად დაუშვებელი და გაუმართლებელი საქციელია. როგორ უნდა იბრძოლონ ამის მერე ახალგაზრდა მოთამაშეებმა?"
- განრისხებულია ვან დერ ვაარტი. სწორედ ასეთი ახალგაზრდაა "ჰამბურგის" თავდამსხმელი ჟაკ ზუა, რომელსაც თავში რაღაც მოარტყეს, დაეცა და მერე მოედანი ტირილით დატოვა. პოლიციამ ორი აგრესიული ფანი დააკავა, "ჰამბურგი" კი ტოტალურ ქაოსშია ჩაძირული. ამ კლუბმა ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად წააგო ზედიზედ ექვსი თამაში და 20 ტურის შემდეგ 47 მიღებული გოლიც ნეგატიური რეკორდია.

ხელმძღვანელებიც ერთმანეთს არიან გადაკიდებულები და ვერ წყვეტენ, გაათავისუფლონ თუ არა მწვრთნელი ბერტ ვან მარვეიკი და მოიყვანონ თუ არა ფელიქს მაგათი მხსნელის რანგში. როგორ უნდა გამოვიდეს "ჰამბურგი" კრიზისიდან? ამ კითხვაზე სრული პასუხი არც ვან დერ ვაარტს აქვს:

"ვიცი, რომ ცუდად ვთამაშობ. ჩვენ ყველანი მართლა ძალიან ცუდად ვთამაშობთ, მაგრამ ამას განგებ როდი ვაკეთებთ. ყველაფერი ჩვენვე, მოედანზე უნდა შევცვალოთ."


ცნობისათვის, "ჰამბურგს" მომდევნო მატჩი 12 თებერვალს, გერმანიის თასის მეოთხედფინალში, მიუნხენის "ბაიერნთან" უწევს...

XX ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-2-3-1)
ნოიერი (ბაიერნი) - იუნგი (აინტრახტი), ლანგკამპი (ჰერტა), თოფრაქი (ლევერკუზენი), კოლასინაცი (შალკე) - ლუის გუსტავო (ვოლფსბურგი), ჩიგერჩი (ჰერტა) - ჰანი (აუგსბურგი), მხითარიანი (დორტმუნდი), ვან დერ ბერგი (ჰერტა) - ლევანდოვსკი (დორტმუნდი)

XX ტურის გმირი
ჰენრიხ მხითარიანი (დორტმუნდი)

ჰენრიხ მხითარიანი დორტმუნდის "ბორუსიას" ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენია, რის გამოც 25 წლის სომეხს ყველა მატჩში იდეალურად თამაში მოეთხოვება. მხითარიანს ამ ტურამდე 1060 წუთის განმავლობაში ერთი გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი, საგოლე პასი კი ბოლო 8 შეხვედრაში არ ჰქონდა გაკეთებული. "ვერდერთან" ჰენრიხმა ისე ითამაშა, როგორც მისგან ელიან და ითხოვენ. გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა კომბინაციაში მონაწილეობდა, მან დუბლიც მიითვალა.

საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 14 2.08
2. ფილიპ ლამი ბაიერნი 18 2.59
3. მარკო როისი დორტმუნდი 20 2.63
4. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 20 2.65
5. სიდნი სემი ლევერკუზენი 15 2.65
6. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 18 2.67
7. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გლადბახი 20 2.68
8. ტონი კროოსი ბაიერნი 18 2.68
9. იომერ თოფრაქი ლევერკუზენი 17 2.79
10. შტეფან რაინარტცი ლევერკუზენი 12 2.86

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 20 13 8 21
2. ადრიან რამოსი ჰერტა 20 14 5 19
3. მარკო როისი დორტმუნდი 20 8 9 17
4. ფრანკ რიბერი ბაიერნი 14 7 10 17
5. საბოლჩ ჰუსტი ჰანოვერი 17 6 9 15
6. მაქს კრუზე გლადბახი 20 8 7 15
7. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 19 12 3 15
8. თომას მიულერი ბაიერნი 19 8 7 15
9. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 19 9 6 15
10. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 15 8 6 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული