უმადურობა თუ უბრალოდ ბიზნესი? - "ბაიერნში" თავდამსხმელებს არც ადრე ინდობდნენ

AutoSharing Option
ამ ცენტრფორვარდებმა საერთო ჯამში "ბაიერნის" ფორმით 514 გოლი გაიტანეს, მაგრამ ყოველთვის დგებოდა ისეთი მომენტი, როცა მიუნხენური გრანდის მოთხოვნებს ვერც ერთი ვეღარ აკმაყოფილებდა.

1995 წლის შემდეგ რეკორდმაისტერისთვის ისეთი ბრწყინვალე გოლეადორები უტევდნენ, როგორებიც იყვნენ იურგენ კლინსმანი (დღეს 49 წლისაა), ჯოვანი ელბერი (41), როი მაკაი (38), მიროსლავ კლოზე (35), ლუკა ტონი (36) და მარიო გომესი (28), მაგრამ ბავარიული გრანდი ექვსივე ბომბარდირს ისე გამოეთხოვა, რომ საფეხბურთო საზოგადოებამ "ბაიერნის" ხელმძღვანელებს მათთან განშორება უმადურობაში ჩაუთვალა.

დღეს მიუნხენური გრანდის რიგებში ყველაზე მეტი გოლი 27 წლის ხორვატ თავდამსხმელ
მარიო მანჯუკიჩს აქვს გატანილი (11 გოლი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში), მაგრამ დიდი შანსია, რომ რეკორდმაისტერმა ზაფხულში ეს უკანასკნელიც გაწიროს.

მანჯუკიჩთან მოსალოდნელი განშორების უმთავრესი მიზეზი რობერტ ლევანდოვსკია, რომელიც მიუნხენში ამ სეზონის დასრულების შემდეგ გადაბარგდება და ვინ იცის, იქნებ ახლო მომავალში "ბაიერნის" შეფებისთვის ამ უკანასკნელსაც ზუსტად ასევე გაუვიდეს ყავლი...

ამას წინათ, "ბაიერნის" ლეგენდარულმა მეკარემ ოლივერ კანმა თავის ბლოგში დაწერა, მიუნხენური კლუბი თავის თავდამსხმელებს უსამართლოდ ექცევაო.

"მიუხედავად იმისა, რომ მარიო მანჯუკიჩს ამ დროისთვის უკვე 11 გოლი აქვს გატანილი და "ბაიერნის" საუკეთესო ბომბარდირია, ლევანდოვსკის ტრანსფერის გამო ის ფაქტობრივად იძულებული ხდება, რომ მიუნხენიდან წავიდეს. საკმარისია, ახლო წარსულს თვალი გადავავლოთ, რომ მაშინვე დავინახავთ, რაოდენ მარტივად წირავდნენ მიუნხენში თავიანთ გოლეადორებს. ამ ხნის განმავლობაში რეკორდმაისტერს არაერთი ბომბარდირი ჰყავდა, რომლებსაც გუნდიდან მოსალოდნელზე მალე უშვებდნენ. ახლა კი ასეთივე საფრთხე მანჯუკიჩსაც ემუქრება. არადა, ეს ბიჭი ძალიან კარგი და, რაც მთავარია, შედეგიანი ფორვარდია. მანჯუკიჩმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა იმაში, რომ "ბაიერნმა" შარშან ყველა ტიტული მოიგო," - წერს კანი.

მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი იმ თავდამსხმელებს, რომლებიც "ბაიერნში" ბოლომდე არ დააფასეს.

იურგენ კლინსმანი
Sportall.Ge
კლინსი მიუნხენურ გრანდში 1995 წელს, "ტოტენჰემიდან" გადაბარგდა და მაშინ ბავარიელებს ეს ტრანსფერი დაახლოებით 1.4 მილიონი დაუჯდათ. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ კი კლინსმანი გენუის "სამპდორიაში" უფასოდ გაუშვეს... არადა, კლინსიმ "ბაიერნის" ფორმით ჩატარებულ 84 ოფიციალურ შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა. შესაბამისად, მისი შედეგიანობის კვოტა საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.57 გოლია. მხოლოდ ბუნდესლიგაში მის ანგარიშზე 65 მატჩში 31 გოლი გახლდათ.

ჯოვანი ელბერი
Sportall.Ge
ბრაზილიელი თავდამსხმელი "ბაიერნში" 1997 წელს გამოჩნდა - მიუნხენელებმა ის "შტუტგარტიდან" 6.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. ელბერმა რეკორდმაისტერის ქომაგებს არაერთი დაუვიწყარი გოლი აჩუქა, 2003 წელს კი, მიუნხენელებმა ის "ლიონში" 4.2 მილიონად გაყიდეს. ჯოვანი ელბერმა "ბაიერნის" ფორმით ჩატარებულ 266 ოფიციალურ შეხვედრაში 139 გოლის გატანა შეძლო. მისი შედეგიანობის კვოტა საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.52 გოლია. მხოლოდ ბუნდესლიგაში ელბერს 169 მატჩში 92 გოლი აქვს გატანილი.

როი მაკაი
Sportall.Ge
ჰოლანდიელი თავდამსხმელი ბავარიულ გრანდში 2003 წელს გადავიდა. მიუნხენელებმა ლა კორუნიის "დეპორტივოს" მის სანაცვლოდ 19.75 მილიონი ევრო გადაუხადეს და 4 წლის შემდეგ მაკაი როტერდამის "ფეიენოორდში" 5 მილიონად გაყიდეს. მაკაიმ 183 ოფიციალურ შეხვედრაში 103 გოლი გაიტანა - მისი შედეგიანობის კვოტა საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.56 გოლია, მხოლოდ ბუნდესლიგაში კი 129 მატჩში 78 გოლი აქვს გატანილი.

ლუკა ტონი
Sportall.Ge
იტალიელი ბომბარდირი "ბაიერნმა" ფლორენციის "ფიორენტინადან" 2007 წელს, 11 მილიონ ევროდ შეიძინა და მიუხედავად იმისა, რომ ტონი უაღრესად შედეგიანი ცენტრფორვარდი იყო, ორი წლის შემდეგ უფასოდ დათმო. ლუკამ 89 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო და 58 გოლი შეაგდო. კვოტა: 0.65 გოლი საშუალოდ ერთ მატჩში. მხოლოდ ბუნდესლიგაში მან 60 მატჩში 38 გოლი მიითვალა.

მიროსლავ კლოზე
Sportall.Ge
უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო გერმანელი თავდამსხმელი "ბაიერნში" 2007 წელს, ბრემენის "ვერდერიდან" გადაბარგდა და მიუნხენელებს ეს ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდათ. კლოზემ "ბაიერნი" 2011 წელს დატოვა და რომის "ლაციოში" უფასოდ გადავიდა. მირომ "ბაიერნის" ფორმით ჩატარებულ 150 ოფიციალურ მატჩში 53 გოლი გაიტანა (კვოტა: 0.35 გოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში), მხოლოდ ბუნდესლიგაში კი 98 თამაშში 24 გოლი გაიტანა.

მარიო გომესი
Sportall.Ge
"ბაიერნის" ბევრი ქომაგი დღემდე გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ მიუნხენელებმა მარიო გომესი "ფიორენტინაში" გაუშვეს - ეს უკანასკნელი სწორედ მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერს შეეწირა. გომესი "ბაიერნმა" 2009 წელს "შტუტგარტიდან" 30 მილიონად შეიძინა და 2013 წელს ფლორენციულ კლუბს 15.5 მილიონად დაუთმო. მარიომ 174 ოფიციალურ შეხვედრაში 113 გოლი გაიტანა (კვოტა: 0.65 გოლი საშუალოდ ერთ მატჩში), მხოლოდ ბუნდესლიგაში კი მისი ბაიერნული კარიერის 115 თამაშში 75 გოლია.

მარიო მანჯუკიჩი
Sportall.Ge
დიდი შანსია, რომ ამ სიას ზაფხულიდან მარიო მანჯუკიჩიც შეემატოს, რომელიც ბაიერნმა 2012 წელს "ვოლფსბურგიდან" 13 მილიონად იყიდა. ხორვატმა "ბაიერნის" ფორმით 66 ოფიციალურ მატჩში 35 გოლი გაიტანა (0.53 გოლი საშუალოდ ერთ თამაშში)...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო WEEK"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული