იურგენ კლოპი: ფეხბურთიც ისეთია, როგორც ცხოვრება

AutoSharing Option
ბოლოსწინა ადგილი პირველი წრის შემდეგ - დორტმუნდის "ბორუსიას" გულშემატკივრები სეზონის წინ ამას ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.

ბოლოსწინა ადგილზე გამოზამთრება, თანაც ისე, რომ ბოლოადგილოსანს მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით სჯობნი, კოშმარზე უარესია ისეთი გუნდისთვის, რომელიც სეზონის წინ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებდა და რომელიც უპრობლემოდ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.

მიუხედავად ასეთი კოლაფსისა, "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პოსტზე რჩება - "დორტმუნდის" შეფებს მის მოხსნაზე ერთი წუთითაც კი არ უფიქრიათ. რას ფიქრობს კლოპი? როგორ აპირებს გუნდის კრიზისიდან გამოყვანას? რისი იმედი აქვს სეზონის მეორე
ნახევარში? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე 47 წლის სპეციალისტმა "კიკერის" ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

- ჰერ კლოპ, ამას წინათ ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, ზაფხულში ვინმეს რომ ეთქვა, "დორტმუნდი" პირველ წრეს ბოლოსწინა ადგილზე დაასრულებსო, ფსიქოლოგთან მისვლას ვურჩევდიო. თქვენ რას ეტყოდით სეზონის წინ ასეთ ადამიანს?
- არ ვიცი და ამაზე ფიქრი აბსოლუტურად უსარგებლოა. რა თქმა უნდა, არავინ ელოდა იმას, რაც მოხდა. ვიცოდით, რომ რთული სეზონი გველოდა, მაგრამ იმას კი ნაღდად ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა. ყველა პრობლემა შესწავლილი მაქვს და თვითონაც გაოგნებული ვარ: პირველი წრე, მაგალითად, მე-10 ადგილზე რომ დაგვემთავრებინა კიდევ ჰო, მაგრამ მე-17 ადგილი? ეს მართლა ნამეტანია. მაგრამ მჯერა, რომ მეორე წრეში ყველაფერი უკეთ იქნება.

- რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს?
- ცხრილის იმ რეგიონს, სადაც აუცილებლად უნდა მოვხვდეთ, მხოლოდ 4 ქულა გვაშორებს. პირველი წრე ძალიან კარგად გავაანალიზეთ და ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ სიტყვას საქმეც მოვაყოლოთ. უკიდურესად პესიმისტი უნდა ვიყო, ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის იმედი რომ არ მქონდეს.

- 4 ქულით მეტი რომ გქონდეთ, "დორტმუნდი" გასავარდნ ზონაში არ იქნებოდა, მაგრამ ცხრილის შუამდეც კი ვერ მიაღწევდა. ნუთუ ამაზე მეტზე აღარ ფიქრობთ?
- რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ: ჩვენი უმთავრესი მიზანი მეორე წრეში სწორედ ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. კონკრეტულ ადგილს კი ჩემთვის ახლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენი მიზანი კიდევ ის არის, რომ ამ სეზონში დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლოთ და გაისად დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია. პირველი წრე ისეთი იყო, როგორიც იყო - მორჩა და გათავდა. სეზონის პირველი ნახევრის გახსენება აღარ მინდა, რადგან ძალიან ბევრი იყო ისეთი მომენტი, მთელი ცხოვრება ნეგატიურად რომ მემახსოვრება. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და სეზონის მეორე ნახევარს ასევე ვუყურებ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ბიჭები გაცილებით უკეთეს ფორმაში არიან, ვიდრე ზაფხულში იყვნენ.

- ზაფხულში "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისიც თქვით, რომ "ფეხბურთი პრობლემების გადაწყვეტაცაა." პირველ წრეში პრობლემები თავზესაყრელად გქონდათ...
- ჩვენი პრობლემა ის კი არ იყო, რომ პრობლემები გვქონდა, არამედ ის, რომ ეს პრობლემები ვერ მოვაგვარეთ. სამწუხაროდ, მოგვარების ნაცვლად, პრობლემებს ვმალავდით და ამით თავს ვიტყუებდით. პრინციპში, მათ მოსაგვარებლად ფიქრისთვისაც კი არ გვეცალა. გარდა ამისა, ჯაჭვური რეაქციაც მივიღეთ: პრობლემას პრობლემა მოსდევდა, ჩვენ კი ვიძირებოდით და ვიძირებოდით. ახლა კი, ზამთარში საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის, რომ ბევრი ვიფიქროთ და პრობლემები მოვაგვაროთ.

- ექსპერტები ამბობენ, კლოპი აღარ არის ისეთი თავდაჯერებული, როგორიც იყო და თავისივე შესაძლებლობებში ეჭვები შეეპარაო.
- არ არსებობს ადამიანი, ვისაც თავის შესაძლებლობებში ეჭვი ოდნავ მაინც არ ეპარება. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მთელი ცხოვრების განმავლობაში წაგებული მატჩების შემდეგ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, ვიდრე მოგებული შეხვედრების შემდეგ. პასუხისმგებლობას ყველაზე მეტად სწორედ კრიზისულ სიტუაციებში ვგრძნობ. ასეთ დროს ღიმილიანი სახის შენარჩუნება უბრალოდ არ შემიძლია.

- პირველი წრის დასრულების შემდეგ გენერალურ მენეჯერ ჰანს-იოახიმ ვატცკესთან და სპორტულ დირექტორ მიხაელ ცორკთან 8-საათიანი საუბარი გქონდათ. ამ შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ "ბორუსიას" მიზანი ფიზ-მომზადების გაუმჯობესება უნდა იყოს. არ ფიქრობთ, რომ ეს ძალიან მარტივი მიდგომაა, პრობლემები კი გაცილებით კომპლექსურია?
- კარგი ფიზ-მომზადება საკმარისი არ არის, მაგრამ ყველაფერი ამით იწყება. ფეხბურთის კარგად თამაში კარგ ფიზიკურ კონდიციაში ყოფნის გარეშე შეუძლებელია. მაგალითად, "დორტმუნდის" მდგომარეობის შეფასებისას ბევრი არ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ მოედანზე გვყავდა ძალიან მაგარი ფეხბურთელი, რომელსაც იმ მომენტში თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 50 ან 60 პროცენტის გამოყენება შეეძლო. ანუ, განა იმიტომ ვერ თამაშობდა, რომ არ უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ არ შეეძლო!

- ვის გულისხმობთ?
- ძალიან ბევრს. მაგალითად, მატს ჰუმელსს, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგ ფიზიკურად კი მზად იყო, მაგრამ ფორმაში არ იყო. თავში მსოფლიოს ჩემპიონობა უტრიალებდა, ფეხები კი არ ემორჩილებოდა.

- ჰუმელსი თვითკრიტიკული ადამიანია და აღიარა, პირველ წრეში საშინლად ვთამაშობდიო. როგორ დაიბრუნებთ "ძველ ჰუმელსს"?
- ვარჯიშით! სამწუხაროდ, მატსს ტრავმიანობა დასჩემდა, ტრავმის შემდეგ კი ფეხზე დადგომა ძალიან ძნელია. მიუხედავად ამისა, ჰუმელსმა რამდენიმე შეხვედრა მაინც ძალიან კარგად ჩაატარა - უბრალოდ, სტაბილურად კარგად ვერ თამაშობდა. იმიტომ, რომ ძალა აკლდა! მატსი ძალიან ჭკვიანი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, რომ ძველებურად ათამაშდება.

- ზაფხულში ჰუმელსი გუნდის კაპიტნად დაასახელეთ, მაგრამ ყველას ისეთი შთაბეჭდილება გვქონდა, რომ გუნდის კაპიტანი მაინც სებასტიან კელი იყო.
- ამაში გასაკვირი არაფერია. კელი წლების მანძილზე ჩვენი ღირსეული კაპიტანი იყო და სხვათა შორის, თავიდან მასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ კაპიტნობა ესწავლა. ეს ისეთი რამეა, ნიჭიც უნდა გქონდეს, მაგრამ უნდა ისწავლო კიდეც. გუნდის კაპიტნობა მარტივი არ არის. მიხარია, რომ კელი ჯერ კიდევ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას - მისგან სხვა რამეს არც მოველოდი. დღეს ისევ და ისევ სებასტიან კელია ჩვენი უმთავრესი ლიდერი. კელი "ბორუსიას" კაპიტანი 2008 წელს გახდა და მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის აღარ იყო, მაინც დრო საკმაო დრო დასჭირდა იმისათვის, რომ ღირსეულ კაპიტნად ჩამოყალიბებულიყო.

- ფაქტი ის არის, რომ დაწყებულია დისკუსიები, ვინ არის ნამდვილი კაპიტანი...
- გუნდში ასეთი დისკუსიები არ არის. ჰუმელსისთვის 100 პროცენტით მისაღებია ის, რომ ლიდერი ჯერ კიდევ კელია. სებასტიანი საჭირო მომენტებში უკან იხევს, საჭირო მომენტებში კი თავის სიტყვას ამბობს.

- მარკო როისი წინა სეზონში ყველაზე შედეგიანი იყო, ამ სეზონში კი მასაც ტრავმები ჰქონდა და ახლაღა ბრუნდება. ცოტა ხნის წინ მარკოს მართვის მოწმობა ჩამოართვეს...
- ორი აზრი არ არსებობს: Lროისმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ უშეცდომო არავინაა და როისსაც უნდა ვაპატიოთ. რაც ყველაზე მთავარია, მარკო მაქსიმალურად კონცენტრირებულია. მანაც იცის და ჩვენც ვიცით, რომ როისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ტრავმაგადატანილ ფეხბურთელს ვერ ვეტყვი, აუცილებლად თამაშები უნდა მოიგო-მეთქი. ისიც ადამიანია და ფორმის აღსადგენად დრო სჭირდება. სიმართლე გითხრათ, როისზე არ ვდარდობ, რადგან ძალიან პასუხისმგებლიანი ბიჭია.

- როისს ისევ ცენტრში ათამაშებთ - ანუ იქ, სადაც საუკეთესოა?
- ტაქტიკურად მოქნილები უნდა ვიყოთ. ფაქტი ის არის, რომ როცა როისი ცენტრში არ თამაშობდა, ეს მხოლოდ მაშინ, როცა ფლანგებისთვის მის და მხითარიანის გარდა სხვა ალტერნატივა არ გვქონდა.

- კევინ გროსკროიტცი?
- კევინი იმ დროს ფლანგის მცველის რანგში გვჭირდებოდა და თანაც, იმ დროს გროსკროიტცი კარგ ფიზიკურ ფორმაში არ იყო. ჩემი აზრით, მაშინ ფლანგებზე როისისა და მხითარიანის გარდა ალტერნატივა არ გვყავდა. როცა ყველა გამოჯანმრთელდება, როისს შეუძლია ისევ ცენტრში ითამაშოს. ოღონდ ეს აღარაა ის შემთხვევა, როცა ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველს "ათიანს" ვეძახდით. თანამედროვე ფეხბურთი სხვანაირია. კარგია, რომ ახლა ცენტრისთვისაც და ფლანგებისთვისაც ბევრი ფეხბურთელი გვყავს.

- რას უპირებთ კევინ კამპლს, რომელიც 12 მილიონ ევროდ შეიძინეთ?
- თუ კევინის სტატისტიკებს გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ის უფრო მეპასეა, ვიდრე გოლეადორი. ამავდროულად, კამპლი მაღალ ტემპში კარგად თამაშობს, ვიწრო დერეფნებში თავს კარგად გრძნობს და მოედნის ხედვაც უვარგა. ჩვენ გვჭირდებოდა ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელი, რომელიც შრომისმოყვარეობით გამოირჩევა და კამპლის სახით სწორედ ასეთი მოთამაშე მივიღეთ.

- სხვა ახალწვეულებსაც ისურვებდით?
- ახლა?

- ჰო, მეორე წრისთვის.
- არა. ამ დროისთვის ყველაფერი კარგადაა.

- ბლაშჩიკოვსკი, მხითარიანი, კამპლი, კაგავა, როისი, ობამეიანგი და პლუს გროსკროიტცი - 4-2-3-1 ტაქტიკაში ამ ფეხბურთელთაგან მხოლოდ სამის ადგილია...
- ფაქტია, რომ თუ ყველა ჯანმრთელად იქნება, დიდი არჩევანი მექნება.

- და ვის მიენიჭება უპირატესობა?
- იმას, ვინც კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფორმაში იქნება და ვინც ყველაზე მეტად დამჭირდება.

- "დორტმუნდის" სტილი ასეთია: პრესინგი, ბურთის მოპოვება და შეტევაში ძალიან სწრაფად გადასვლა. როდის ისწავლის თქვენი გუნდი ბურთის ხანგრძლივი ფლობით თამაშს?
- იცით, მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ დაცვაში ჩამჯდარ გუნდებთან პრობლემები გვექმნება. პრობლემა ის იყო, რომ დაცვიდან მოთამაშე გუნდებთან ისეთივე ტემპში გვეთამაშა, როგორც იმ გუნდებთან ვთამაშობდით, რომლებიც გვიტევდნენ. სწორედ ამის გაუმჯობესება გვინდოდა ამ სეზონის პირველ წრეში, რაც არ გამოგვივიდა. ვარჯიშის გარეშე სისტემის შეცვლა შეუძლებელია.

- რა დაგრჩებათ ამ საშინელი პირველი წრისგან?
- ჩვენ მაქსიმალურად თვითკრიტიკულები ვართ, მაგრამ ბევრი შეცდომა ნაღდად არ დაგვიშვია. რაც მთავარია, არ გავტყდით და მეც არ გამათავისუფლეს. საერთოდ არავინ გაუთავისუფლებიათ. არ გვიძებნია კაცი, რომელსაც ყველაფერს დავაბრალებდით ამით ყველა დანარჩენი ხელს დაიბანდა. ფეხბურთიც ისეთია, როგორიც ცხოვრება: კარგ დროს ცუდი დრო ცვლის და მერე ისევ კარგი დრო დგება. იმედია, ცუდი პერიოდი 2014 წელთან ერთად წავიდა.

დოსიე
იურგენ ნორბერტ კლოპი

დაიბადა: 1967 წ. შტუტგარტი (გერმანია)
საფეხბურთო კარიერა: 1989-2001 - მაინცი
სამწვრთნელო კარიერა: 2001-08 - მაინცი; 2008-დან - დორტმუნდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული