კლუბი ახლო ხედით. დორტმუნდის "ბორუსია": "დორტმუნდის" სამი ვეშაპი

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსია" "ბაიერნთან" ჭიდილში კვლავ ინარჩუნებს საჩემპიონო ინტრიგას, გუნდი ევროპალიგის მეოთხედფინალში ცალი ფეხით გასულია და 2016 წელს ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი - 23 ქულა (9 თამაში: 7 მოგება, 2 ფრე) აქვს მოპოვებული.

თომას ტუხელმა "დორტმუნდს" სული ხელახლა შთაბერა და იურგენ კლოპის დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებს. "დორტმუნდის" მთავარი ძალა გუნდურობაა, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელი მაინც გასნაკუთრებულ გამორჩევას იმსახურებს - პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მარკო როისი, ჰენრიკ მხითარიანი...

ჰენრიკ მხითარიანი: ბაიერნთან ჭიდილი ძნელია
"დორტმუნდის" სომეხი გამთამაშებელი ჰენრიკ მხითარიანი მაქსიმალურად
დაიხვეწა, გათამამდა, დაღვინდა და ის უაღრესად პროდუქტიულია.

ნიჭი და შრომის მოყვარეობა მხითარიანს არასდროს აკლდა, ახლა კი 27 წლის ფეხბურთელი, ალბათ, ფორმის პიკს უახლოვდება. მაგალითად, ბუნდესლიგაში მის აქტივში 10 საგოლე პასი და 9 გოლია, ის მშვენივრად გამოიყურება ევროსარბიელზეც.

- ამ სეზონში ბუნდესლიგის მოგებაზე რეალურად ფიქრობთ და ამისთვის იბრძვით თუ მეორე ადგილი "დორტმუნდის" მაქსიმუმია ამ ეტაპზე?
- ჩვენ ვცდილობთ, კონკურენტუნარიანი ვიყოთ და "ბაიერნს" ღირსეული წინაღმდეგობა გავუწიოთ, მაგრამ ძალიან რთული მიუნხენელებთან პაექრობა. "ბაიერნი" ამჟამად "ბარსელონასთან" და "რეალთან" ერთად მსოფლიოს სამ საუკეთესო კლუბში შედის. თუმცა, შეუძლებელი არაფერია. ჩვენ საკუთარ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ და მოვიგოთ ისინი, დანარჩენი კი მერე გამოჩნდება.

- წინა სეზონის კოლაფსი უფრო ფსიქოლოგიური პრობლემების ბრალი იყო?
- სიმართლე ითქვას, არ ვიცი, რადგან სეზონის მეორე ნახევარში დავამტკიცეთ, რომ ისევ შეგვეძელო კარგად თამაში და მატჩების მოგება. იგივე ფეხბურთელებით და იმავე მწვრთნელით, რომელმაც ჩემპიონობამდე მიგვიყვანა, ვახერხებდით გამარჯვებების მოპოვებას. ვფიქრობ, იქამდე ზოგიერთ თამაშში უბრალოდ არ გვიმართლებდა.

- როდესაც კლუბს შეუერთდით, საკუთარ სატრანსფერო ფასზე ბევრს ფიქრობდით და გინდოდათ თქვენში გადახდილი თანხა გაგემართლებინათ. იურგენ კლოპი კი გეუბნებოდათ, რომ ამაზე არ გენერვიულათ. მოახერხეთ მოდუნება, ამ წნეხის მოხსნა და უფრო თავისუფლად ათამაშება?
- ნამდვილად მართალია, რომ კლოპი ბევრ რამეში დამეხმარა, მათ შორის გახსნაში. იგი მეუბნებოდა, რომ სატრანსფერო ფასს არაფერი საერთო არ აქვს ფეხბურთელის შესაძლებლობებთან და იმასთან, რასაც ის მოითხოვდა, ფინანსური დეტალები ორ კლუბს შორის მოლაპარაკებებისა და შეთანხმების საკითხიაო.

გავიაზრე, რომ ის მართალი იყო, და უბრალოდ დავივიწყე ფულთან დაკავშირებული თემა. ასევე შევწყვიტე სხვა ისეთ საკითხებზე ფიქრი, რომლებიც მაწუხებდა. ზამთრის შესვენებამდე ბოლო საშინაო მატჩში, რომელიც "აინტრახტთან" გვქონდა, ცარიელ კარს ავაცილე. ადრე ამაზე ბევრს ვიფიქრებდი და ვინერვიულებდი, ახლა კი უბრალოდ დავივიწყე ეს მომენტი, გავაგრძელე თამაში და მზადება მომავალი შეხვედრებისთვის.

- ამიტომ გააქვს ახლა "დორტმუნდს" ამდენი გოლი და თან ასე თავისუფლად? თქვენ გაცუდებულ მომენტებზე აღარ ნერვიულობთ, გაგაქვთ და შანსებს უქმნით თანაგუნდელებს, გატანით კი ვინმე აუცილებლად გაიტანს, როისი ან ობამეიანგი...
- არა, უბრალოდ ჩემ თავს ვეუბნები, რომ ეს ფეხბურთია - ერთ დღეს შეიძლება, 3 გოლი გაიტანო, მეორე დღეს კი - ვერც ერთი.

- გუნდს მართლაც ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ ბევრსაც უშვებს. ეს ამ ეტაპზე თქვენი მთავარი სუსტი წერტილია?
- ზოგჯერ გოლის გაშვება გიწევს, უკეთესიც კია, კარგად რომ დაინახო, რა არის შენი სუსტი წერტილი. ყოველთვის არის რაღაც სასწავლი და მუდამ შეგიძლია თამაში გააუმჯობესო. ხოლო თუ გოლებს არ უშვებ და საერთოდ არ აგებ, ესე იგი იდეალურად და სრულყოფილად ყოფილა საქმე. ბუნებრივია, გვინდა რომ არ ვუშვებდეთ და არ ვმარცხდებოდეთ. ახლა კი ვცდილობთ შეცდომებზე ვისწავლოთ და მოვუმატოთ.

- პრემიერლიგაში თამაშს ისურვებდით?
- ინგლისის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესო ლიგადაა მიჩნეული და შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ ვფიქრობ, ბნდესლიგაც იგივე სიმაღლეზეა. ცხადია, ფინანსურ მხარეს არ ვგულისხმობ - ფეხბურთით, თამაშით.

- მიუხედავად დიდი ფინანსური რესურსისა, ინგლისურ კლუბებს ახლა ევროტურნირებზე ძალიან უჭირთ. რატომ ხდება ასე?
- წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი. შეიძლება, თანხები სწორად ვერ დაიხარჯა.

მარკო როისი: ობა ბევრს დაფრინავს, მოედანზეც და მის გარეთაც
მხითარიანის შემდეგ, "დორტმუნდის" ბეტმენსა და რობინზე ანუ ობამეიანგსა და როისზე გადავერთოთ.

პიერ-ემერიკს გერმანიის ჩემპიონატში 26 ტურის მერე 22 გოლი აქვს გატანილი (სულ ბორუსიელთა ანგარიშზე 61 ბურთია, ანუ გაბონელზე დაახლოებით მესამედი მოდის) და ორით ჩამორჩება რობერტ ლევანდოვსკის. ის ევროპალიგაზეც ბომბარდირობისთვის იბრძვის და, მხითარიანისა არ იყოს, 26 წლის ობამეიანგიც, რომელიც აფრიკის 2015 წლის ფეხბურთელად დაასახელეს, ფორმის პიკზეა.

როისს კი ტრავმებმა შეუშალეს ხელი, მაგრამ მარკო ნელ-ნელა, შედის ფორმაში და მისი იმედი შეიძლება ყოველთვის გქონდეს. გთავაზობთ მოკლე სინქრონულ ინტერვიუს ამ სინქრონულად შეთამაშებულ წყვილთან

- პიერ-ემერიკ, რა იცოდით "დორტმუნდის ბორუსიას" შესახებ, როდესაც ამ კლუბს შეუერთდით 2013 წელს?
ობამეიანგი: - ყველაფერი, მართლა ყველაფერი ვიცოდი. ბოლოს და ბოლოს, ეს ძალიან პოპულარული კლუბია. მახსოვს, რომ ამ გუნდის თამაშებს მაშინაც ვადევნებდი თვალს, იან კოლერი რომ თამაშობდა.

- თავიდან თქვენ ფლანგზე თამაშობდით და, თითქოს, ეს იყო თქვენი პოზიცია, მერე კი ცენტრფორვარდად იქეცით. როგორ მოხდა ეს?
ო: - ბავშვობაშიც თავდამსხმელად ვთამაშობდი. მერე კი, როდესაც პროფესიონალი გავხდი, მწვრთნელებს ერჩივნათ, რომ ნახევარდაცვაში მეთამაშა, ჩემი სისწრაფის გამო. თუმცა, საკუთარ თავს ყოველთვის ფორვარდად აღვიქვამდი.

- მარკო, თქვენც ძალიან სწრაფი ხართ, მაგრამ ყოველთვის შემტევი ნახევარმცველი იყავით. ცოტა უცნაური ხომ არ არის, რომ გუნდის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ცენტრფორვარდად თამაშობს?
როისი: - პირიქით, ჩემი აზრით ეს იდეალური ვარიანტია. მეტოქის მცველებმა იციან თუ, რა სწრაფია ობამეიანგი და აქცენტი სულ ამაზე აქვთ. ამ დროს კი გუნდს სხვაგვარი შეტევებიც უადვილდება და სხვებსაც მეტი გასაქანი აქვთ. მიმაჩნია, რომ ცენტრ ფორვარდის პოზიცია პიერ-ემერიკისთვის ყოველთვის ყველაზე მისაღები და სასურველი გახლდათ. იგი ფლანგზეც მშვენიერი იყო, მაგრამ იქ იმხელა სივრცე და თავისუფლება არ ჰქონდა, თავისი პოტენციალი და თამაში ბოლომდე რომ ეჩვენებინა.

- "ბაიერნი" ლიდერობს და ბუნდესლიგის ულაპარაკო ფავორიტია. როგორი შანსები აქვს "დორტმუნდს"?
რ: - ამ წუთისთვის "ბაიერნი" ჩვენზე წინაა, ეს ფაქტია. ჩვენი მიზანი სხვაობის შემცირებაა, აქ მხოლოდ ქულებს არ ვგულისხმობ - თამაშის ხარისხსაც და სტაბილურობასაც. თუმცა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტიტულების მოგების შანსი არ გვაქვს. გადაავლეთ თვალი "დორტმუნდის" ისტორიას და ნახეთ, რამდენი წარმატებისთვის მიუღწევია ამ გუნდს.

ო: - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია "დორტმუნდთან" ერთად ტიტულების მოგება და თანაც მალე. ეს მალე კი შესაძლოა, ეს სეზონიც იყოს, რადგან ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს. ჩვენ ზედიზედ ორჯერ წავაგეთ თასის ფინალი ("ბაიერნთან" და "ვოლფსბურგთან") და ახლა გამარჯვება გვწყურია. ასევე, ევროპა ლიგის მოგების შანსი გვაქვს. სწორედ ამიტომ არ მინდა, ახლა კლუბის დატოვება და არ ვფიქრობ ამაზე. იმედი მაქვს, ამ სეზონში რამეს მოვიგებთ.

- თუმცა არის რაღაც რასაც, ალბათ, ვერასდროს შეწვდებით - ვერასდროს ითამაშებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. საფრანგეთში ხართ დაბადებული, მაგრამ გაბონის ნაკრები აირჩიეთ, რატომ?
ო: - მართალია, მაგრამ მე გადაწყვეტილება გულის კარნახით მივიღე და არა გონების. შესაძლოა, საფრანგეთის არჩევა უფრო მარტივი და მისაღები ვარიანტი ყოფილიყო. თუმცა გაემგზავრო მუნდიალზე ან მოიგო "ოქროს ბურთი", როგორც გაბონის წარმომადგენელმა დიდ მოტივაციას გაძლევს. გარდა ამისა, არჩევანი ჩემი ოჯახის გამოც გავაკეთე, მათი აზრის გათვალისწინებით. ჩვენ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

- ამ სიშორეზე აქეთ-იქით მოგზაურობა ალბათ დამღლელია, არა?
რ: - ის ბევრს დაფრინავს, ეს მართალია. ზოგჯერ, იგი შუაკვირის სანაკრებო შეკრებიდან პარასკევს ბრუნება, რადგან იქამდე გზაშია. თუმცა, ხალხმა ვინც არ იცნობს ობას, არ იცის, რამდენს მუშაობს ის და რა გულმოდგინედ იმისთვის, რისი მიღწევაც სურს. ეს გარკვეულწილად უკვე დაუფასდა, როდესაც აფრიკის წლის მოთამაშედ დაასახელეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული