ბუნდესლიგა. X ტური: ობამეიანგის დღესასწაული უვე ზეელერის იუბილეზე [VIDEO]

AutoSharing Option
* "ვოლფსბურგმა" ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ გუნდს 41 წლის ვალერიან ისმაელი ჩაიბარებს, რომელიც დიტერ ჰეკინგის მოხსნის შემდეგ ამ პოსტს დროებითი თავკაცის სტატუსით იკავებდა.
* "ინგოლშტადტის" მთავარი მწვრთნელი მარკუს კაუჩინსკი თანამდებობიდან გადადგა.
* "ლაიპციგმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა.
* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ბუნდესლიგაში პოკერი პირველად შეასრულა.
* სალომონ კალუმ წინა ჰეთ თრიკი ბუნდესლიგაში 6 წლის წინათ შეასრულა.

"ჰოფენჰაიმთან" მატჩში "ბაიერნის" ფეხბურთელებს უცნაური ფორმები ეცვათ - ეს იყო სპეციალური ფორმა "ადიდასისგან", რომელიც 100 პროცენტით გადამუშავებული ნაგვიდან შეიქმნა და სწორედ ნაგავი უნდა ვუწოდოთ
იმ ფეხბურთს, რაც რეკორდმაისტერმა შაბათს ითამაშა. შესაბამისი იყო შედეგიც: 1:1.

მაინც რატომ ვერ დაამარცხა "ბაიერნმა" "ჰოფენჰაიმი"? ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ერთ დროს გოლების გარანტს, ახლა ერთი გოლიც კი სანატრელი აქვს. მიხვდებოდით, რომ თომას მიულერს ვგულისხმობთ, რომელმაც წინა სეზონში 20 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი ჯერ პირველი ბურთიც კი არ შეუგდია.

"ამის გამო უკვე ძალიან ვწუხვარ. არც ისეა საქმე, რომ დღე და ღამე ამაზე ვფიქრობდე, მაგრამ ვერსად გავექცევი იმ ფაქტს, რომ საშინელი განცდაა და ამის გამო უკვე ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ", - განაცხადა მატჩის შემდეგ მიულერმა.

აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგის ბოლო 5 მატჩიდან, "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მიულერი მეოთხედ არ გაამწესა სასტარტო შემადგენლობაში. "ჰოფენჰაიმთან" თომასი შეხვედრაში 68-ე წუთიდან ჩაერთო და "ბაიერნის" თამაში ნამდვილად გამოაცოცხლა - სწორედ მან შექმნა მატს ჰუმელსის მომენტი, მერე თავით შეეძლო გატანა, 92-ე წუთზე კი ბურთი "ჰოფენჰაიმელთა" კარის ძელს მოარტყა.

მიუნხენური გრანდის ბოსი კარლ-ჰაინც რუმენიგე მიიჩნევს, რომ მიულერს კრიზისი მას მერე დაეწყო, რაც ჩემპიონთა ლიგაში, მადრიდის "ატლეტიკოსთან" თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. რუმენიგეს მოსაზრებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, რადგან მიულერმა ევროპის ჩემპიონატზეც ვერ მოახერხა გოლის გატანა და უკვე მართლაც დიდი ხანია, თავის თავს აღარ ჰგავს.

შაბათს მიუნხენში სულაც "ჰოფენჰაიმი" იგებდა და რომ არა სტივ ცუბერის ავტოგოლი, შესაძლოა, რეკორდმაისტერი ამ შეხვედრაში სულაც უქულოდ დარჩენილიყო. მართალია, "ბაიერნი" გერმანიის მიმდინარე პირველობაზე ჯერ კიდევ დაუმარცხებელია (სხვათა შორის, "ჰოფენჰაიმიც"), მაგრამ ანჩელოტის გუნდმა უკვე მესამედ დაკარგა ქულები და აქვე ვთქვათ, რომ წინა სეზონის მთელ პირველ წრეში "ბაიერნმა" მხოლოდ ორი შეხვედრა ვერ მოიგო.

"იქნებ უკეთესიც იყოს, ფრე რომ ვითამაშეთ. ეს შეხვედრა რომ მოგვეგო, ალბათ ვიფიქრებდით, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა", - ეს რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებია, საიდანაც ჩანს, რომ "ბაიერნში" ყველაფერი იდეალურად არ არის.

სამაგიეროდ, ჰოფენჰაიმელები იყვნენ გახარებულები და ბედნიერები - ბოლო წუთებზე ბავარიელებმა რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს და "სოფლელებს" ორმაგად ახარებთ ეს ბედნიერი ქულა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზეელერის ჩამწარებული იუბილე
"ფოლკსპარკშტადიონზე" ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ჰამბურგელები თავიანთი საყვარელი კლუბის ცოცხალი ლეგენდის, უვე ზეელერის იუბილეს (80 წლის გახდა) ზეიმობდნენ და ეს შესანიშნავი დღე მათ დორტმუნდის "ბორუსიას" გაბონელმა თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ჩაუმწარა - მის ანგარიშზე 4 გოლია.

საბოლოო ანგარიში 2:5 გახლავთ და მატჩის 27-ე წუთისთვის უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, რადგან "ჰამბურგი" უკვე 0:3-ს აგებდა. სამივე ბურთი ობას ანგარიშზე გახლდათ და აქვე ვთქვათ, რომ მან თავის გერმანულ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლიც ამ მატჩში გაიტანა (მე-4 წუთზე). აქვე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტიც: ამ სეზონში ბუნდესლიგაში სამი სუფთა ჰეთ თრიკი შესრულდა და სამივე "ჰამბურგის" კარში (პოჰიანპალო, მოდესტე, ობამეიანგი).

თუმცა გაბონელმა მერე პოკერიც გაიფორმა და უვე ზეელერი "ჰამბურგის" ბედოვლათობას მიჩვეული რომ არ იყოს, ამ ამბებს ნაღდად ვერ გადაიტანდა. ობამეიანგი გახდა პირველი ფეხბურთელი ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც ჰამბურგში სტუმრის რანგში 4 ბურთი გაიტანა. და, სხვათა შორის, დემბელესაც სწორედ ობამეიანგმა გაატანინა. უსუსურ ჰამბურგელთა რიგებში ერთადერთი ნათელი წერტილი ნიკოლაი მიულერი გახლდათ - "დორტმუნდს" ორივე პრესტიჟის გოლი მან გაუტანა.

კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის, მერამდენედ უნდა ვთქვათ, რომ "ჰამბურგი" უკვე კარიკატურაა იმ დიდი გუნდისა, როგორიც ერთ დროს იყო და ერთადერთი კლუბი გერმანიაში, რომელიც პირველი ბუნდესლიგიდან არასდროს გავარდნილა, ამ სეზონშიც ქვემოთ მიექანება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პარასკევს ბერლინის "ჰერტამ" უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო - დედაქალაქელებმა სალომონ კალუს ჰეთ თრიკით "გლადბახი" 3:0 დაამარცხეს და მეოთხე ადგილზე მყარად მოკალათდნენ.

"გლადბახი" ის გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს და ძალიან უნდა, რომ გაისადაც ითამაშოს, რისთვისაც სწორედ ოთხეულში მოხვედრაა საჭირო, მაგრამ მიონხენგლადბახელებს ახლა სერიოზული პრობლემები აქვთ, "ჰერტა" კი ჯერჯერობით ძალიან სტაბილურია. სტაბილური იყო "კიოლნიც", მაგრამ "თხებმა" ბოლო სამ ტურში ორი მარცხი განიცადეს (ამჯერად "აინტრახტთან") და საუკეთესო ხუთეულშიც კი აღარ არიან.

გუშინ კი ისეთი რამ მოხდა, რის შემდეგაც "ბაიერნი" ერთპიროვნული ლიდერი აღარ არის: "ლაიპციგმა" "მაინცი" საკმაოდ იოლად დაამარცხა (3:1) და ქულებით რეკორდმაისტერს გაუთანაბრდა!

სეზონის წინ ვინმეს რომ ეთქვა, 10 ტურის შემდეგ "ბაიერნს" და "ლაიპციგს" თანაბარი ქულები ექნებათო, ნამდვილად დაცინვის ობიექტი გახდებოდა... მომდევნო ტური ძალიან საინტერესო იქნება, რადგან "ბაიერნი" დორტმუნდს სტუმრობს და ახლა უკვე ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, იმ ტურის შემდეგ "ლაიპციგი" ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერი რომ გახდეს.

X ტური
ჰერტა-გლადბახი 3:0
გოლები: 1:0 კალუ (18), 2:0 კალუ (33), 3:0 კალუ (84)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, შტარკი, ბრუკსი, მიტელშტედტი - სკიელბრედი, ლუსტენბერგერი (56. ალანი) - ვაიზერი, კალუ (86. კურტი), ჰარაგუჩი (71. შიბერი) - იბიშევიჩი.
გლადბახი (3-5-2): ზომერი - ელვედი, ვესტერგაარდი, იანჩკე - ჰერმანი (34. ფ. ჯონსონი), შტრობლი (46. კორბი), ჰოფმანი (85. აზარი), კრამერი, ვენდტი - შტინდლი, რაფაელი.
გაძევება: კრამერი (39. გლადბახი)
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 4-1; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12(6)-11(2); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 51 934

ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 0:1 დემირბაი (16), 1:1 ცუბერი (34-საკ. კარში)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი (82. ალაბა), ჰუმელსი, ბერნატი - ჩაბი ალონსო - რობენი (78. კომანი), ტიაგო ალკანტარა, ვიდალი (69. თ. მიულერი), დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი.
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი (46. ბიჩაქჩიჩი) - კადერაბეკი, ამირი (57. რუპი), რუდი, დებირბაი, ცუბერი - ვაგნერი, კრამარიჩი (71. ე. ვარგასი).
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 8-1; ჯარიმა: 7-25; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 21(5)-5(3); ბურთის ფლობა: 66%-34%; მაყურებელი: 75 000

ლევერკუზენი-დარმშტადტი 3:2
გოლები: 1:0 ჩალჰანორლუ (32), 1:1 ჩოლაკი (47), 2:1 ბრანდტი (56), 3:1 არაგუნისი (69), 3:2 ვრანჩიჩი (85)
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰენრიხსი, თაა, თოფრაქი (84. დრაგოვიჩი), ვენდელი - ბაუმგარტლინგერი, ჩალჰანოღლუ - ჰავერტცი, ბრანდტი (90. კისლინგი) - ჩიჩარიტო, მეჰმედი (60. არაგუნისი).
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - ჰიონი, მილოშევიჩი, ზულუ, გუვარა - გონდორფი, იუნგვირთი - ჰელერი, კლაინჰაისლერი (75. ვრანჩიჩი), ბენ-ჰატირა (46. სირიგუ) - შიპლოკი (46. ჩოლაკი).
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 6-5; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12(4)-6(3); ბურთის ფლობა: 70%-30%; მაყურებელი: 28 941

ჰამბურგი-დორტმუნდი 2:5
გოლები: 0:1 ობამეიანგი (4), 0:2 ობამეიანგი (23), 0:3 ობამეიანგი (27), 0:4 ობამეიანგი (48), 1:4 ნ. მიულერი (55), 1:5 დემბელე (76), 2:5 ნ. მიულერი (81)
ჰამბურგი (3-4-3): ადლერი - კლებერი (31. ეკდალი), სპაჰიჩი, ჯურუ - დიკმაიერი (69. ჰანტი), გ. საკაი, იუნგი, დულგას სანტოსი - ნ. მიულერი, ლასოგა (52. ვალდშმიდტი), გრეგორიჩი.
დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - გინტერი, სოკრატისი (81. პასლაკი), ბარტრა - პიშჩეკი, როდე, კასტრო, გერეირო - მორი (69. შიურლე), ობამეიანგი, პულიშიჩი (68. დემბელე).
გაფრთხილება: 2-0; კუთხური: 5-3; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 14(6)-10(6); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 57 000

ინგოლშტადტი-აუგსბურგი 0:2
გოლები: 0:1 ბობადილია (85), 0:2 ჰალილ ალთინთოფი (90)
ინგოლშტადტი (4-2-3-1): ჰანსენი - ლეველსი, მ. მატიპი, ბრეგერიე, ზუტნერი - კოენი (78. კიტელი), როჯერი - ლექსი (78. ჰარტმანი), პ. გროსი, ლეკიე - ჰინტერზეერი (46. ლესკანო).
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, იანკერი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი - კორი, დ. ბაიერი - შმიდი (75. ჰალილ ალთინთოფი), კოო (91. კაჩარი), მაქსი (80. ბობადილია) - ჟი.
გაძევება: ლეველსი (89. ინგოლშტადტი)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 14(5)-13(5); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 15 200

ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 0:3
გოლები: 0:1 გომესი (41), 0:2 გომესი (53), 0:3 როდრიგესი (86-პენ)
ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - პ. შტენცელი, ტორეხონი, სოიუნჩუ, გიუნტერი - ჰიოფლერი (89. ფიორენბახი), აბრაში (58. პეტერსენი) - ფრანტცი, ფილიპი, გრიფო - ნიდერლეხნერი (87. ჰაბერერი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ბრუმა, როდრიგესი, გერჰარდტი - სეგუინი, ლუის გუსტავო - ბლაშჩიკოვსკი (75. დიდავი), არნოლდი, დ. კალიჯური (88. მ. შეფერი) - გომესი (82. მაიორალი).
გაძევება: გიუნტერი (85. ფრაიბურგი)
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 6-9; ჯარიმა: 10-19; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 12(2)-13(5); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 23 500

აინტრახტი-კიოლნი 1:0
გოლი: 1:0 გაჩინოვიჩი (5)
აინტრახტი (3-4-3): ჰრადეცკი - აბრაამი, ჰასებე, ვალეხო - ჩენდლერი, ჰუსტი (88. დ. ბლუმი), მასკარელი, ოჩიპკა - ფაბიანი, ა. მაიერი (73. სეფეროვიჩი), გაჩინოვიჩი (83. მ. ჰექტორი).
კიოლნი (4-2-2-2): ჰორნი - სიორენსენი, მავრაი, ჰაინტცი, ი. ჰექტორი - ჰიოგერი, მ. ლემანი (70. გირასი) - რისსე, რაუში (46. ცოლერი) - ოსაკო, მოდესტე.
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 8(1)-6(1); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 51 500

ლაიპციგი-მაინცი 3:1
გოლები: 1:0 ვერნერი (3), 2:0 ფორსბერგი (21), 3:0 ვერნერი (44), 3:1 ბელი (74)
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ილსანკერი, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - დემე, კეიტა - ზაბიტცერი, ფორსბერგი (86. დ. კაიზერი) - პოულსენი (79. ზელკე), ვერნერი (69. ბურკი).
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბალოგუნი, ჰაკი, ბუსმანი - ბროზინსკი, გბამინი (67. რამალიო) - ონისივო, სერდარი (32. მალი), ჟაირო (46. ბელი) - კორდობა.
გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15(5)-11(3); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 42 558

შალკე-ვერდერი 3:1
გოლები: 1:0 შიოპფი (35), 2:0 ბენტალები (38), 2:1 გნარბი (42-პენ), 3:1 შიოპფი (63)
შალკე (3-5-1-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი - შიოპფი, გორეტცკა, გაისი, ბენტალები (80. სტამბული), კოლაშინაცი - მ. მაიერი (88. ბაბა) - ჩუპო-მოტინგი (91. კონოპლიანკა).
ვერდერი (4-2-3-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ველიკოვიჩი, მოისანდერი, გარსია - პეცოსი, ფრიტცი (64. ჰაიროვიჩი) - ბარტელსი (70. პისარო), გრილიჩი, იუნუზოვიჩი - გნარბი.
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 24(6)-8(5); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 62 271

ბომბარდირები:
11 პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი)
ანტონი მოდესტე (კიოლნი)
7 რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
6 ვედად იბიშევიჩი (ჰერტა)

მომდევნო ტური
18 ნოემბერი:
ლევერკუზენი-ლაიპციგი;

19 ნოემბერი:
გლადბახი-კიოლნი, მაინცი-ფრაიბურგი, ვოლფსბურგი-შალკე, აუგსბურგი-ჰერტა, დარმშტადტი-ინგოლშტადტი, დორტმუნდი-ბაიერნი;

20 ნოემბერი:
ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი, ვერდერი-აინტრახტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული