"ინგოლშტადტი" უმწვრთნელოდ დარჩა, "ჰამბურგი" ახალ სპორტულ დირექტორს ელოდება

AutoSharing Option
"ინგოლშტადტი" და "ჰამბურგი" ამ სეზონში ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს. 10 ტურის შემდეგ ორივეს 2-2 ქულა აქვს და ორივე ბუნდესლიგის ფსკერზეა გართხმული. თუ "ინგოლშტადტისგან" ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, "დინოზავრებისთვის" ეს ნამდვილი კატასტროფაა. "ჰამბურგი" ხომ ერთადერთი კლუბია ბუნდესლიგაში, რომელიც არასოდეს გავარდნილა...

ბოლო წლებში ის ერთთავად ბეწვის ხიდზე დადიოდა, ორი წლის წინ ელიტაში ადგილი სულაც პლეი-ოფის გზით შეინარჩუნა, მაგრამ ახლა ამ გზის გავლაც შეიძლება აღარ გახდეს საჭირო და გაზაფხულზე პირდაპირ მეორე ბუნდესლიგაში ამოჰყოს თავი.

გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკუს გისდოლი, რომელმაც 26 სექტემბერს ბრუნო
ლაბადია შეცვალა, ჯერჯერობით თანამდებობას ინარჩუნებს. სამაგიეროდ, "დორტმუნდთან" საშინაო მარცხის (2:5) შემდეგ პოსტი დატოვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ნიკო-იან ჰოოგმამ. "ჰამბურგის" პირველკაცმა დიტმარ ბაიერსდორფერმა კი უმალ გამოაცხადა, რომ ჰოოგმას პოტენციურ შემცვლელებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

"კიკერი" წერს, რომ ვაკანტურ პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატი 55 წლის კრისტიან ჰოხტეტერია, ვისაც აქტიური კარიერის უდიდესი ნაწილი მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" აქვს გატარებული (339 მატჩი, 55 გოლი). დღესდღეობით ის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "ბოხუმის" სპორტული დირექტორია და ახლახან 2020 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი.

ცხადია, ეს პრობლემას შექმნის "ჰამბურგთან" მოლაპარაკებების შემთხვევაში. "ბოხუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჰანს-პეტერ ფილისი ამტკიცებს, რომ ჯერჯერობით "ჰამბურგის" მესვეურებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

"ინგოლშტადტში" კი რადიკალურ ზომას მიმართეს - "აუგსბურგთან" ბავარიულ დერბიში მარცხის (0:2 შინ) შემდეგ მარკუს კაუშინსკი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადაყენებულია. ის გუნდში ზაფხულიდან მუშაობს. მაშინ მან შეცვალა რალფ ჰაზენჰუტლი, რომელიც დღეს ბრწყინვალედ მუშაობს "ლაიპციგში" და თვით "ბაიერნსაც" კი ეჭიდავება (ამ დროისთვის თანაბარი ქულებით აქვთ და ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ).

"ინგოლშტადტის" ახალ მწვრთნელს რაც შეეხება, მას ამ დღეებში დაასახელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული