სერხიო აგუერო: ზაფხულში წასვლაზეც ვიფიქრებ

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლამ ზედიზედ ორ მატჩში დატოვა სერხიო აგუერო სათადარიგოთა სკამზე. მან ძირითად შემადგენლობაში გაბრიელ ჟესუსი გაამწესა და 19 წლის ფორვარდმაც იმედი არ გაუცრუა.

ბრაზილიელმა ვუნდერკინდმა "ვესტ ჰემთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში გოლს პლუს პასი მიითვალა, ხოლო "სუონსისთან" ერთპიროვნულ გმირად იქცა - "ქალაქელები" მისი გოლით იგებდნენ, გილფი სიგურდსონმა გათანაბრება მოახერხა და "სიტის" ცოტა დრო რჩებოდა, მაგრამ ბოლო წამებზე ჟესუსმა დუბლი გაიფორმა და პეპს მოაგებინა. ამ დროს აგუეროც მინდორზე იყო, იგი ისევ შეცვლაზე შევიდა.

არგენტინელს აშკარად არ სიამოვნებს, რომ თუნდაც ორი მატჩით თადარიგში
დატოვება აკადრეს და უკვე ყველას გასაგონად გაგზავნა მესიჯი, რომ თუ ასე გაგრძელდება, იგი "ეტიჰადს" დატოვებს.

"გუნდს მაქსიმალურად უნდა დავეხმარო ამ სამი თვის განმავლობაში. ამის შემდეგ კი ვნახოთ, რა გეგმები ექნება კლუბს ჩემ შესახებ. მე მაქსიმალურად დავიხარჯები და მერე კლუბი გადაწყვეტს, არის თუ არა აქ ჩემი ადგილი. ახლა კი უნდა ვუყურო, რას აკეთებს ის იმისთვის, რომ ცოტა ვისწავლო. არადა, ვარ ისეთი, როგორიც ვარ.

ევროპაში არაერთი წელი მაქვს გატარებული და ყოველთვის ერთი სათამაშო სტილი მქონდა. როდესაც სათადარიგოთა სკამზე ხარ, შენს შანსს უნდა დაელოდო. თავის გამოჩენისთვის 3 თვე მაქვს და ვნახოთ, მერე რა მოხდება" - განაცხადა აგუერომ.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ესპანელს ჰკითხეს - სანამ გაბრიელი გოლების გატანას გააგრძელებს, იგი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებსო? პეპმა ამ შეკითხვას ცოტა ირონიანარევი ღიმილით გასცა პასუხი - თქვენ როგორ გგონიათო? დიახ, ითამაშებს და თანაც, მარტო გოლებში არ არის საქმე, იგი ყოველმხრივ კარგად ბურთაობსო.

ამ სეზონის სტარტზე აგუერომ ძველი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა გუნდთან და ახლა "სიტის" საკუთრებაში 2020 წლის ზაფხულამდეა. თუმცა, თუ მას წასვლა ენდომება, მსურველები არ მოაკლდება და ისინი "სიტის" სოლიდურ ფინანსურ კომპენსაციასაც შესთავაზებენ.

არის კიდევ ერთი ვარიანტი, გვარდიოლამ სათამაშო სქემა უნდა შეცვალოს და ორი ფორვარდით ითამაშოს, მაგრამ პეპი ამას მხოლოდ აგუეროსთვის, ალბათ, არ გააკეთებს. გარდა ამისა, კულუარული ინფორმაციით, სერხიო პეპის სისტემაში ბოლომდე ვერ ჯდება.

28 წლის კუნს კი, როგორც ხედავთ, აშკარად არ ხიბლავს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა. ერთი სიტყვით, გვარდიოლა შესაძლოა, აგუეროს იმავეს უკეთებს, რაც ჯო ჰარტს გაუკეთა და სერხიოს თავიდანვე და პირდაპირ ვერ გაუბედა, თანაც, გაბრიელ ჟესუსის ჩამოსვლას დაელოდა. სხვათა შორის, "სიტიმ" უკვე უარყო მითქმა-მოთქმა არგენტინელის შესაძლო წასვლის შესახებ, მისი გაყიდვა ჩვენს გეგმებში არ შედისო.

ბრავოც ჩამოწერა
ისე, ჰარტის ხსენებაზე… ბოლო ორი მატჩია, კლაუდიო ბრავოც თადარიგშია, რომელმაც იდეაში, ჯო ჩაანაცვლა. გვარდიოლამ ისევ ვილი კაბალიეროსკენ გაიხედა და ამბობენ, პარალელურად ახალ მეკარეს ეძებსო….

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც პეპმა შემოგვთავაზა, ფერნანდინიოს მარჯვენა მცველად დაყენება გახლდათ. ბრაზილიელს იგი ძალიან ენდობა. ფერნანდინიო მართლაც მრავალმხრივი მოთამაშეა, მაგრამ ამ პოზიციაზე იგი თავს ბოლომდე კომფორტულად ვერ გრძნობდა. მან ერთხელ უხეში შეცდომაც დაუშვა და მერე იუხეშა.

სტატისტიკა
* "სიტის" "სუონსისთან" ზედიზედ 11 საშინაო მატჩი აქვს მოგებული. ამაზე დიდი სერია რომელიმე კლუბთან "ქალაქელებს" მხოლოდ ორჯერ ჰქონიათ - "ვულვზთან" (13), "გრიმსბისთან" (12).

* საინტერესოა, რომ "სუონსიმ" "სიტისთან" წინა სეზონშიც ბოლო წუთზე წააგო. გამარჯვების გოლი მაშინ კელეჩი იჰეანაჩომ შეაგდო.

* გილფი სიგურდსონს პრემიერლიგაში დებიუტი 2012 წლის იანვარში ჰქონდა. მას მერე ისლანდიელმა საჯარიმოს გარედან დარტყმებით 13 გოლი გაიტანა და ამ პერიოდში ამაზე მეტი გოლი საჯარიმოს გარედან დარტყმებით მხოლოდ იაია ტურემ შეაგდო - 16.

* ჟესუსის დარტყმა, რომელსაც მერე ბრაზილიელმა თავადვე დაამატა და გაიტანა, ორადორი ზუსტი დარტყმა იყო, რომელიც "ქალაქელებმა" "სუონსისთან" მატჩის მეორე ტაიმში შეასრულეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული